უკრაინის პირველი ლედის ბოლოდროინდელ საჯარო აქტივობებს საერთაშორისო პრესა ინტერესით აშუქებს. ოლენა ზელენსკა ყველა პლატფორმას იყენებს უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად, მათ შორის არის მოდაც. „ოლენა გრძნობებს მიჰყვება, ის ყველაფერს გულით აკეთებს. თავიდან მისთვის ეს როლი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ახლა ის ძალიან ძლიერია, ნამდვილი პირველი ლედია. ამ ომმა მისი და ვოლოდიმირ ზელენსკის ნამდვილი სახე გვაჩვენა. ისინი დარჩნენ უკრაინისთვის, ისინი იბრძვიან უკრაინისთვის,“- ამბობს ზელენსკას სტილისტი ნატალია კამენსკა Women’s Wear Daily-სთან ახალ ინტერვიუში.

ოლენა ზელენსკა / სტილისტი: ნატალია კამენსკა

გასული ერთი წელია, ოლენას ჩაცმის სტილსა და იმიჯზე სწორედ კამენსკა ზრუნავს. ომის დაწყების შემდეგ, ნატალია პირველი ლედის მთლიან გუნდთან ერთად კიევში დარჩა. კიევში ფუნქციონირებს ნატალიას “Lifestyle” ბრენდიც – Gunia. „ომის დაწყებამდეც ოლენა უკრაინელი დიზაინერების ელჩი იყო. ის ეხმარებოდა ადგილობრივ დიზაინერებს თავისი სტილით და ლაპარაკობდა მათი ნიჭიერების შესახებ.“ ცოტა ხნის წინ, ვოგის ამერიკულმა გამოცემამ სპეციალური ნომერი გაავრცელა, რომელსაც სწორედ უკრაინის პირველი ლედი ამშვენებს. დადებით გამოხმაურებასთან ერთად, საზოგადოების ნაწილმა ვოგის ფოტოსესია და ინტერვიუ უადგილოდ მიიჩნია. დაისვა არაერთი კითხვა, მათ შორის – „არის თუ არა მოდის დრო ომში?“

Vogue – ოლენა ზელენსკა / ფოტოგრაფი: ენი ლეიბოვიცი.

 „რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ომზე სალაპარაკოდ, ხელოვნება, მოდა, პოლიტიკა.“ – ამბობს კამენსკა.

„ომის გარდა, ჩვენ ეკონომიკა გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. Gunia აგრძელებს მუშაობას, უკრაინელი დიზაინერები აგრძელებენ მუშაობას და ცდილობენ გადარჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ შევწყვეტთ ხელოვნებაზე და მოდაზე ლაპარაკს, რა უნდა ვაკეთოთ? დავხუროთ ბრენდები და აღარ გავცეთ ხელფასები?“

ნატალიას თქმით, უკრაინა უკვე დიდი ხანია ზეწოლას განიცდის: “ჩვენ ყოველთვის გვქონდა ბრძოლა საკუთარი იდენტობისთვის, კულტურისთვის და ტრადიციებისთვის. ეს ბრძოლა მხოლოდ ახლა არ მიმდინარეობს. ჩვენ ვგრძნობდით წნეხს. ჩვენი კულტურა უცნობი იყო, ტრადიციები უმნიშვნელო, თითქოს ერი არ ვართ.  თუ დავტოვებთ, უკრაინა რუსეთი გახდება და ჩვენ დავიღუპებით. ახლა ჩვენთვის ისტორიული მომენტია, რომ დავრჩეთ და ვიბრძოლოთ ჩვენი არსებობისთვის, როგორც უკრაინელი ერი.“