2018 წელს New York Magazine – ში გამოქვეყნდა სტატია ამერიკული ოცნებით მცხოვრებ მდიდარ გერმანელ გოგონაზე, ანა დელვიზე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოგონილი პერსონაჟი იყო. ორი წლის შემდეგ დელვი აქტუალურობას არ კარგავს – მასზე ისევ ბევრს წერენ და კვლავ აქტიურად განიხილავენ. მეტიც, ჯესიკა პრესლერის სტატიაზე საავტორო უფლებები Netflix – მა შეიძინა და ანას ისტორიაზე სატელევიზიო შოუს გაკეთება დაიწყო. პროექტის განხორციელება ამერიკულმა კომპანიამ Grey’s Anatomy – ის, Scandal – ის და How to Get Away with Murder – ის ავტორ შონდა რაიმსს დაავალა.

დელვის პერსონა საინტერესო ფიგურაა მოდის ინდუსტრიისთვისაც. განსაკუთრებული ყურადღება მისმა სტილმა სასამართლო პროცესებზე მიიქცია. მის ლუქებს ინსტაგრამის გვერდიც აქვს მიძღვნილი – @AnnaDelveyCourtLooks, რომელსაც თითქმის რვა ათასი გამომწერი ჰყავს.

ანა დელვის ამერიკული ოცნებით ცხოვრება ნიუ-იორკის ელიტურ საზოგადოებაში გარევას, აღმასრულებელ ხელმძღვანელებთან თუ არტისტებთან ერთად წვეულებებზე ყოფნას, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, ქალაქის ყველაზე მდიდრულ რესტორნებში სადილობას და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას გულისხმობდა. ამ ყველაფერს ის რამდენიმე წლის განმავლობაში თაღლითობის ხარჯზე ახერხებდა.

დელვი სინამდვილეში რუსეთში 1991 წელს დაბადებული ანა სოროკინია, სატვირთოს მძღოლის ქალიშვილი, რომელიც თავის ყოველ ახალ „მეგობარს“ თავს მდიდარი ოჯახის მემკვიდრე გერმანელად აცნობდა. გერმანიასთან კავშირი მას მართლაც ჰქონდა, როდესაც 2007 წელს თავის ოჯახთან ერთად გადავიდა იქ საცხოვრებლად. სწორედ გერმანიაში დაამთავრა 2011 წელს საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ლონდონში Central Saint Martins – ში სასწავლებლად გადავიდა, რომელიც მალე მიატოვა და ისევ ბერლინში დაბრუნდა. მოგვიანებით ანამ ჟურნალ Purple – ისთვის დაიწყო მუშაობა და მალე დელვის გმირიც გაჩნდა.

„ჩემი აზრით, ის მაკიაველისტია,“ – ამბობს რეიჩელ უილიამსი, ავტორი წიგნისა  My Friend Anna: The True Story of Anna Delvey, the Fake Heiress of New York City „მან სოციალურ მედიაში ნახა ის ცხოვრება, რომლის გამეორებაც მოისურვა – უნდოდა იმ სამყაროს ნაწილი ყოფილიყო, რომელსაც,  ბედის ირონიით, ძირს უთხრიდა. მგონია, რომ მას უბრალოდ ისეთი შინაგანი იმპულსი ჰქონდა, რომელიც მორალური განსჯისგან თავისუფალი იყო.“

დევლვი ათასობით დოლარი მართებს თავისი მეგობრების, ბანკების თუ სხვადასხვა დაწესებულებების, მაგრამ როგორც New York Times – ს განუცხადა, არაფერს ნანობს და რომ შეეძლოს, ალბათ, იმავეს გააკეთებდა.

„თქვენც, სხვა ყველა დანარჩენს და საკუთარ თავსაც მოვატყუებ თუ ვიყვი, რომ რამის გამო ვწუხვარ,“ ამბობს ის. „ვნანობ იმას თუ როგორ მივუდექი გარკვეულ რაღაცებს.“

სოროკინი 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს და თაღლითობისთვის ოთხიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა მიესაჯა. მისი უდარდელი ცხოვრების სტილი სასტუმროებს, ბანკებს და მანჰეტენის გამოჩენილი საზოგადოების წევრებს დაახლოებით $200,000 დაუჯდათ.

