თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანები ცხოველებით აღარ იმოსებოდნენ. უახლესი მიღწევები ტექსტილის დამუშავებაში ყალბ ბეწვს და ტყავს თითქმის ნამდვილის იდენტურს ხდის. მეტიც,  ხელოვნური ბეწვით თუ ტყავით შექმნილ ნაწარმს თავისი უპირატესობებიც აქვს, მათ შორისაა მდგრადობა და ყოველგვარი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ასე რომ გასამართლებელი მიზეზი იმისა, რომ ცხოველები ადამიანების თვითშეფასების ასამაღლებელი საჭიროებებისთვის აწამონ და მოკლან აღარ არსებობს.

არასაკმარისი ინფორმაციის ქონა და რეალობისგან შორს ყოფნაც თავისთავად აჩენდა ფუფუნებასთან დაკავშირებული უმაღლესი კატეგორიისთვის განკუთვნილი ბუნებრივი ბეწვისა და ტყავის პროდუქტის მოთხოვნილებას. მომხმარებლები ნაკლებად ინტერესდებოდნენ რა გზას გადიოდა ის საბოლოო სახის მისაღებად. ბოლო წლების განმავლობაში ცხოველების დამცველების დამსახურებით შესაძლებელი გახდა იმის გაგება თუ როგორ იქმნება ის აქსესუარები თუ ტანსაცმელი, რომელიც ამდენი ადამიანისთვის ასეთი საოცნებოა. მაგალითად, 2015 წელს პეტას გამოძიებით გაირკვა, რომ სანამ იმ ნიანგებს მოკლავდნენ, რომლებიც ერმესის ჩანთებისთვის გამოიყენებოდნენ, მათ ჯერ მარილიან წყალში ამყოფებდნენ, ბნელ, ნესტიან ადგილას, სადაც ვერც მზის სხივი და ვერც სუფთა ჰაერი აღწევდა. გაუსაძლის პირობებში აჩერებდნენ მათგან სასურველი ეგზოტიკური ტყავის მისაღებად. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გამოძიების გამოაშკარავების შემდეგ რეპტილიის ტყავზე მოთხოვნა ოცდაათ პროცენტზე მეტით შემცირდა.

ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებულმა პროტესტმა, რომლის სამიზნეც კონკრეტული ბრენდები ხდებოდნენ, შედეგი გამოიღო. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, საზოგადოების შეხედულებების ცვლილებაც თავისთავად მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე. მაგრამ როცა ერთი დიდი მოთამაშე  ლოგიკურ ნაბიჯს დგამს, მას როგორც წესი სხვებიც მიჰყვებიან. ბუნებრივი ბეწვის აკრძალვის დადებითი ტენდენცია 2018 წელსაც გაგრძელდა და კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო ისეთი მოდის ბრენდების დამსახურებით, როგორებიცაა:

ვერსაჩე

დონატელა ვერსაჩეს განცხადებით, არ სურს მოდის შესაქმნელად ცხოველები მოკლას. ამას არასწორად მიიჩნევს და ამიტომაც აღარ გამოიყენებს ახალ კოლექციებში ნატურალურ ბეწვს.

დონა კარანი

ტენდენციას მიჰყვა დონა კარანიც, შესაბამისად ბუნებრივი ბეწვი აღარ შეგვხვდება ამავე სახელობის ბრენდსა და დიქეიენუაის კოლექციებში.

ბარბერი

რიკარდო ტიშის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ თომას ბარბერის დაარსებულ კომპანიაში მთელი რიგი ცვლილებები ხანხორციელდა, მათ შორის აღნიშნული პოზიტიური გადაწყვეტილებაც მიიღეს.

2018 წელს უპრეცედენტო შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც ლონდონის მოდის კვირეული პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ძირითად მოდის კვირეულებს შორის, რომელზეც მთლიანად იყო ბუნებრივი ბეწვის გამოყენება აკრძალული.

