ჟივანშიში, ოტ კუტიურის და ბრენდის დამფუძნებლის ესთეტიკის გაცოცხლების 3 წლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ისევ ცვლილებების დრო დგება. ფრანგულმა მოდის სახლმა ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად ამერიკელი დიზაინერი, მეთიუ უილიამსი დაასახელა. მეთიუ ბრიტანელ დიზაინერს, კლერ უაით კელერს შეცვლის. კელერმა ჟივანშისთვის თავისი ბოლო კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ფარგლებში 1 მარტს წარადგინა. მეთიუს დებიუტს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე უნდა ველოდოთ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე, ოქტომბერში იგეგმება. ჟივანშის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უილიამსი ბრენდის ტანსაცმლის და აქსესუარების ყველა (ქალის, მამაკაცის, ოტ კუტიური) ხაზს უხელმძღვანელებს.
დღეს გახმაურებულ სიახლეს წინ სანდო წყაროებისგან გაჟღერებული ჭორები უძღოდა. მოდის ინდუსტრია მეთიუს, როგორც ჟივანშის ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელს, ჯერ კიდევ 2 თვის წინ მოიაზრებდა, როდესაც კელერმა ბრენდი დატოვა. ამერიკელი იმ დიზაინერების კატეგორიას ეკუთვნის, რომლებაც ყურადღება გასულ ათწლეულში მიიქციეს. 2010-იანები მოდისთვის გარდამავალი დეკადა აღმოჩნდა. ეს ის 10 წელი იყო, რომელშიც რეალობის ფასი ოცნების გაუფასურების ხარჯზე გაიზარდა. ქუჩამ, რომელშიც შეულამაზებელი სინამდვილე იყო მაღალი მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა, იქ, სადაც დიდი ადგილი მშვენიერ ილუზიას ეკავა ალტერნატიულ რეალობაზე. გამოჩნდნენ ახალი დიზაინერები, რომლებიც მოდის ბიზნესში დამოუკიდებელი ბრენდებით და უხეში, უკომპრომისო დამოკიდებულებით შემოიჭრნენ. მათთის მნიშვნელობა არ ჰქონდა მაღალი მოდის მაღალ სტანდარტებს, მათი ოტ კუტიური იყო შავი ჰუდი თეთრი წარწერით.

უილიამსის განვლილი კარიერა ტრადიციული სცენარით არ განვითარებულა. ის არ არის დიზაინერი, რომელმაც პარსონში, მარტინსში, ანტვერპენში, ან რომელიმე სხვა პრესტიჟულ დიზაინ სკოლაში ისწავლა, შემდეგ ცნობილ ბრენდში 15 წელი გაატარა და ახლა ძალებს ხელმძღვანელის ამპლუაში ცდის. 35 წლის ასაკში, მის პორტფოლიოში, ვხედავთ გავლენიან ახალგაზრდა ბრენდს, ალიქსს, რომელიც 2015 წელს დააარსა და ცნობილ კოლაბორაციებს, როგორც არტისტებთან, აგრეთვე სპორტულ კომპანიებთან. მისი სახელი ძლიერ არის დაკავშირებული კანიე უესტთან და ლედი გაგასთან. სწორედ მათთან მუშაობით მეთიუმ მოიპოვა პოპულარობა და შეიძინა საჭირო კონტაქტები მოდაში კარიერის შესაქმნელად.
2016 წელს, ამერიკელი ჟივანშის მფლობელი კომპანიის, რომელიც მოდაში ყველაზე მსხვილი კონგლომერატიც გახლავთ, LVMH – ის კონკურსის ფინალისტი გახდა. ახალბედებისთვის LVMH Prize კარიერული წინსვლის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. კონკურსის ფინალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ხმა და ნამუშევრები ისეთ ბრენდებს მიაწვდინონ, როგორებიც არიან: დიორი, ლუი ვიტონი, სელინი, ჟივანში და ა.შ. LVMH – ის სიდნი ტოლედანოს თქმით, მეთიუს კონკურსიდან ადევნებს თვალს და მოსწონს როგორ ჩამოყალიბდა ნიჭიერ დიზაინერად. ცხადია, ფრანგულ კონგლომერატში ახალ სახეებს მუდმივად აკვირდებიან, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც მოდაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ დიზაინერის ნიჭის გათვალისწინებით არ იღებენ და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი.
თანამედროვე მოდა და მყიდველი ხანმოკლე ტრენდებს მიჰყვება, კლიენტების ლოიალურობა გაქრა, ხოლო კუტიური კვდება. პროდუქტის არჩევანი უზარმაზარია, კლიენტებს კი ის უნდათ, რაც ყველაზე რელევანტური და მომენტს მორგებულია, რასაც სოციალურ ქსელში ატვირთავენ და მოწონებას დაიმსახურებენ. ამის ფონზე, ყველა ბრენდი, რომლის ძლიერი მხარე ოტ კუტიურია, ცდილობს თანამედროვეობა და კუტიურ ისტორია დააბალანსოს. კლერ უაით კელერმა ბალანსის შენარჩუნება ვერ შეძლო და სწორედ ამან გამოიწვია ჟივანშის კომერციული უკუსვლა. ბრენდმა რიკარდოს „მილენიალი“ მყიდველები დაკარგა, რადგან მათთვის გასული საუკუნის 50-იანების სილუეტები, ჭრები და ფორმები უინტერესოა, ისინი ბიონსეს Formation -ს უსმენენ. ახალი კლიენტების შეძენაც გართულდა. როგორც უკვე ითქვა, პროდუქტის არჩევანი უზარმაზარია და ოტ კუტიური კვდება.

თანამედროვე მოდაში მილიარდიანი ბრენდის ფინანსური სტაბილურობის გარანტი ლამაზი ნაჭრებით შეკერილი და ძვირფასი თვლებით მორთული კაბა არ არის, არამედ – აქსესუარები და სპორტული ფეხსაცმელები. რეალობა და კლერის ჟივანში თანხვედრაში არ იყო და 3 წელი საკმარისი აღმოჩნდა ამის დასანახად.
ისეთი დიზაინერის აყვანით, რომელსაც მყიდველი ჰიტ – პროდუქტებს, ქუჩის სტილს, თანამედროვე კულტურას და მის აქტუალურ არტისტებს უკავშირებს, ჟივანში უფრო უახლოვდება რიკარდო ტიშის ძალიან წარმატებულ 12 წელს. მიზანიც ეს უნდა იყოს, ბრენდმა დაიბრუნოს მყიდველი, რომელიც ტიშის წასვლით დაკარგა.