მოდის დიზაინერებისთვის სხვა არტისტების შემოქმედება ინსპირაცია არაერთხელ გამხდარა. ხშირად ის ფარულია, მის შემჩნევას დაკვირვებული თვალი სჭირდება, ზოგჯერ კი იმდენად აშკარაა, რომ მასთან დაკავშირებით არავითარი ეჭვები აღარ ჩნდება.

ამ ინდუსტრიაში დასაქმებულმა შემოქმედებმა ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა, რომ ხელოვნების გენიალური, დროის განმსაზღვრელი ქმნილებები თავიანთ სხეულზე მოერგოთ. რამდენიმე შემთხვევა ამ იდეის დიდებულებაში აუცილებლად დაგვარწმუნებს: სალვადორ დალის და ელზა სკიაპარელის მრავალფეროვანი თანამშრომლობა მოდის და ხელოვნების ქორწინების შეუდარებელი მაგალითია, ივ სენ ლორანის პიტ მონდრიანის გავლენით შექმნილმა კაბებმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ფრანგულ მოდაში, ვერსაჩემ  შეძლო ენდი უორჰოლის ნამუშევრები თავის დიზაინთან ჰარმონიულად გაეერთიანებინა, ჟან პოლ გოტიემ კი მთელი თავისი კოლექცია მიუძღვნა ფრიდა კალოს შემოქმედებასა და პერსონას. სანამ კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითი მოგვაგონდება, მანამდე ერთზე ვკონცენტრირდეთ – დეტალზე Christian Dior-ის 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციიდან.

© Stallion

ჩვენებაზე იაპონიის კულტურული მემკვიდრეობა და დიორის მოდის სახლის კოდები ერთიანდებოდა. ბრენდის მაშინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ჯონ გალიანო მოხიბლული იყო Giacomo Puccini-ის 1904 წელს დადგმული საოპერო წარმოდგენით – Madama Butterfly. მან სწორედ თავისი შთაბეჭდილებების გადმოცემა დაისახა მიზნად. ოპერას საფუძვლად უდევს სიყვარულის ისტორია, რომელსაც ტრაგიკული დასასრული აქვს. როგორც გალიანო ამბობს, კოლექციაში ყველაფერი შთაგონებული იყო “Pinkerton-ის სასიყვარულო რომანით Cio-Cio San-თან, ქალბატონ პეპელასთან.” გალიანომ შოუზე საუცხოოდ მოახერხა იაპონური ტრადიციებისა და გეიშას გლამურის წარმოჩენა. დიზაინერის ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა ტალღა, რომელიც ერთხელ მაინც ყველას გვინახავს.

კაცუშიკა ჰოკუსაის (1760-1849) “კანაგვას დიდი ტალღა” საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ნამუშევარია. იაპონელი გრავიორისა და მხატვრის შედევრი დიორის 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მე-17 ლუქზე გვხვდება და შეგვიძლია გალიანოს “ამომავალი მზის ქვეყნის” მიმართ ობსესიის მორიგ გამოვლინებად მივიჩნიოთ.

© Pinterest

Christian Dior გაზაფხული/ზაფხული 2007 ოტ კუტიური