1975 წელს, როდესაც ჰელმუტ ნიუტონმა თავისი ცნობილი შავ-თეთრი ფოტო გადაიღო, ახალგაზრდა ანდროგენული გარეგნობის ქალი ივ სენ ლორანის სმოკინგში, რომელსაც გვერდს მდედრობითი სქესის შიშველი მოდელი უმშვენებს, მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი განაცხადი გაკეთდა ისეთ თემაზე, როგორიცაა გენდერული კოდები სოციუმსა და მოდაში. ეს არ იყო მოდის ფოტოგრაფია, რომელიც მხოლოდ დიზაინერის მიერ შექმნილი მშვენიერი კოლექციის აღბეჭდვას ემსახურებოდა, არამედ კომენტარი საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სოციუმისთვის და მასში არსებული ინდივიდებისათვის.   ოფიციალურად, მოდის ფოტოგრაფიის ისტორია ჯერ კიდევ  1800-იანი წლებიდან იწყება, თუმცა იმ სახით, როგორსაც დღეს მას ჩვენ ვიცნობთ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩამოყალიბდა, რაც რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად შემოქმედებითი აზროვნების თავისუფლებასაც უკავშირდება. სწორედ კრეატიული აზროვნების თავისუფლება, რომელსაც ახალი თაობის ფოტოგრაფები წარმოაჩენენ, გვარწმუნებს იმაში, რომ წინ საინტერესო ათწლეულები გველის.

ახლა, ისე, როგორც არასდროს, ფოტოგრაფიაში ვხედავთ ახალ სახეებს, რომლებიც ჯერ მხოლოდ 5-10 წელია, რაც გამოჩნდნენ, თუმცა უკვე შექმნეს ძლიერი და თვალსაჩინო ხედვა. ერთ-ერთი მათგანია ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი, დავით გიორგაძე, რომლის სახელსაც უკვე არაერთი საერთაშორისო პროექტი უკავშირდება.  გასულ 5 წელში, ქართულმა მოდამ ძალიან დიდი გზა უმოკლეს დროში განვლო. სწორედ ამ მნიშვნელოვანი მომენტის ერთ-ერთი აღსანიშნი ფიგურაა გიორგაძე, რომლისთვისაც, როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფია და ვიზუალური ხელოვნება ყოველთვის საინტერესო იყო.  

„ნაწილობრივ შეიძლება ითქვას კი, ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ვიზუალური ხელოვნება და დაკვირვება, ყველაფერი, რაც ყოველდღიურად გვხვდება და ჩვენს საჭიროებაში და მოხმარებაშია. პირველად დოკუმენტური ფოტოგრაფიით დავიწყე, პარალელურად ფერწერა და სკულპტურა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. რაღაც ეტაპზე ძალიან დავინტერესდი ზოგადად იმიჯით და კონკრეტულად მოდის ფოტოგრაფიით“, ამბობს გიორგაძე ჩვენთან ინტერვიუში.

მოდაზე საუბრისას, ხშირად მოისმენთ, რომ ეს არის სფერო, რომელიც აფასებს ინდივიდუალიზმს და პიროვნების განსხვავებულობას ისე, როგორც არც ერთი სხვა ინდუსტრია. ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე საკუთარი თავის პოვნა და შემდეგ, შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა. სწორედ გულწრფელობას და საკუთარი თავის, ინდივიდუალიზმის შენარჩუნებას ასახელებს ახალგაზრდა ფოტოგრაფი ყველაზე დიდ გამოწვევად, რომელთან გამკლავებაც კარიერის დასაწყისში უწევდა.

როგორც ფოტოგრაფს, ისე ნებისმიერ სხვა კრეატიულ ადამიანს, სჭირდება სიღრმისეულად გაიაზროს და გაითავისოს საკუთარი ფესვები, სანამ თავის ხედვას მსოფლიოს გაუზიარებს. კითხვაზე, თუ რა გავლენა იქონია საქართველოში გატარებულმა წლებმა მასზე, გიორგაძე გვპასუხობს: „საქართველოში გაზრდამ და ჩამოყალიბებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია, ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდე იმ ადგილს საიდანაც ხარ. საკუთარი წარმომავლობის შესწავლა არსებითია. მოგზაურობის დაწყებამდე ვცდილობდი საქართველო მაქსიმალურად გამეცნო.  დაკვირვებაში და გაანალიზებაში ძალიან დამეხმარა საქართველოში მოგზაურობა.  რამხელა მრავალფეროვენება შეიძლება იყოს შენს გარშემო“.