ჯონ გალიანო მარჯიელასთვის

ჯონ გალიანო ჟივანშის და დიორის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელია, ახლა კი მარჯიელას მოდის სახლისთვის ქმნის კოლექციებს. ჯონის გადაწყვეტილებით თავისი მომდევნო კოლექციები ეთიკურ სტანდარტებზე იდგება. მისივე თქმით, ბეწვი ფუფუნებასთან ადრინდელივით აღარ ასოციერდება და ახლა ფუფუნებას აუთენტურობა და ნოვატორობა წარმოადგენს.

დაიან ვონ ფურშტენბერგი

ეს კიდევ ერთი სახელია, რომლისთვისაც ნატურალური ბეწვის გამოყენება მისაღები აღარ არის. კომპანია ასევე უარს ამბობს ანგორას, მოჰერის და ეგზოტიკური ტყავის პროდუქტისთვის გამოყენებაზე. დაიანის თქმით, ის ძალიან აღელვებულია ტექნოლოგიის იმ დონეზე განვითარებით, რომ ხელოვნურ ბეწვშიც შეიძლება ისევე გლამურულად იგრძნო თავი, როგორც ბუნებრივის ტარებისას.

ჟან პოლ გოტიე

ფრანგი დიზაინერი მიიჩნევს, რომ ცხოველების დახოცვა თავიანთი ბეწვისთვის, რომელიც მოდაში უნდა გამოიყენონ გაუმართლებელია, ამიტომ თავადაც აღარ აპირებს ასე მოქცევას.

შანელი

როცა ისეთი დიდი სახელი, როგორც შანელია იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, სახეზე ნამდვილი პოზიტიური ცვლილება გვაქვს. საკულტო მოდის სახლის კოლექციებში ნიანგის, გველის, ხვლიკის და სხვა ცხოველების ეგზოტიკური ტყავი და ბუნებრივი ბეწვი აღარ იქნება გამოყენებული. კომპანიის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

მაშინ როცა ერმესი, ქერინგი და ელვიემეიჩი ცხოველთა საკუთარ ფერმებს თუ ტყავის მომწოდებელთა ფირმებში დიდ წილს ფლობენ, შანელისთვის ბევრად რთულია ისეთი ტყავის მოპოვება, რომელიც ბრენდის ხარისხს და ღირსებებს შეესაბამება. მოდის სახლს განსხვავებული სტრატეგია აქვს არჩეული, რომლის მიხედვითაც ტყავის მომწოდებლებზე კონტროლს ვერ ახორციელებს. თუმცა, თუნდაც ერმესთან შედარებით შანელს გაცილებით ნაკლები შემოსავალი შესდიოდა ეგზოტიკური ტყავით შექმნილი პროდუქციით, ბეწვი კი კოლექციებში ისედაც ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენებოდა.

ტყავის ერთ-ერთი მიმწოდებელი ორგანიზაციის მმართველი ხელმძღვანელის, ენრიკო ქიესას თქმით, ის ბრენდები, რომლებიც ეგზოტიკურ ტყავს არ იყენებდნენ, განაცხადებენ მასზე უარის თქმის თაობაზე, რათა საზოგადოების სიმპატია მოიპოვონ. ხოლო ის ბრენდები, რომლებსაც მასში დიდი ფული და ძალისხმევა აქვთ ჩადებული და ამავდროულად კარგად არიან მასში გათვიცნობიერებულები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, რომელთა შორისაც ის ერმესს და გუჩის ასახელებს.

იმ მნიშვნელოვანი მაღალი მოდის ბრენდების არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც ბოლო წლებში ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადეს: ჯორჯო არმანი, გუჩი, მაიკლ კორსი, ლაკოსტი, კელვინ კლაინი, ქოაჩი, ვერსაჩე, დონა კარანი, ბარბერი, ჯონ გალიანოს მარჯიელა, დაიან ვონ ფურშტენბერგი, ჟან პოლ გოტიე, მარკ ჯეიკობსი, ტომ ფორდი.