კორონავირუსით გამოწვეული მძიმე კრიზისის დროსაც, მოდის ინდუსტრიამ თავის გავლენიან ფიგურებს შორის პირადი ურთიერთდაპირისპირების საფუძველზე აგორებულ სკანდალს გვერდი ვერ აუარა. აპრილში, დეილიმაილმა, ექსკლუზიურად მოიპოვა ფრაგმენტები ვოგის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ანდრე ლეონ ტალის ახალი წიგნიდან – „შიფონის თრენჩები“. გამოცემის მოპოვებულ აბზაცში, ვოგის მთავარ რედაქტორზე და ქონდე ნასტის შემოქმედებით ხელმძღვანელზე, ანა ვინტურზე ვკითხულობთ:
„იმედი მაქვს გამოსავალს მოძებნის მომიბოდიშოს, სანამ მოვკვდები, ან თუ გარდაცვალებამდე უნარწართმეული საწოლს მივეჯაჭვე, ჩამომიჯდება, ხელს ჩამჭიდებს და მეტყვის: “მიყვარხარ. ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავდი.” დღე არ გავა ისე, რომ ანა ვინტურზე არ ვიფიქრო“. ანდრე ლეონ ტალის „შიფონის თრენჩები“.
ორმა აბზაცმა და პროვოკაციულმა ჰედლაინმა,რომელშიც მოდის და მსოფლიო მასმედიის ყველაზე გავლენიანი ქალის სახელი ფიგურირებდა, გადაფარა კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა სიახლე.
გამომცემლობამ წიგნის გაყიდვაში გამოსვლა 4 თვით დააჩქარა და სექტემბრის მაგივრად, „შიფონის თრენჩები“ ხელმისაწვდომი მაისში გახდა. გაყიდვაში გამოსვლიდან მხოლოდ 10 დღეში, ანდრე ლეონ ტალის ახალი ნამუშევარი ნიუ-იორკ თაიმსის „ბესთ-სელერებს“ შორის მოხვდა.
40 წლიანი კარიერის განმავლობაში, ანდრე ლეონ ტალი მაღალი მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი შავკანიანი იყო, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, „ერთადერთი შავკანიანი მამაკაცი ჩვენებების წინა რიგში“.
ანდრე ლეონ ტალი 1948 წელს ვაშინგტონში დაიბადა. ანდრემ ხელოვნება ჩრდილოეთ კაროლინის და ბრაუნის უნივერსიტეტებში შეისწავლა, 1974 წელს ამერიკელ ხელოვანთან, ენდი უარჰოლთან დაიწყო მუშაობა, საიდანაც ვოგის და ჰარპერს ბაზარის ლეგენდარულ რედაქტორთან, დაიანა ვრილანდთან მოხალისედ გადაინაცლა. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, ანდრემ ანა ვინტური გაიცნო, რომელიც მაშინ ამერიკული ვოგის ახლადარჩეული მთავარი რედაქტორი იყო. ვოგში ტალის კარიერის დასაწყისი ვინტურის სახელს უკავშირდება. ანას და ანდრეს ურთიერთობა, რომელიც ერთ საქმესთან ერთად, მეგობრობასაც მოიაზრებდა, მოდის ბიბლიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი თანამშრომლობის სახელითაა ცნობილი.
„შიფონის თრენჩები“
წიგნში ვოგის ლეგენდარული ჟურნალისტი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი, რომელსაც ცოდნასთან და წერის გამორჩეულ ნიჭთან ერთად, დასამახსოვრებელს პიროვნულობა და ვიზუალი ხდის, თავის ხანგრძლივ და შთამბეჭდავ გზას იხსენებს. „შიფონის თრენჩები“ გვიამბობს როგორ გახდა ანდრე ლეონ ტალი „ერთადერთი შავკანიანი კაცი ჩვენებების წინა რიგში“ და რატომ მოისროლეს გავლენიანმა მეგობრებმა სანაგვეზე,თითქმის 40 წლიანი ურთიერთობის შემდეგ.
ქრონოლოგიურად მივყვეთ შიფონის თრენჩების დრამას,რომელსაც ინტერნეტში, თვეზე მეტია, მოდით დაინტერესებული ძალიან ბევრი ადამიანი განიხილავს.
