გიორგი ქებურიამ საკუთარი ბრენდი 10 წლის წინ შექმნა და თავისი სადებიუტო კოლექციით, თბილისის მოდის კვირეულზე, საუკეთესო ახალბედას ჯილდო მოიგო. მას შემდეგ, თვითნასწავლი დიზაინერის კარიერა შეუჩერებლად ვითარდება. დღეს გიორგი ქართული მოდის ერთ-ერთი ლიდერია. ქებურიას კოლექციები ერთნაირად საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო აუდოტირიისთვის.
გასული ათწლეული გიორგისთვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ ქებურიას აღმავლობა 2020-იანებშიც გაგრძელდება, თუმცა სანამ მის მომდევნო ნამუშევრებს ვიხილავთ, დავინტერესდით თავად რომელი საერთაშორისო დიზაინერების კოლექციებს გამოარჩევდა გასული 10 წლიდან.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული
Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com
გიორგი ქებურიას TOP 5 კოლექცია გასულ ათწლეულში:
„ზოგადად მარკ ჯეიქობსი ძალიან დიდი შოუმენია, განსაკუთრებით, ლუი ვიტონის ჩვენებებს გამოვყოფდი. რა არ გაუკეთებია ,თითქმის 3 დეკადის მანძილზე, მაგრამ მარკის ამ ჩვენებას განსაკუთრებულად ველოდებოდი. მახსოვს, თვეები ვფიქრობდი რას გააკეთებდა, რადგან ლუი ვიტონთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, მისი პირველი ჩვენება უნდა ყოფილიყო. ამერიკელი დიზაინერისთვის ფრანგული და ყველაზე გავლენიანი მოდის სახლიდან წამოსვლა ძალიან დიდი დარტყმა უნდა ყოფილიყო. თითქმის ყველა სტატია მახსოვს, რაც მაშინ იწერებოდა და ყველა მათგანი იმეორებდა ზემოთხსენებულს. მახსოვს ჩვენებას ლაივში ველოდებოდი და რომ დაიწყო, მივხვდი, რომ მარკის საუკეთესო კოლექციას არ ვუყურებდი, მაგრამ მესმოდა Jessica Lange-ის მონოტონური “Happy days are here again” ტექსტი, რაც მგონია ძალიან დიდი რიტუალი იყო საქმის გაგრძელებისთვის, ბრძოლისთვის და არა უბრალოდ მარკ ჯეიქობსის მორიგი ჩვენება“.
მარკ ჯეიკობსი შემოდგომა/ზამთარი 2014 – Vogue -ზე სრულად Marc Jacobs F/W 2014
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: მარკ ჯეიკობსი.
„ჯილ სანდერის 2012/13 რაფ საიმონსის ბოლო ჩვენება. მინიმალიზმი დიზაინში, ლაბადების ჭრის მანერა, მოკრძალებული სიშიშვლე და საუნდტრეკები. ბოლო მოდელების გამოსვლაზე Kinga Rajzak ტიროდა (სამწუხაროდ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ეგ მომენტი დარედაქტირებულია). არ მთავრდებოდა ტაში რაფის მიმართ, გეგონება პუბლიკა ბისზე გამოსვლას თხოვდა“.
ჯილ სანდერი შემოდგომა/ზამთარი 2012 – Vogue -ზე სრულად Jil Sander F/W 2012
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: რაფ სიმონსი.
„ვფიქრობდი რომელი ამერჩია, რაფის სადებიუტო კუტიური, თუ მომდევნო ზაფხული 2013 დიორისთვის და საბოლოოდ, მაინც ამ ჩვენების დრამატიზმმა გადამწონა. ქორეოგრაფია, ქასთინგი, სეტ დიზაინი, თმა, მაკიაჟი, მუსიკალური გაფორმება, დიორის საკულტო ნოტები, შესრულებული ისე, რომ რაფის ხელწერა იცნობოდეს ფერებში და ფორმებში. ჩემთვის ქმნის მოდის ტრილერს, რომელიც სამოთხეში ვითარდება და „ჰეფი ენდით“ სრულდება“.
დიორი (Couture) გაზაფხული/ზაფხული 2013 – Vogue -ზე სრულად Dior HC S/S 2013
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: რაფ სიმონსი.
„ჩვენებას ლაივში ველოდებოდი და რომ დავინახე სტუმრები ფეხზე იდგნენ, “Wow!So Cool!” ჩვენების დასრულების შემდეგ, ყველა გამოცემა იწერებოდა, რომ ნახევარი საათით ადრე, „ბენჩები” ჩაიმტვრა და ბალენსიაგამ გადაწყვიტა ფეხზე დგომა ყოფილიყო. ამ ჩვენების ყურება არადროს მბეზრდება, არ მეგონა თუ ნიკოლა ჟესქიერს, რაფ სიმონსის მამაკაცის ხაზივით, ფეხზე დგომა ესე მოუხდებოდა. ქორეოგრაფია, ქასთინგი, სთაილინგი, დიზაინი, ქსოვილები, თარგები, მკერვალობა, მორგება (Fitting) კრისტობალ ბალენსიაგას ქუდების „რიმეიქი”, ეს ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნოდ საშიში იყო“.
ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 2012 – Vogue -ზე სრულად Balenciaga S/S 2012
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ნიკოლა ჟესქიერი.
„ნიკოლა ჟესქიერის ძალიან ბევრ ჩვენებას შორის მომიწია არჩევანის გაკეთება, ძირითადად მაინც ბალენსიაგას ეპოქას ვგულისხმობ. თუნდაც მის მიერ შექმნილი ლუი ვიტონი, ჩემთვის თითქმის ყოველთვის ფავორიტია. მისი ესთეტიკა ყოველთვის უსწრებს დროს. დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა (ჩემთვის) რომელ ჩვენებას ჩავსვამდი პირველ ადგილას, უბრალოდ დროსთან მიმართებაში F/W 10/11-ზე შევჩერდი. ჩემთვის მის ბალენსიაგას ეპოქას დრო არ გააჩნია, მითუმეტეს, როცა ამ ყველაფერთან ერთად პიერ ჰარდის ფეხსაცმელებია“.
ბალენსიაგა შემოდგომა/ზამთარი 2010 – Vogue -ზე სრულად Balenciaga F/W 2010
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ნიკოლა ჟესქიერი.