2019 წელს დავითი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა. “დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით” – ვკითხულობდით ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე – “მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტივებს, აძლევს ხმას და ხილვადობას ანიჭებს პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია”. ასე გაიცნო ჩვენმა მკითხველმა ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი, თუმცა როგორც თავად გვეუბნება, მისი პირველი დიდი საერთაშორისო წარმატება მოდის სახლ SAINT LAURENT-ს უკავშირდება: „სავარაუდოდ, პირველი დიდი საერთაშორისო პროექტი იყო SAINT LAURENT-თან მუშაობა, პარიზში. რთულია თქმა საიდან დაიწყო…მაგრამ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი “exposure““.

რამდენადაც საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, იმდენად დაძაბული, სწრაფი და რადიკალური ცვლილებების მომსწრე ვხდებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ათწლეულების განმავლობაში ნორმად ქცეულ შეხედულებებს და სტანდარტებს. ჯერ-ჯერობით, ისევ კამათობენ იმის შესახებ, თუ რა არის მოდის ფოტოგრაფია – თვითგამოხატვის საშუალება, ისტორიების თხრობა რეალურ ადამიანებზე და მოვლენებზე, თუ ვიზუალური ხელოვნება, რომელიც საოცნებო სამყაროს გვიხატავს? ამ კითხვაზე დავითის პასუხი ასეთია:

„მოდის ფოტოგრაფია არის შესაძლებლობა, რომელსაც აქვს ყველანაირი გამოხატვის საშუალება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო იმ პროდუქტის, ან პერსონაჟის შესახებ რასაც დოკუმენტირებას ვუკეთებთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის და იმის ცოდნა,თუ რა გაქვს სათქმელი, როგორც ინდივიდუალს, ამ თემაზე. უბრალოდ ლამაზი ფოტო, ან ტექნიკურად გამართული კადრი არ არის მოდის ფოტოგრაფია, რადგან მხოლოდ ტექნიკური ცოდნა ფოტოს უფრო დეკორატიულ და ნაკლებად რელევანტურს ხდის.“

ცხადია, რომ გიორგაძის მიდგომა ამართლებს, რადგან დღეს მისი სახელი დაკავშირებულია არაერთ ცნობილ ჟურნალთან და ბრენდთან, მათ შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდი – Burberry. დავითმა ბარბერისთვის უკვე რამდენიმე სარეკლამო კამპანია გადაიღო, მის ობიექტივში ვხედავთ ბრენდის კრეატიული დირექტორის, რიკარდო ტიშის მუზებს. ბუნებრივია, დავინტერესდით, როგორ დაიწყო რიკარდო ტიშის და ქართველი ფოტოგრაფის კოლაბორაცია. 

„ბარბერისთან და რიკარდო ტიშისთან მუშაობა პირველად ნიუ-იორკში, მეტ გალაზე დაიწყო ( The Met Gala -ს 2019 წლის თემა გახლდათ: “Notes on Camp”) შემდეგ, ძალიან ბევრ სხვა პროექტებზე მოგვიწია მუშაობა, რაც საკმაოდ მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. მარტივად გავუგეთ ერთმანეთს და ყველაფერი საკმაოდ ორგანულად მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე იდეალური გამოხატვის საშუალებაა, როდესაც კრეატიული ურთიერთგაგება და პატივისცემა ერთდროულად ხორციელდება“, აღნიშნავს დავითი.

კრეატიული ურთიერთგაგება, პატივისცემა და მხარდაჭერა ახლა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის უხილავ მტერს, რომელმაც მსოფლიო წესრიგი და მათ შორის მოდის ინდუსტრიაც თავდაყირა დააყენა. COVID 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ყოველდღიური ყოფა, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი ოცნებები და მიზნები. ინტერვიუს დასასრულს, ბანალურ, თუმცა შეუცვლელ კითხვაზე, რას ურჩევდა ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა, ამ რთულ დროს იწყებენ ყველაფერს ნულიდან, გიორგაძე გვპასუხობს: „იოცნებე მნიშვნელოვან და დიდ მიზნებზე. თუნდაც მაშინ, როდესაც შენს მსგავს მაგალითებს გარშემო ვერ ხედავ, თავად შექმენი ის, ან იკითხე, ეს ყოველთვის დაგეხმარება“.