ანა ვინტური
პროვოკაციული ჰედლაინების ერაში, ბალენსიაგას 1950 წლის კოლექციის გააზრება და დიდებულად გადმოცემა გაყიდვად ისტორიას ვერ შექმნის, მაგრამ თუ ყოფილი ბოსის ვერაგ სახეს გამოავლენ, მითუმეტეს მაშინ, როცა ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ქალია, ნიუ-იორკ თაიმსის „ბესთ-სელერების” სიაში მოხვედრა უფრო რეალურად წარმოსადგენია.
ანდრე ვინტურთან განსაკუთრებული ურთიერთობის უკეთ წარმოსაჩენად იხსენებს, რომ ანამ საკუთარ ქორწილში, ვოგიდან, მხოლოდ 2 ადამიანი დაპატიჟა და ერთი ანდრე იყო, თუმცა ტალის თქმით, როდესაც წონასთან ერთად ასაკიც მოემატა, ანას თვალში ზედმეტად “Uncool” გახდა და ვინტურმა მოიშორა. ეშმაკმა, რომელიც ხშირად ატარებს პრადას, ანდრესთან პირადი ურთიერთობის შეწყვეტა არ იკმარა და მეტ გალას გრანდიოზულ ღონისძიებასაც ჩამოაშორა.
წლების განმავლობაში,მეტ გალა ლეონ ტალის გარეშე წარმოუდგენელი იყო. 2018 წელს, ვოგის ლეგენდარული ჟურნალისტის ნაცვლად, წითელ ხალიჩაზე ინტერვიუს იუთუბის 24 წლის ვარსკვლავი,ლაიზა ქოში წერდა. ანდრესთვის სწორედ ეს გახდა ის წვეთი,რომელსაც წყენის საჯაროდ გამოტანამდე, ბოლოს ვუწოდებთ.
მიუხედავად ანასთან დაკავშირების რამდენიმე მცდელობისა, ანდრემ ვინტურისგან პასუხები ვერ მიიღო. მის ზარებზე და წერილებზე ანას პრესსამსახური პასუხობდა.
„გამიხარდება რამე ადამიანურს და გულწრფელს თუ მეტყვის. უზარმაზარი ემოციური და ფსიქოლოქიური იარები დამიტოვა ამ მძვინვარე და გავლენიან ქალთან ურთიერთობამ…ნეტა, როდესაც სახლში მარტო მიდის უბედურია? თავს მარტოდ გრძნობს?ბოლოს,როდესაც ვნახე,არც მომესალმა. ახლა გამარჯობასაც აღარ მეუბნება. როდესაც ვურეკავ, პრესსამსახური მპასუხობს“. – ანდრე ლეონ ტალის „შიფონის თრენჩები“
ანას შესახებ გავრცელებული მოგონებების შემდეგ, ანდრეს უამრავი ჟურნალი დაუკავშირდა. მასთან ინტერვიუ რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ ჩაწერა, მათ შორის ვუმენს ვიარ დეილიმ (WWD). ეს უკანასკნელი ჰედლაინში, ანდრეს სიტყვებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ტალის წიგნი არ არის ვინტურზე. ირონიულია, თუმცა ყველა ინტერვიუში, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ შიფონის თრენჩების მთავარი გმირი თავადაა, ანა ვინტურს უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ, ვიდრე თავად ტალის.
მიუხედავად ყველაფრისა ანდრეს ანა არ სძულს
ასეთი იყო ანდრეს პოზიცია, როდესაც საზოგადოების მხრიდან კითხვები გაჩნდა. როგორც ირკვევა, ყოფილ კოლეგას და მეგობარს ანასთვის წიგნის შესახებ წინასწარ უცნობებია. ანდრეს მტკივნეული მოგონებები ვინტურმა პირველმა წაიკითხა და მხოლოდ იმ ეპიზოდის ამოღება მოითხოვა, სადაც ტალი ანას ქალიშვილის, ბი შიფერის ქორწილის ცერემონიალს იხსენებს.
