1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე Ann Demeulemeester-მა მაღალი მოდის პოდიუმზე კოლექცია ‘Corps Humain’ (ადამიანის სხეული) წარადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლომდე ფართო საზოგადოებისთვის პრეზენტაციაზე გადაღებული ფოტოების სრულად ხილვა შესაძლებელი არ იყო, სანამ ისინი Vogue Runway-ზე არ განთავსდა.

ვოგის პლატფორმაზე ფოტოების გამოქვეყნების პარალელურად, ‘In Vogue: The 1990s’ – პოდკასტების სერიის ფარგლებში ენის ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომელშიც ბელგიელმა დიზაინერმა 1997 წლის ოქტომბერში პარიზში ნაჩვენებ თავის ამ კოლექციაზე ისაუბრა.

Ann Demeulemeester Spring 1998 © Vogue Runway

ენი ანტვერპენის ლეგენდარული ექვსეულის ერთ-ერთი წევრია. მისი შემოქმედება პოეტურობით, სიღრმით, რომანტიულობით, ემოციურობით და, ამავდროულად, პრაქტიკულობით ხასიათდება. მან „Corps Humain“-ზე მუშაობა დადაიზმზე, მარსელ დიუშანზე ფიქრით დაიწყო. შემდეგ მისი გონება ალენ გინსბერგის პოემა Footnote to Howl – ზე გადაერთო, რომლის გამოყენებითაც პატი სმიტს სიმღერა – „Spell” ჰქონდა შექმნილი.

„მისი მოსმენა ერთგვარი მაგიური მომენტი იყო,“ – ამბობს დიზაინერი. „ეს პოემა ყველაფერს ეხება — მართლა ყველაფერს — რასაც holy გულისხმობს. სხეულის დადაისტურ იდეაზე უკვე ვმუშაობდი, შემდეგ ამ სიტყვის უეცარმა გამოჩენამ და ყველაფერმა, რაც მას ეხება, მთელი ჩემი სამუშაო მოიცვა.

Ann Demeulemeester Spring 1998 © Vogue Runway

ამ ჯაჭვმა მომხიბლა: ალენ გინსბერგი პოემას ქმნის, 20 წლის შემდეგ კი მას მსოფლიოს პატი სმიტი სთავაზობს. ვიფიქრე, მშვენიერი იქნებოდა თუ ამ ბმას გავაგრძელებდი და იმ მესიჯს წარვუდგენდი ჩემს აუდიტორიას, რომელმაც ასე გამიტაცა. შეყვარებული ვიყავი ამ პოემაზე.“

ჩვენება კირსტენ ოუენმა ენის შვილთან ერთად დახურა, რომლის მაისურზეც კოლექციის მთავარი იდეა, სიტყვა იკითებოდა – holy.

Tags :