ამერიკული ვოგის 2020 წლის სექტემბრის ნომერში, მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანმა ადამიანებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ინდუსტრიის მომავალს, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. გთავაზობთ დემნა და გურამ გვასალიების კომენტარს, რომელიც მათ Vogue – ს სექტემბრის ნომერში გააკეთეს. ამჟამად, დემნა იკავებს ფრანგული მოდის სახლის, BALENCIAGA – ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობას, ხოლო გურამი ურბანული ბრენდის, VETEMENTS – ის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

L’Officiel USA


მოდა გახდა ისეთი ყოვლისმომცველი, აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ თითქოს ის გაიაფდა. პრე-კოლექცია იქ, კოლექცია აქ, შოუები ყველგან, კაპსულა კოლექციები, თითქოს მოდამ საკუთარ თავს მოუღო ბოლო. შექმნილი ვითარება გვაიძულებს ორჯერ დავფიქრდეთ, მანამ სანამ გაყიდვაში ჩავუშვებთ კოლექციას, რომლის ყიდვაც არავის უნდა, შემდეგ დავაკლებთ ფასს და დავაბინძურებთ პლანეტას. მხოლოდ კონფერენციებზე არ უნდა ვისაუბროთ გარემოს დაცვაზე – ეს პრაქტიკაშიც უნდა იყოს გამჯდარი. სხვანაირად არაფერი გამოვა. იქნებ ზოგი ნივთი არაა საჭირო რომ ყველგან და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, იქნებ, გლობალურის მაგივრად, უფრო ლოკალურზე ვიყოთ ორიენტირებული. თვითონ პროდუქტის მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ბრენდების უმეტესობა ახლა არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ჰუდიზე ლოგოებს პრინტავს. ეს ყველაფერი ძალიან 2015-ია. მოდა ამაზე დაფუძნებული ვერ იქნება – ჩვენ ბევრად მეტის შესაძლებლობა აქვს.

ბალენსიაგას ოტ კუტიური იანვრისთვის გადაიდო, რადგან ონლაინ ვერ შეძლებ ჩაატარო კუტიურის მორგებები. მაგრამ ვფიქრობ ახლა, საუკეთესო რამ, რაც შემიძლია გავაკეთო როგორც დიზაინერმა, არის ვიმუშაო კუტიურზე, რადგან მისი მასიურად წარმოება შეუძლებელია. იმის თქმა მინდა, რომ მოდამ ეს რაღაც დაკარგა, რაც ერთი შეხედვით გათქმევინებს – WOW, ეს შესანიშნავია. ინდუსტრიის მასიურობა კითხვისნიშნის ქვეშაა დასაყენებელი. შესაძლოა ახლა უფრო მნიშვნელოვანი მომენტია მოდაში ვიდრე New Look ან New Silhouette. – დემნა გვასალია.

wwd.com


მე არ მომწონს სიტყვა მოდა, ჩვენ მეტა-მოდას ვქმნით, ის სამოსზეა
ორიენტირებული. ჩვენ ვესაუბრებით ახალგაზრდა მომხმარებლებს, რომლებსაც შარვალ-კოსტიუმის ჩაცმა არ უნდათ. ეს ნაწილობრივ მუსიკაზეცაა დამოკიდებული – როდესაც რეპერებს უყურებ, ისინი შარვალ-კოსტიუმში არ არიან გამოწყობილი. უნდა ვაღიაროთ, რომ პროდუქტის კატეგორიები იცვლება. ყველას უნდოდა IT ჩანთა – გვყავდა კომპანიები, რომლების 10 წლის განმავლობაში ჩანთებს ყიდდნენ და სამოსი არც ერთხელ არ გაუყიდიათ. ჩვენი „IT ჩანთა“ ჰუდია, ან ჯერსი მაისური, ახლა ეს ალბათ უფრო რელევანტურია. ყველა ფანტაზიის გაყიდვას ცდილობს, მაგრამ ფანტაზიას კი არა – რეალობას უნდა ვყიდიდეთ. ყოველი პროდუქტის შექმნისას ვსვამთ კითხვას: გვჯერა თუ არა ამ პროდუქტის? ჩაიცმევს თუ არა ამას ვინმე? ეს რაღაც გრძნობას უნდა აჩენდეს, მაგალითად „wow!” ან „ეს რა სისულელეა!“. რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს არის ის, რომ ლაქშერი მოდა ფუფუნებაზე აღარ ფიქრობს. ერთადერთი ბრენდი, რომლისგანაც მსურს მაგალითის აღება ერმესია. მსურს, რომ ქუჩის სტილის ერმესი ვიყოთ. ერმესს აქვს Kelly ჩანთა – ჩვენ გვაქვს ჰუდი.

მომავალ წელს ვგეგმავთ ახალი ბრენდების დაარსებას ვეტმან გრუპში რათა დავეხმაროთ ახალგაზრდა ტალანტებს თავიანთი ხმების პოვნაში. ამასთან, ვაპირებთ გაყიდვებზე მუშაობას, არა მხოლოდ ჩვენი ბრენდის, არამედ რამდენიმე სხვა ბრენდისაც. ფიზიკური მაღაზიები ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია. ინდუსტრია მოძველებულია – მისი დამოკიდებულებითა და შეხედულებებით. თხუთმეტი წლის შემდეგ დიდი კონგლომერატები აღარ იფუნქციონირებენ ისე, როგორც დღეს – მათ ალბათ გუგლი ან ამაზონი იყიდის. თქვენ გამომცემლობა ხართ, თუმცა არსებობს ინსტაგრამი, ახლა კი ტიკტოკიც. ერთმანეთთან და საკუთარ თავთან გულწრფელები უნდა ვიყოთ. მოდას შეუძლია გააგრძელოს ხმაურის გამოწვევა და საქმის კეთება არაგულწრფელი გზებით თუმცა გრძელვადიანი გათვლებით ეს კარგი სტრატეგია არ არის. მოდის მომავალი სიმართლეზე და გამჭვირვალობაზე უნდა იყოს აგებული!- გურამ გვასალია