ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოდაში ‘It’ ჩანთის ფენომენი გაჩნდა. როგორც Vogue-მ ერთხელ განმარტა, ეს არის “ტოტემური აქსესესუარი, რომელიც აცხადებს, რომ შენ იმ ყველაფრის მფლობელი ხარ, რაც მსოფლიოში სასურველია.” ყველას სმენია ერმესის Birkin-ის, შანელის 2.55-ის თუ დიორის Lady Dior-ის შესახებ – ესენი სწორედ ის ჩანთებია, რომლებიც ქალებს მუდმივად სურთ. განსაკუთრებით მოთხოვნად ჩანთებს შორის ასევე ვხვდებით გუჩის Jackie-ს, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს.
ჩანთის დიზაინი პირველად გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შეიქმნა. იმ დროისთვის მის სახელწოდებას “Constance” წარმოადგენდა და განკუთვნილი იყო როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.
1961 წელს, როდესაც ამ ჩანთით ჟაკლინ “ჯეკი” კენედი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა, ის მალევე გაჰიტდა. აშშ-ს პირველი ლედის საპატივცემულოდ, აქსესუარს თავდაპირველი სახელი “Jackie”-ით შეუცვალეს.



Jackie 1999 წელს ტომ ფორდმა თავისი ხედვით განაახლა, 2009 წელს კი ფრიდა ჯანინიმ შექმნა მისი ახალი ვერსია. ათი წლის შემდეგ, 2019 წელს ბრენდის მორიგმა კრეატიულმა დირექტორმა გადადგა იგივე ნაბიჯი.
პირველ hobo ჩანთად მიჩნეული ეს აქსესუარი აქტუალურობას კვლავ ინარჩუნებს და ‘It’ ჩანთების რიგებში საპატიო ადგილს იკავებს. ამჯერად გუჩის მოდის სახლი მის სხვადასხვა ვარიაციებს ალესანდრო მიკელეს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით უშვებს და თავის მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

