ედი სლიმანი მოდაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო, რთული ფიგურაა. ოთხმოცდაათიან წლებში მამაკაცის სამოსს ქმნიდა სან ლორანისთვის, ორიათასიანი წლების დასაწყისში დიორის მამაკაცის ახალი ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. შვიდი წლის შემდეგ ბრენდი დატოვა და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სან ლორანს შეუერთდა, თუმცა ამჯერად ქალის ხაზიც მან ჩაიბარა. 2016 წელს ბრენდთან დადებული ოთხწლიანი კონტრაქტი აღარ გააგრძელა და მოდაში ისევ შემოქმედებითი პაუზა აიღო. მთელი ამ წლების განმავლობაში ედი ინარჩუნებდა ფოტოგრაფიის მიმართ თავის ინტერესსაც და დიზაინის პარალელურად ამ საქმიანობითაც კავდებოდა. ახლა ის სელინის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. შეიძლება ითქვას, რომ მოდაში ედი სლიმანი „ჰაიპის“ ღმერთია.

გარდა იმისა, რომ მისი შემოქმედება უკვე ამდენი წელია განხილვის საგანია, აქტუალურობას არ კარგავს მისი პიროვნებაც. მისი ურთიერთობები სხვადასხვა გავლენიან ფიგურასთან, გარკვეული აკვიატებები და ზოგჯერ ზრდასრული პიროვნებისთვის შეუფერებელი, ბავშვური ქცევები მასზე სალაპარაკო მიზეზს ნამდვილად იძლევა.

ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი ახლა ცდილობს ყველაფერი მიიღოს, რაც მოესურვება. ჩრდილქვეშ იდგეს, ზედმეტ ურთიერთობებს თავიდან ირიდებდეს და მაინც ყურადღების ცენტრში იყოს. ეს ის დიზაინერია, რომელიც უარს ამბობდა ინტერვიუებზე, მაგრამ მაინც პატიჟებდა ჟურნალისტებს კულისებში პატივისცემისთვის. მიუღებელ შეფასებებზე კი თავისებური რეაქცია აქვს. 2003 წელს კრიტიკოსი ქეითი ჰორინი წერდა, რომ მოდა გენეტიკური ხაზი იყო. სტატია რაფ სიმონსის შესახებ იყო და შესაბამისად აღნიშნა, რომ ჰელმუტ ლენგის არარსებობის შემთხვევაში, არც რაფი იარსებებდა და პარალელი გაავლო, რომ ვერ შედგებოდა ედი, რომ არარსებულიყო წვრილი სილუეტები. ამ სტატიის შემდეგ ედი ქეითზე გაბრაზდა და აღარც თავის ჩვენებებზე მიუწვევია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში, რაფ სიმონსს და ედის ერთმანეთთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ხშირად ჩნდებოდნენ საზოგადოების თვალწინ ერთად, ერთმანეთთან ინტერვიუებსაც წერდნენ. ისიც იწერებოდა, რომ რაფს კლუბური ცხოვრება სწორედ ედიმ ასწავლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა გაუფუჭდათ, რაფი კლუბებში ფაქტობრივად აღარ ჩნდებოდა. უცნობია რა მოხდა, მაგრამ მათ შორის დაპირისპირებაზე მოწმობს სუზი მენქსის სტატიაც – „რინგი ჩემპიონებს შორის.“ აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის წამოწყებული კონფლიქტის დრო ქეითი ჰორინის სტატიის გამოქვეყნებას ემთხვევა. რაფს ქეითთან დღემდე განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა აქვს, კრიტიკოსი თავადაც აღნიშნავს, რომ დიზაინერებიდან ყველაზე ახლოს სწორედ რაფთანაა, ხოლო მის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ედი სლიმანია.

ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ ედის განსაკუთრებულ მიღწევებსაც. ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დიზაინერია, რომელსაც საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მამაკაცის სამოსის შექმნისთვის აქვს მიღებული.

Dior Homme by Hedi Slimane S/S 2002


ედის შემოქმედებამ კარლ ლაგერფელდს წონაში დაკლებისკენაც უბიძგა. ახალი საუკუნის დასაწყისში ედიმ ახალი გამხდარი სილუეტი დანერგა, სწორედ მისი “skinny”-ს დებიუტით აღფთოვანებულმა კარლმა 13 თვეში 40 კილო დაიკლო. 

