ბალენსიაგას და ნიკოლა ჟესქიერის 15 წლიანი ფენომენალური თანამშრომლობა იწყება მაშინ, როცა ოდესღაც ბრწყინვალე კუტიურ ბრენდი აღარავის ახსოვს, ახალგაზრდა დიზაინერი კი თავის სფეროში ჯერ არაფერს წარმოადგენს.
გოლფის მოთამაშეების ოჯახში დაბადებულმა ნიკოლამ 18 წლის ასაკში გადაწყვიტა კოლეჯში წასვლის მაგივრად პარიზში ჩასულიყო და მოდის ინდუსტრიაში დაეწყო მუშაობა. მრავალი ფილმისთვის ნაცნობი სცენარის მსგავსად, მის ჯიბეშიც მაშინ მხოლოდ 500 დოლარი იყო და სხვა ქალაქში თავდაჯერებულმა დაიწყო თავისი მიზნების განხორციელება.
პირველი სამსახური მას ჟან პოლ გოტიემ მისცა, რომლის ასისტენტადაც რამდენიმე წელი იმუშავა. შემდეგ ნიკოლა მოდაში შტატგარეშედ საქმიანობდა. მიცუკოშის მაღაზიებისთვის სააბაზანოს პირსახოცებს ქმნიდა, სამხრეთ ამერიკის ბაზრისთვის – ტყავის აქსესუარებს, მალე კი ის ბალენსიაგამდე მივიდა და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 1998 © Vogue Runway
კომპანიაში არსებულ თავისუფალ პოზიციაზე მან პიერ ჰარდისგან შეიტყო – თავისი ყოფილი შეყვარებულისგან და ფეხსაცმლის ცნობილი დიზაიენერისგან – და მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები აფრთხილებდნენ თუ რამდენად უიმედო მდგომარეობაში იყო მაშინ ბრენდი, რომ იქ წასვლა არ ღირდა, ნიკოლამ შანსი ხელიდან მაინც არ გაუშვა. ჟესქიერი 22 წლის იყო, როდესაც იაპონური ლიცენზიის ქვეშ ბრენდისთვის საქორწინო და სამგლოვიარო კაბების შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
იმ პერიოდში ბალენსიაგას შემოქმედებითად ჯოზეფუს ტიმისტერი ხელმძღვანელობდა, რომელთან დაკავშირებითაც ბოლო სიახლე გასულ წელს გავრცელდა – დეპრესიასთან ხანგრძლივი უშედეგო ბრძოლის შემდეგ დიზაინერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას შემდეგ, რაც 1997 წელს ჯოზეფუსი სამსახურიდან გაანთავისუფლეს, გავრცელდა ხმები, რომ ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად ჰელმუტ ლენგი უნდა დაენიშნათ. ნიკოლა ოცნებობდა ჰელმუტის ასისტენტობაზე, მაგრამ საბოლოოდ მისი ეს აუხდენელი ოცნება უფრო დაუჯერებელ ამბად იქცა. ბალენსიაგას და ლენგს შორის თანამშრომლობა არ შედგა და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შექმნა კომპანიაში დასაქმებული ახალგაზრდა, უცნობი, თვითნასწავლი დიზაინერისთვის, ნიკოლა ჟესქიერისთვის, მიენდო.
ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 1998 © Vogue Runway
ეს გადაწყვეტილება ახალი ერის დასაწყისი იყო და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ბრენდს. შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლა გასული ორი ათწლეულის ყველაზე გავლენიანი დიზაინერია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენდა და კვლავ ახდენს სხვა დიზაინერების შემოქმედებაზე.
„მეშინოდა, რადგან ბალენსიაგა ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ საკუთარი თავის რწმენა უნდა მქონოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, თუ მე მომცეს ეს სამსახური, თუ მე ამირჩიეს, ესეიგი მათ ჩემი ხედვა აინტერესებთ. დღესაც ასე ვარ. ყურადღებას ვაქცევ რას ამბობენ სხვები, მაგრამ ჩემი აზრი ჩემთვის გადამწყვეტია, რადგან მათ ჩემი ხედვა სჭირდებათ.“
ნიკოლა ჟესქიერი

ფოტოგრაფი: მარკ ალესკი
ბალენსიაგაში ნიკოლა არ განიხილებოდა, როგორც ბრენდის ხანგრძლივი შემოქმედებითი ხელმძღვანელი. კომპანიას უბრალოდ დროებით სჭირდებოდა ვიღაც, ვინც რაღაცას შექმნიდა, სანამ ამ თანამდებობისთვის შესაფერის კანდიდატს მოძებნიდნენ. მაგრამ, როგორც ჟექსიერის სადებიუტო კოლექციის ჩვენების შემდეგ აღმოჩნდა, შესაფერისი კანდიდატი უკვე იკავებდა ამ თანამდებობას.
თავისი პირველი კოლექციით ნიკოლამ კრისტობალ ბალენსიაგას მემკვიდრეობა და ოთხმოცდაათიან წლებში გავრცელებული ჰელმუტ ლენგისთვის თუ ჯილ სანდერისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი ერთმანეთს შეუთავსა. 1997 წელს მთლიანად შავ ფერში გადაწყვეტილი მშვიდი, მოკრძალებული კოლექცია, რომელსაც მივიწყებული ბრენდის სახელის ქვეშ შექმნიდი, ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ იმ დროის კრეატიული გენიოსების შემოქმედების ფონზე ყურადღების მიპყრობა შეძლებოდა. 51 ლუქად წარმოდგენილი დრამატული მინიმალიზმით ბალენსიაგას მოდის სახლის რენესანსი დაიწყო.
„ბალენსიაგას უკიდურესად რელიგიური გზით მივუდექი: ძალიან შავი და მონასტრული გავხადე, მკვეთრი ხაზები შევქმენი.“
ნიკოლა ჟესქიერი
ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 1998 © Vogue Runway
რამდენიმე წლის შემდეგ მის კართან ყველა მნიშვნელოვანი კონგლომერატი რიგში ჩადგა, პრესამ გააღმერთა, კარლ ლაგერფელდი შანელის და ბალენსიაგას დროის ისევ დაბრუნებისთვის მზადყოფნაზე უგზავნიდა შეტყობინებას, „თაიმი“ კი ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ახვედრებდა და წერდა, რომ მან ჩვენზე ადრე იცოდა თუ რას ჩავიცვამდით. ბოლოს, მისმა ფოტომ „ვოგში“ ანა ვინტურის მაგიდაც დაამშვენა.
2020 წელს ნიკოლა მწვერვალზე დგას და ლუი ვიტონში ანვითარებს თავის ფუტურისტულ შემოქმედებას. მაგრამ ის, რასაც ჟესქიერისგან ყველა ველით, საკუთარი ბრენდის შექმნაა, რომელიც სხვის კომპანიაში მუშაობისთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან, კოდებისგან თავისუფალ მის ნამდვილ ხედვას წარმოაჩენს.
ბალენსიაგა გაზაფხული/ზაფხული 1998 – ჩვენების ჩანაწერი;