ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სანამ მსოფლიო და განსაკუთრებით მოდის ინდუსტრია უდიდეს დანაკლისს გლოვობს, გადავხედოთ არაჩვეულებრივი დიზაინერისა და აქტივისტის კარიერას.

ვივიენ ისაბელ სვაიერი 1941 წელს, თინთვისლში, ინგლისში დაიბადა. მისი პროფესიული კარიერა დაწყებითი კლასების მასწავლებლობით დაიწყო. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 21 წლის ვივიენი სკოლაში სწავლების პარალელურად სამკაულებს ხელით ქმნიდა და პორტობელო როუდზე მდებარე პატარა მაღაზიაში ყიდდა. 1962 წელს, მან თავისი პირველი მეუღლე, დერეკ ვესტვუდი გაიცნო. მათ იმავე წელს იქორწინეს. სულ რაღაც 3 წელიწადში, ვივიენი მალკოლმ მაკლარენს შეხვდა და მისი ქორწინება დერეკ ვესტვუდთან მალევე დაინგრა. მაკლარენთან შეხვედრა ვივიენისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მალკოლმ მაკლარენი, ბრიტანელი იმპრესარიო, არტისტი და მუსიკოსი, მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პანკ ბენდის, Sex Pistols-ის მენეჯერი გახდა. მალკოლმა და ვივიენმა მოდაში გზის გაკვალვა ერთად დაიწყეს და თავდაპირველად ჩელსიში ვინტაჟური სამოსის მაღაზია – ”Let It Rock” გახსნეს. მაღაზიაში ვივიენი თავის შეკერილ სამოსსაც ყიდდა, რომლის ინსპირაცია როკი და მაკლარენის პროვოკაციული იდეები იყო. ხელნაკეთი მაისურები ანარქისტული სლოგანებით და “bondage” შარვლები ლონდონში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რამაც ვივიენს ნელ-ნელა სახელი გაუთქვა.

მაღაზიის სახელი რამდენჯერმე გადაკეთდა, თუმცა ყველაზე ცნობილი სახელი მას 1974 წელს დაერქვა – “SEX”. ვესტვუდი და მაკლარენი წლების განმავლობაში იყვნენ საქმიანი პარტნიორები, თუმცა ვივიენს საკუთარი ბრენდის დაარსება ჰქონდა გადაწყვეტილი. 1970-იანი წლებში, ის და მალკოლმი დამოუკიდებლად წარადგენდნენ კოლექციებს, სეზონების, მოდის კვირეულებისა და სხვა მოდური ინსტიტუციების გარეთ. ამავე დეკადაში, Sex Pistols-ის წარმატება ყოველი სინგლის გამოსვლასთან ერთად იზრდებოდა. სწორედ აღნიშნულ ბენდთან ერთად, ვივიენისა და მალკოლმის დახმარებით, დაიბადა ახალი სუბკულტურა, რომელსაც პანკ როკი ეწოდა.

1977 წელს ბენდის სინგლი “God Save The Queen” ბრიტანული მუსიკალური რეიტინგების სათავეში მოექცა და პანკ როკს არნახული წარმატება და უამრავი მიმდევარი გაუჩნდა. ლონდონში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობდა ვივიენსა და მის მაღაზიაზე. ამავე წელს, მაღაზიას ახალი ერის დასაწყისის აღსანიშნად “Seditionaries” დაარქვეს.

1981 წელს, ვივიენმა და მალკოლმმა პოდიუმზე პირველად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები, კოლექცია სახელად “Pirates” მოდაში ახალი სიტყვა იყო. ამასთან, გამოიკვეთა ვივიენის ინტერესი ისტორიულ კოსტიუმსა და კორსეტებში. ამის შემდეგ, ვესტვუდმა მუშაობა დამოუკიდებლად განაგრძო და 1985 წელს საკუთარ კარიერაში გარდამტეხი კოლექცია ”Mini-Crini” შექმნა.

1980-იანებისთვის დამახასიათებელი მასკულინური სილუეტებისა და უზარმაზარი მხრების მაგივრად, ვივიენმა მოდელებს მე-17 საუკუნის კაბებითა და კორსეტებით შთაგონებული სამოსი ჩააცვა.

მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეების შთაგონება ვივიენს მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვა, თუმცა მისი ინტერესი პანკ როკსა და “bondage” ელემენტებში არასდროს გამქრალა. სწორედ ამ უჩვეულო სტილების სინთეზით დაიბადა მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი, პროვოკაციული და გამორჩეული ფიგურა.

ვივიენის გავლენა უსწრაფესად გაიზარდა და უკვე 1992 წელს, მან, მოდაში გაწეული ღვაწლისთვის, ბრიტანეთის იმპერიის ორდერი მიიღო (OBE). ორდერის მიღების შემდეგ, დიზაინერმა ფოტოგრაფების წინ პოზირებისას “გაამხილა”, რომ საცვლები არ ეცვა. როგორც ბუკინგემის სასახლის შიდა წყაროებმა აღნიშნეს, დედოფალი ამ ფაქტმა საკმაოდ გაამხიარულა. “ჩემი მიზანი ფოტოგრაფების წინ სამოსის ჩვენება იყო, არ მეგონა, რომ ისინი პრაქტიკულად მუხლებზე დაჩოქილები გადამიღებდნენ ფოტოებს. თუმცა სადღაც გავიგონე, რომ დედოფალმა ეს ფრიად სახალისოდ ჩათვალა,” – აღნიშნა ვივიენმა მოგვიანებით. 2006 წელს ვივიენის წოდება OBE-დან DBE-ზე აამაღლეს.

1990-იან წლებში ვივიენმა ესთეტიკა კვლავ შეიცვალა, მან ჩაუყარა საფუძველი ანგლომანიას და ტარტარის პოპულარიზაციას. 1993 წელს, დიზაინერმა ავსტრიელ მოდის სტუდენტზე, ანდრეას კრონტჰალერზე იქორწინა. წყვილი ერთად ვივიენის გარდაცვალებამდე იყო. ისევე, როგორც მაკლარენთან, ვივიენმა ანდრეასთანაც შესანიშნავი პროფესიულ-პარტნიორული ურთიერთობა ააწყო.

ვივიენის ჩვენებები სუპერმოდელების ერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებითაა სავსე, მაგალითად, როდესაც ნაომი ქემბელი 27 საინტიმეტრიანი ქუსლებით გამოვიდა და წაიქცა, ან როდესაც ქეით მოსი მარია ანტუანეტას მაკიაჟით პოდიუმზე ზედა სამოსის გარეშე ნაყინის ჭამით გამოვიდა.

ვივიენის კარიერაში აქტივიზმსაც უდიდესი ადგილი ეკავა. ის ერთ-ერთი პირველი აქტივისტი დიზაინერი იყო და ადრეული კარიერიდან მოყოლებული იყენებდა საკუთარ პლატფორმასა და პოდიუმს პოლიტიკური მესიჯებისთვის. საკითხები, რომელთა მიმართაც მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა იყო კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და სიტყვის თავისუფლება.