ნახევარ საუკუნეზე მეტია დევიდ ბეილი მინიმალისტურად, ძირითადად შავ-თეთრ ფერებში აღბეჭდავს იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. ის ორმოცდაათიანი წლებიდან ემსახურება ფოტოგრაფიის ხელოვნებას. არაერთი რევოლუციური მომენტის და მნიშვნელოვანი პიროვნების გადამღები ბეილი 81 წლის ასაკში თავის მორიგ წიგნს უშვებს, რომელსაც Taschen შეზღუდული რაოდენობით გამოსცემს. The David Bailey SUMO-ს 3000 კოპის შეძენა ფოტოგრაფის ხელმოწერით 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
ამ სიახლესთან დაკავშირებით ვოგმა ფოტოგრაფთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ორმოცდაათიანი წლების შემდეგ მოდის ინდუსტრიის სახე არაერთხელ და მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ დევიდი თვლის, რომ მოდის ფოტოგრაფია თითქმის ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. „ფოტოგრაფია დიდად არა, მაგრამ ჟურნალები შეიცვალა. მახსოვს, როდესაც Sunset Boulevard-ში ნორმა დესმონდმა თქვა, „მე დიდი ვარ; ეს ფოტოები დაპატარავდა.“ ასეა ჟურნალებთან დაკავშირებითაც,“ – ამბობს ბეილი. „ყოველთვის ერთი სახის სურათს ვიღებდი–ეს მარტივია. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა–ეს ჟურნალები პატარავდება!“
დევიდის ობიექტივში არაერთი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა, „ბითლზის“ წევრებით და ენდი უორჰოლით დაწყებული, ალექსანდრ მაკქუინით და დედოფალი ელისაბედით დამთავრებული. მაგრამ ფოტოზე მხოლოდ ცნობადი სახის ყოფნა მისთვის საკმარისი არ არის. „კარგი ფოტო ცოტა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მასზე გამოსახული ცნობილი პიროვნება,“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. „რაც რთულია–ეს ფოტოები თვითონ ფოტოების გამო შევარჩიე და არა უბრალოდ მათზე აღბეჭდილი ადამიანის სახელის გამო. გულწრფელად რომ ვთქვა, მირჩევნია ისეთი ვინმე გადავიღო, ვისაც ხალხი არ იცნობს, რადგან ასეთ შემთხვევაში სურათი უფრო საინტერესოა.“
პორტრეტები დევიდის შემოქმედების მთავარი საგანია, რის მეზეზადაც ის სისადავის მიმართ თავის მიდრეკილებას ასახელებს: „არ შემიძლია, როდესაც ფონზე ბევრი რამ ხდება. სისადავე. ქეით მოსს ფონად პალმის ხე არ სჭირდება. მოაშორე ყველაფერი, სანამ მხოლოდ პიროვნება არ დაგრჩება.“
რაც შეეხება მისთვის შავ-თეთრი ფოტოების უპირატესობას, მათში დევიდს ის მისტიკა იზიდავს, რომელიც ფერად ფოტოებს არ ახასიათებს. „ფერად სურათებში თითქმის მთელ ყურადღებას ფერები იპყრობს. ფოტომდე ფერს ხედავ,“ – ამბობს ის. „შავ-თეთრის შემთხვევაში პირდაპირ სურათს ამჩნევ. წინა ღამეს შავ-თეთრ ფილმ „რებეკას“ ვუყურებდი, რომელიც მისტიკის საოცარ განცდას ბადებდა.“
მისი მოღვაწეობა რიჩარდ ავედონთან და ირვინ პენთან ერთად იწყება, გადის მრავალი წელი და ციფრულ ერაში ინაცვლებს, თუმცა მისთვის ფოტოგრაფია ისევ ფირს ეყრდნობა.
„ფოტოგრაფია ფირია. ყოველთვის. ციფრული აპარატი ფოტოგრაფია არ არის, არამედ კომპიუტერია, რომელსაც წინ ობიექტივი აქვს მიმაგრებული. ყველა საუკეთესო ფოტოგრაფი ისევ ფირს იყენებს. მაგალითად, ბრუს ვებერი, ჩემთვის კი ის საუკეთესოა. არსებობენ ფოტოგრაფები და არიან ციფრული ფოტოგრაფები. ისინი, ვინც ციფრულ კამერას იყენებენ არ არიან ფოტოგრაფები–ისინი უფრო სამხატვრო ხელმძღვანელები არიან. ციფრულ ფოტოგრაფებს უნდათ მორჩნენ და არ ადარდებთ რაც არის. ფიქრობენ, რომ სამუშაოს შესრულება დასრულებაა, რაც ასე არ არის. გადაღების შემდეგ წყვეტენ რა არის კარგი, როცა მე მაშინ უნდა გადავწყვიტო რა არის კარგი, სანამ გადავიღებ. ციფრული ფოტოგრაფები ათასობით ფოტოს იღებენ და შემდეგ ამუშავებენ. მიეცით კამერა შიმპანზეს და ისიც გადაიღებს ციფრულ სურათებს.“
დევიდ ბეილი
სესილ ბიტონი, მიკ ჯაგერი, ქეით მოსი, ჯინ შრიმპტონი და ენდი უორჰოლი არიან ის ადმიანები, რომლებიც დევიდს განსაკუთრებით ბევრჯერ გადაუღია. ენდისთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი ობიექტივში მოქცევა კვამლის გადაღებას ჰგავდა. „იღებ ფოტოს და შემდეგ [ენდი] ქრება,“ – განმარტავს ბეილი. „დამკვირვებლის როლში ყოფნა უფრო მოსწონდა, ვიდრე დაკვირვების საგნად ყოფნა.“
თვლის, რომ მნიშვნელოვნად არც მოდელები შეცვლილან. „ჩემი აზრით, ისტორიაში ორი საუკეთესო მოდელი ჯინ შრიმპტონი და ქეით მოსია. არაფერი შეცვლილა, მართლა; მოდელები უბრალოდ გოგოები არიან, რომლებიც ყველას მოსწონს,“ – განაცხადა დევიდმა. “ყველას მოსწონს ჯინი და ქეითი, არ აქვს მნიშვნელობა ფსიქიატრი იქნება თუ ძაღლის ბრიდერი. ქეითი და ჯინი ყველასთვის მიმზიდველები არიან. როცა საქმე მოდელებს ეხება, აუდიტორია წყვეტს და არა ფოტოგრაფი თუ ვინ არის საუკეთესო.“
ბეილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პიროვნება, რომელიც უნდა აღბეჭდოს ნიჭიერი იყოს და არა უბრალოდ გარეგნობასთან დაკავშირებული გარკვეული მახასიათებლით ცნობილი.
„ამ წიგნში წარმოდგენილ ყველა ადამიანს რაღაცისთვის აქვს მიღწეული. ყველანი წარმატებულები არიან. თითოეული მათგანი გარკვეულ ტალანტს ფლობს. მირჩევნია ტალანტს ვიღებდე, ვიდრე ვიღაცას, ვინც უბრალოდ ლამაზია ან ცნობილი იმის გამო, რომ დიდი საჯდომი აქვს.“