ზოგჯერ შეიძლება მიმზიდველი ზიზღის მომგვრელი რამ გახდეს. რამდენადაც მშვენიერება კომპლექსური ცნებაა, მასზე არსებული წარმოდგენებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია. და როცა მას განვიხილავთ, ჩვენ ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ვისმენთ.
„სილამაზე შეიძლება ყველაზე უცნაური სივრცეებიდან მოდიოდეს, ყველაზე საზიზღარი ადგილებიდანაც კი,“ – ამბობდა ალექსანდრ მაკქუინი, რომელიც თავის ამ შეხედულებას საკუთარი შემოქმედებითვე გამოხატავდა.
1996 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მაკქუინმა თავისი ქმნილებით ადამიანებს თავი არაკომფორტულად აგრძნობინა, დიზაინი და ბუნება ერთმანეთს უჩვეულოდ დაუკავშირა და მათ წინაშე მშვენიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„ჩემს ყურადღებას უშნო რაღაცები უფრო იქცევს, რადგან ხალხი მახინჯი რამეების დაიგნორებისკენ არის მიდრეკილი.“
ალექსანდრ მაკქუინი
კოლექცია, სახელად „The Hunger” დიზაინერმა ოთხმოციანი წლების ფილმების – პოლ შრეიდერის Cat People-ის და ტონი სკოტის The Hunger-ის შთაგონებით შექმნა. რუთი დანანი, მაკქუინის მაშინდელი გუნდის წევრი იხსენებს, რომ იმ პერიოდში „ის შეპყრობილი იყო სიკვდილით–მას საკმაოდ რომანტიკულად თვლიდა–და გამუდმებით მატლებზე და ლპობის თემაზე ლაპარაკობდა.“
თავისი მორიგი გამომწვევი იდეის განსახორციელებლად, მაკქუინმა დაიქირავა მოდელი, რომლის სხეულზეც პერსპექსის ორი ფენისგან გამჭირვალე კორსეტი შექმნა. ჩვენების დაწყებამდე ორი სააათით ადრე, ის თევზებით მოვაჭრისგან შეძენილი მატლებით ამოავსო და პოდიუმზე დამსწრე აუდიტორიას წითელი სარჩულის მქონე ვერცხლისფერ პიჯაკთან და წითელ ტაფეტას ქვედაბოლოსთან ერთად წარუდგინა, რომელსაც გარშემო შონ ლინის შექმნილი ირმის რქების ფორმის ვერცხლის ნაკეთობა ჰქონდა შემორტყმული.

დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი მოძრავი მატლები უსიამოვნების განცდას ბადებდა და შემაძრწუნებელ სანახაობას ქმნიდა. დროთა განმავლობაში კორსერტში საციცოცხლო ციკლი წარიმართა და მატლების დატოვებული კვალი ერთგვარი ილუსტრაცია გახდა იმის, რითაც ალექსანდრ მაკქუნი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ასე იყო შეპყრობილი.