V Magazine. “Karl Lagerfeld and Hedi Slimane Face to Face” Photographed by Karl Lagerfeld.


ედი სლიმანის თავისებურება 2007 ეიჩ&ემთან არშემდგარ თანამშრომლობაშიც გამოვლინდა. მიუხედავად, იმისა რომ ძალიან ბევრი დიდი დიზაინერი ქმნის ამ ბრენდთან თანამშრომლობით კოლექციებს, ედისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მიუღებელი იყო. როდესაც ინტერვიუში ჰკითხეს მათი თანამშრომლობის შესაძლებობაზე, უპასუხა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა და თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა:

„არ მომწონს რაღაცების არევა. უნდა იცოდე სად დგახარ, მე ვიცი სადაც ვდგავარ, მე ვეკუთვნი მაღალ მოდას, მე მომწონს საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ნაჭრები, საუკეთესო ყველაფერი, მე მოდის ყველაზე კრეატიულ სივრცეს ვეკუთვნი.” 


როცა ედი სან ლორანში დაბრუნდა, ცვლილებების დრო დადგა. სხვა დიზაინერების შემთხვევაში, სხვის ბრენდში ცვლილებები მხოლოდ კოლექციებში ვლინდება, მაგრამ ედი სხვა დიზაინერი არ არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ივის მემკვიდრეობას მისი ხედვა არ დაუჩრდილავს. პიერ ბერჟესაც სწორედ ეს უნდოდა, რომ ტომ ფორდის და სტეფანო პილატის შემდეგ, ბრენდისთვის კოლექციები ისეთ ვინმეს შეექმნა, ვინც ინდივიდუალიზმით იქნებოდა გამორჩეული და ამავდროულად დიდი ნიჭის პატრონი იქნებოდა. ის არ ეძებდა ივის მსგავსს, რადგან სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი მსგავსი არც არავინ იყო და არც იქნებოდა, არამედ სწორედ ედისნაირი ნამდვილი ხედვის მქონე ტალანტს, რომელიც უნდა მიეღოთ მისთვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თუ უარყოფითი თვისებით.

Hedi Slimane with Yves Saint Laurent and Pierre Bergé. Credits: Getty Images.

ედიმ ბრენდს სახელი შეუცვალა და მისი იქ ყოფნის პერიოდში ივ სან ლორანს ივი ჩამოაშორა და მას შემდეგ ბრენდი სან ლორანად იწოდებოდა. ამ ცვლილებას მოჰყვა ირონიული მაისურების შეკერვა, წარწერებით: “Ain’t Laurent Without Yves.” 300 მაისური პარიზის საკულტო მაღაზია კოლეტეში განთავსდა. 1 კვირაში მაღაზიის მფლობელი, სარა ანდელმანი WWD-ს დაუკავშირდა და საჯაროდ განაცხადა, რომ სლიმანის დიქტატურა ყველანაირ ზღვარს ცდებოდა. სარას თქმით, სან ლორანიდან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს მაისურების თაროებიდან გაქრობა. სარას უარის შემდეგ კოლეტეს 285,738 დოლარიანი შეკვეთა გაუუქმეს, ჩვენებიდან დაბლოკეს და სან ლორანის სამოსის ყიდვა აუკრძალეს. კოლეტეს სან ლორანში თითქმის 4 მილიონი დოლარი ჰქონდა დახარჯული. სარას თქმით, მაღაზიაში ირონიული მაისურები სხვა დიდ ბრენდებზეც იყო, მაგალითად სელინზე და კარლ ლაგერფელდზე, თუმცა არც ფიბი ფაილოს და არც კარლ ლაგერფელდს მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ.


მომდევნო ცვლილება სტუდიის სხვა ქალაქში გადატანა იყო. იმიტომ რომ პარიზის აურა მასზე კარგად არ მოქმედებდა და ამ ქალაქში მისი დაძაბულობაც მატულობდა, სან ლორანის სტუდია ლოს ანჯელესში გადაიტანა, სადაც თავს უფრო ბედნიერად და თავისუფლად გრძნობდა. 
დაახლოებით ამ პერიოდში ქეითი ჰორინი ედის ღამის კოშმარებში კვლავ ჩნდება. 

როცა ქეითმა დაწერა, რომ ედი სლიმანს სკოლის მოსწავლე ბიჭის საქციელები ახასიათებს და ეს ყველაფერში ვლინდება, თუნდაც ტვიტერზე პოსტებში, ედიმ ტვიტერის გამოყენება შეწყვიტა და ყველა ტვიტი წაშალა.

