Balenciaga-ს 51-ე ოტ კუტიურ ჩვენება შავი სილუეტებით გაიხსნა – შენიღბულმა, დისტოპიურმა სხეულებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს თეთრად მოწყობილ სივრცეში დამსწრე საზოგადოებას შორის გადაადგილება, თითქოს ისინი მომავლიდან ყოფილიყვნენ. მათ ნეოფრენის გამოყენებით შექმნილი სამოსი ეცვათ, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ფრანგული მოდის სახლი წარსულში დაბრუნებით მოხვდა აწმყოში, რადგან ეს მასალა თანამედროვე ალტერნატივაა ქსოვილისა, რომლის გამოგონებაც კრისტობალ ბალენსიაგას სახელს უკავშირდება. 

1958 წელს ტექსტილის მწარმოებელი კომპანია „აბრაჰამის“ ქსოვილის დიზაინერმა გუსტავ ზუმსტეგმა კრისტობალისთვის შექმნა ქსოვილი, რომელიც გაზარის სახელით გახდა ცნობილი. ეს იყო სკულპტურული აბრეშუმი, რომლის გამოყენებითაც კუტიურიეს შეეძლო მოცულობითი ტანისამოსის ფორმა შეენარჩუნებინა. Balenciaga-ს ამჟამინდელი კრეატიული დირექტორისთვის, დემნასთვის, კირქვაზე დაფუძნებული იაპონური ნეოფრენი თავის მეორე ოტ კუტიურ კოლექციაში სწორედ გაზარის ახლებური ინტერპრეტაცია იყო.

„ამ წელს გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი უფრო მეტად გამომეხატა და მეპოვა, ასე ვთქვათ, ახალი მომავალი, ხომ გესმით?“ – აღნიშნა დემნამ პრეზენტაციის შემდეგ. „ამიტომ გაიხსნა ჩვენება ამ არაამქვეყნიური, თითქმის ფუტურისტული ნეოფრენის ლუქებით, რაც ჩემს წარმოდგენას განასახიერებდა 2022 წლის გაზარზე.“

კოლექციაში დემნას ხედვით ახლებურად იყო წარმოჩენილი მოდის სახლის კოდები, ამასთანავე, შემოთავაზებული იყო იდეები, რომლებიც დღევანდელობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მათ შორის – მასალის ხელახლა გამოყენება. კოლექციის 25%-ზე მეტი შექმნილი იყო ძველის გამოყენებით. ტყავის ქამრებით დამზადდა კაბა, თრენჩის ქამრებით – ოვერსაიზ თრენჩი, მოდელ ჯულია ნობისის ყელზე ვიხილეთ ყელსაბამად გარდაქმნილი ანტიკური მაჯის საათი.

ქართველმა დიზაინერმა თავის გუნდთან ერთად ასევე იმუშავა ოტ კუტიურისთვის არატრადიციულ დენიმზე, ჰუდებსა თუ მაისურებზე, რომლებიც ალუმინის მეშვეობით თითქოს ჰაერის დიდი ნაკადის მიწოლისას მოძრაობაში გაშეშებულიყო.

ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენდა ჩანთები, რომლებიც Bang & Olufsen-თან კოლაბორაციის შედეგია. ისინი დამატებით სპიკერების ფუნქციასაც ასრულებს.

ოტ კუტიურის პრინციპების შესაბამისად, ყველაფერი უდიდესი ოსტატობით იყო შესრულებული – ჯინსები დაფარული იყო ათასობით გიშრის მძივით; ტვიდი ისე ბრწყინავდა, როგორც ბრილიანტები; 250 მ. ტიულის ქსოვილი და 25 სახის კილიტითა და მძივით მოსაქარგად, მათ შორის 70,000 კრისტალით, 80,000 ვერცხლის ფოთლით და 200,000 ბზინით, 7,500 საათიანი ქარგვის პროცესი გახდა საჭირო ბოლოს წარმოდგენილი თეთრი მასიური კაბის შესაქმნელად.

შოუს განსკაკუთრებით ემოციური ასპექტი იყო დასაწყისში ფრანგულ ენაზე გაჟღერებული პოემა. ემოციას კიდევ უფრო ამძაფრებდა საუნდტრეკი, რომელზეც დემნას ქმარმა ლოიკ გომეზმა (მუსიკალურ სცენაზე ცნობილი სახელით – BFRND) და თანამედროვე კომპოზიტორმა გუსტავ რუდმან რამბალიმ ერთობლივად იმუშავეს და ორკესტრთან ერთად ბუდაპეშტში ჩაწერეს.

„Je t’aime“ (სიყვარული ფრანგულად) მაყურებელს არაერთხელ მოესმა. ეს იყო დემნას სასიყვარული პოემა, რომელიც ლოიკს მიუძღვნა, ასევე გამოხატული დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. „ჩემთვის je t’aime ამ ენაში ყველაზე ლამაზი სიტყვაა,“ – განაცხადა მან. „მივხვდი, რომ კუტიური ერთადერთი რამ არის რისი კეთებაც მიყვარს. მინდოდა ეს ვერბალურად გამომეხატა, რასაც ხშირად არ ვაკეთებ. მეთქვა, რომ მიყვარს ეს საქმე და ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ ვაჩვენე ის, რაც ნახეთ. ის ასევე იყო სასიყვარულო წერილი გაგზავნილი იმ პიროვნების მისამართით, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.“

ჩვენების ჩანაწერი