ბაზ ლურმანის ფილმის, “ელვისის” პრემიერა 24 მაისს კანის კინოფესტივალის ფარგლებში იგეგმება, ფილმში ვიხილავთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ტომ ჰენკსი და მეგი ჯილენჰოლი, ხოლო ელვისის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმის კოსტიუმებზე მიუჩია პრადამ იმუშავა, ოსკაროსან კოსტიუმების დიზაინერთან კეტრინ მარტინთან ერთად. კოლაბორაციაზე მინიშნება 2 მაისს გამართულ მეტ გალაზე ვიხილეთ. წითელ ხალიჩაზე “ელვისის” ქასთი პრადას სამოსით გამოჩნდა. პრადა ეცვა ქანთრი მომღერალს ქეისი მასგრეივსაც, რომელმაც ელვისის ლეგენდარული სინგლის “Can’t Help Falling in Love” ქავერი ჩაწერა და რომელიც ფილმის მთავარი საუნდტრეკი იქნება.

“ფილმის მთავარი ფოკუსი ელვისის და პრისცილას ლეგენდარული სიყვარულის ისტორიაა. პრისცილას ჩაცმის სტილმა, ვარცხნილობებმა და მაკიაჟმა წაუშლელი კვალი დატოვა ჩვენს კულტურაზე.” განაცხადა კეტრინ მარტინმა. “აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ბაზისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი სამოსი პირდაპირ არ დაგვეკოპირებინა, არამედ თანამედროვე პერსპექტივიდან შეგვექმნა კოსტიუმები, რომლებიც მაყურებელს დააკავშირებდა მის პერსონასთან და ისტორიულ სტილთან. ჩემთვის და ბაზისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო მიუჩიასთან კიდევ ერთხელ მუშაობა.” კეტრინმა ასევე აღნიშნა, რომ კოსტიუმებზე მუშაობისას ის და მიუჩია პრადასა და მიუ მიუს არქივებს დაუბრუნდნენ, სადაც კეტრინმა იპოვა “კავშირი პრესლების სტილთან”.

“ელვისი” ბაზის მესამე ფილმია, რომლის კოსტიუმებზეც კეტრინმა და მიუჩიამ იმუშავეს. პირველი ფილმი 1996 წლის “რომეო და ჯულიეტა” იყო, კლეირ დეინსისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით, ხოლო მეორე “დიდი გეთსბის” 2013 წლის ეკრანიზაციაა. ორივე ფილმის კოსტიუმებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს პერსონაჟებისა და საერთო ისტორიის გადმოცემაში. ეს კიდევ ერთხელ აღვივებს ინტერესს ახალი ფილმის მიმართ და ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებს მიუჩია პრადას შესაძლებლობას შემოგვთავაზოს ვინტაჟური სტილის ძალიან საინტერესო და რელევანტური თანამედროვე ინტერპრეტაცია.