ედის სან ლორანიდან წასვლის შემდეგ ენტონი ვაკარელოს მოდის სახლში დებიუტზე ჰორინმა დაწერა სტატია ჰედლაინით: The Y Is Back in YSL. სტატიაში ჰორინი წერდა, რომ ვაკარელომ სან ლორანის ლოგო აღადგინა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ედიმ ტვიტერი აღადგინა და გამოაქვეყნა 22 პოსტი, რომლებიც მოწმობდა, რომ მას სან ლორანისთვის Y არ დაუკარგავს.

ედი ის დიზაინერია, რომელმაც კანიე უესტს სიმღერა „მე ღმერთი ვარ“ დააწერინა. ედიმ კანიეს სან ლორანის თავის პირველ ჩვენებაზე დასასწრებად ულტიმატუმი წაუყენა: მუსიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა მის სადებიუტო შოუზე დასწრებას თუ სხვა ჩვენებებზე აღარ მივიდოდა.


“სიმღერები ‘შავი სკინჰედი’ და ‘მე ღმერთი ვარ’ მას შემდეგ დავწერე, რაც ედი სლიმანმა სან ლორანის თავის პირველ ჩვენებაზე არ დამიშვა. მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა.. უნდოდა ჩემი მისვლა, თუმცა მითხრა, რომ ამის გარდა სხვა ჩვენებებზე მისვლას ვეღარ შევძლებდი. ერთი წამით მეთქი. რედაქტორებს არ ეუბნები, რომ ისინი შენს რომელიმე ჩვენებაზე დასწრებას ვერ შეძლებენ. მე შენი ბიჭი არ ვარ. ვერ გამაკონტროლებ. მერე სტუდიაში მივედი იმ პროდიუსერებთან შესახვედრად, რომლებმაც მისი ჩვენებისთვის შექმნეს მუსიკა. და ‘მე ღმერთი ვარ’ და ‘შავი სკინჰედი’ შევქმენი,” – იხსენებს კანიე.

როცა სხვა დიზაინერები მოდის სახლებს ტოვებენ, ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას მადლობის გადახდით ასრულებენ. ედიმ სან ლორანის დატოვებისასაც დაამტკიცა, რომ ის მხოლოდ საკუთარ წესებს ემორჩილება. მან სან ლორანს ორჯერ უჩივლა. ჯამში ყოფილი დამსაქმებლისგან სასამართლოს გზით 25 მილიონზე მეტი მიიღო.

Saint Laurent by Hedi Slimane Spring 2014

2018 წელს ედი სლიმანი მოდაში ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა სელინში და ბრენდს ოტ კუტიური, მამაკაცის ხაზი და სუნამოები დაამატა. რა თქმა უნდა, არც სახელი დარჩენია უყურადღებოდ. Céline-ს ერთსიტყვიან სახელსაც მოუძებნა ზედმეტი და Celine-ად აქცია.

Celine Menswear Campaign. Designer, Stylist & Photographer – Hedi Slimane.

თავიდან სელინისთვის შექმნილი კოლექციებით გვაფიქრებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავა, არც იმას აქვს აზრი, რა სახელი ეწერება ედის შექმნილი სამოსის იარლიყზე, მან ერთხელ უკვე ჩამოიყალიბა საკუთარი ხედვა, ესთეტიკა და მასზე რაც არ უნდა თქვან, მაინც არაფერს შეცლის. კრიტიკა კი მაშინაც არ დატოვა უპასუხოდ. უარყოფითი კომენტარების ავტორებს “ლატენტი ჰომოფობობა” დასწამა. არც იმ ადამიანების დამშვიდება დავიწყებია, რომლებიც “ძველ სელინს” მისტიროდნენ. ძველში კი ფიბი ფაილოს ბრენდისთვის შექმნილ კოლექციებს გულისხმობდნენ. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ედიმ სულგრძელობა გამოიჩინა და პოდიუმზე არა ტიპური სლიმანის კოლექცია, არამედ თავისი შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ძველი სელინი აჩვენა, რომელიც ფიბის შექმინილი სამოსის კი არა ბრენდის დამაარსებლის, სელინ ვიპიანას შემოქმედების ხელახალი ინტერპრეტაცია იყო.