სკანდალმა მოდური პრესა შტორმივით მოიცვა, მაგრამ რალფ რუჩის,ხოლო მოგვიანებით, მარკ ჯეიკობსის გარდა, არც ერთი დიზაინერის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. რალფის, როგორც ანას შავ სიაში მყოფი კუტიურიეს, მომენტალური გამოხმაურება მოსალოდნელი იყო, იგივეს თქმა გაგვიჭირდა ჯეიკობსზე. მარკს ანასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
ერთ კვირიანი ხმაურის შემდეგ, 29 აპრილს, Ballantine Books – ში გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო პრესაში შექმნილი მღელვარება გამოეყენებინათ და 19 სექტემბრის ნაცვლად, ანდრეს „შიფონის თრენჩები“ გაყიდვაში 19 მაისს გამოეშვათ. წიგნის გამოსვლას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. არა ერთი სტატია დაიწერა. ავტორებს შორის იყვნენ: ბრიტანული ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი – ალექსანდრა შულმანი, ნიუ-იორკ თაიმსის კრიტიკის ხელმძღვანელი – ვანესა ფრიდმანი, თუმცა პროფესიონალების შეფასებებთან ერთად, ინტერნეტისთვის არანაკლებ საინტერესო წიგნიდან გავრცელებული ახალი ფრაგმენტები იყო, სადაც ანდრე ინდუსტრიის სხვა გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობასაც იხსენებს.
კარლ ლაგერფელდი
ლაგერფელდის და ტალის მეგობრობა 30 წელს ითვლიდა. კარიერის დასაწყისში, კარლი ანდრეს მიმართ გამორჩეულ მზრუნველობას იჩენდა, რაც არა მარტო სიტყვიერი, არამედ ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიხატებოდა. ანდრე იხსენებს, რომ ერთ-ერთ გადაღებაზე კარლმა 50 000 დოლარი აჩუქა, რაც მათ შესაძლო რომანზე ჭორების საფუძველი გახდა, თუმცა ვოგის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის გულწრფელი აღიარებით, კარლთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა და ჭორები სიცრუე იყო.
ლაგერფელდის რთული ხასიათი და ანასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, ამიტომ ალბათ, ნაკლებად გაგვაკვირვებს ეპიზოდი, სადაც ტალი წერს, რომ ლაგერფელდმაც, როგორც ვინტურმა, ათწლეულების ერთგულების და მეგობრობის შემდეგ, გაუგებარი მიზეზით მიატოვა.
„საბოლოოდ,მეც აღმოვჩნდი კარლის მიერ წაშლილი ადამიანების სიაში,რომლებსაც მისთვის არანაირი ფასი აღარ ჰქონდათ.ის მხოლოდ ძალიან დიდი გავლენის მქონე ადამიანებთან არ კამათობდა, მაგალითად, როგორიცაა მონაკოს პრინცესა.“– ანდრე ლეონ ტალის „შიფონის თრენჩები“
29 მაისს, წიგნის გამოსვლიდან 10 დღეში, „შიფონის თრენჩები“ ნიუ-იორკ თაიმსის „ბესთ-სელერების” სიაში მოხვდა. ყოფილ მეგობრებთან პირადი დრამების გარდა, ანდრე წიგნში რასიზმის პრობლემაზეც წერს:
„ამ ქვეყანაში კვლავ ძალიან ვგრძნობ, რომ შავკანიანი კაცი ვარ და იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო, სხვებზე ორჯერ მეტი უნდა ვიშრომო“ – ანდრე ლეონ ტალის „შიფონის თრენჩები“.
ამერიკაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შექმნილი რეალობა, ერთ დროს მაღალი მოდის ყველაზე გავლენიანი შავკანიანი მამაკაცის მემუარს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
უცნობია როგორი გაგრძელება ექნება „შიფონის თრენჩებს“. ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ რის საფუძველზე მიაღწია ტალიმ მაღალ რეიტინგს, ან უღირდა, თუ არა პირადი ურთიერთობების საჯაროდ გამოტანა კომერციულ წარმატებად, მაშინ, როდესაც მისი დიდებული კარიერა 40 წელს ითვლის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ანდრე ლეონ ტალიმ თავისი სათქმელი საზოგადოების უმრავლესობამდე მიიტანა.