„ეს ადგილი სინამდვილეში საერთოდ არ არის ცუდი,“ – ამბობს ანა ციხეზე, რომელშიც იმყოფება – Rikers Island – ზე. „ხალხი მას საშინელებად მიიჩნევს, მე კი მას როგორც სოციოლოგიურ ექსპერიმენტს, ისე აღვიქვამ… აქ რამდენიმე გოგოა, რომლებიც ასევე ფინანსური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ერთ-ერთი გოგო სხვა ადამიანების იდენტობებს იპარავდა. არ მეგონა ეს ასეთი მარტივი თუ იყო.“

ანა დელვის მიზნად ჰქონდა გრამერსის პარკში კერძო სახელოვნებო კლუბი – Anna Delvey Foundation გაეხსნა, რომელიც ფოფ-აფ მაღაზიებს, საგამოფენო სივრცეებს, რესტორნებს, ბარს.. მოიცავდა. ეს დელვის გრანდიოზული გეგმა იყო, რომლის განსახორციელებლად თავის კავშირებს იყენებდა გავლენიან ადამიანებთან, რომელთა შორისაც იყვნენ: ესპანელი არქიტექტორი სანტიაგო კალატრავა, ნობუს თანადამფუძნებელი რიჩი ნოტარი და ჯოელ კოჰენი, პარტნიორი გიბსონ დანის უძრავი ქონების საადვოკატო ფირმიდან. რა თქმა უნდა, მათ დელვისგან დაპირებული სარგებელი არ მიუღიათ.

დელვის პერსონას მრავალი გულშემატკივარი ჰყავს. პირველ რიგში, მას ხოტბას ასხამენ იმიტომ, რომ ბევრს დაანახა, რა გავლენას ახდენს ფული ადამიანზე და როგორ შეიძლება მატერიალური საგნებით ხალხის მანიპულირება. ჯესიკა პრესლერის New York Magazine – ისთვის მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ:

ხალხი მეკითხებოდა: რატომ ეს გოგო? ის არ არის სუპერ სექსუალური ან სუპერ შარმიანი, ისინი ამას ხაზს უსვამდნენ; არც ძალიან სასიამოვნო იყო. როგორ მოახერხა ამდენი მაგარი, წარმატებული ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ იყო რაღაც, რაც ცალსახად არ ყოფილა? Rikers – ის გუშაგის ყურებისას, როცა ის Fast Company – ის მანილის კონვერტში ანთავსებდა, მივხვდი, რა ჰქონდა ანას იმ ადამიანებთან საერთო, რომლებსაც ამ ჟურნალის გვერდებიდან სწავლობდა: მან დაინახა რაღაც, რასაც ხვები ვერ ამჩნევდნენ. ანა ნიუ-იორკის სულს უყურებდა და შენიშნა, რომ თუ ხალხს ყურადღებას ბზინავი საგნებით, ქაღალდის ფულის დიდი შეკვრებით, სიმდიდრის ნიშნებით გაუფანტავ, თუ მათ ფულს აჩვნებ, ისინი სხვა ვეღარაფრის დანახვას შეძლებენ. და საქმე იმაშია, რომ: ეს ძალიან მარტივი იყო.“

რამდენიმე დღის წინ ანამ პერსონალური ბლოგი შექმნა და მასზე უკვე გამოაქვეყნა თავისი პირველი ჩანაწერი „ცხოვრება რთულია.“ სოროკინს 2021 წლის 15 თებერვალს კარგი ყოფაქცევის გამო ციხიდან ვადაზე ადრე გაანთავისუფლებენ. მისმა ადვოკატმა ტოდ სპოდეკმა New York Post – ს განუცხადა:

„ანამ საზოგადოების წინაშე ვალი მშვენივრად მოიხადა, იმედი მაქვს, ხალხი ამას დააფასებს.“