ამერიკული ვოგის ყდაზე ტოპ მოდელების ხილვა გამონაკლისი შემთხვევაა. პოდიუმის საყვარელ გოგონებს ჟურნალი რამდენიმე წელიწადში ერთხელ საერთო გადაღებისთვის აერთიანებს. მოდელების ბოლო ჯგუფური გარეკანი 2017 წლის მარტში გამოქვეყნდა, რომელსაც 7 მოდელი ამშვენებდა: ლიუ ვენი ჩინეთიდან, ეშლი გრეემი, კენდალ ჯენერი, ჯიჯი ჰადიდი ამერიკიდან, ვიტორია ჩერეტი იტალიიდან, იმან ჰამამი ჰოლანდიიდან და ადოა აბოა ბრიტანეთიდან.

2020 წლის აპრილში ვოგმა ახალი ჯგუფური ყდა გამოაქვეყნა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამოდელო ბიზნესის კაშკაშა ახალი სახეები ამშვენებენ. შერჩეულ სახეებს შორის იტალიას, ჰოლანდიას და ჩინეთს კვლავ ვიტორია ჩერეტი, იმანი და ლიუ ვენი წარადგენენ, თუმცა გარეკანზე პირველად მოხვდნენ: ადუთ აკეჩი, ანოკ იაი, კაია გერბერი, ფრან სამერსი და სხვები.

ყდაზე მოდელები:

Fran Summers, Mika Schneider, Anok Yai, Vittoria Ceretti, Nora Attal, Paloma Elsesser, Liu Wen, Imaan Hammam, Krini Hernandez, Jill Kortleve, Ros Georgiou, Adesuwa Aighewi.

ფოტოგრაფი: Tyler Mitchell. სტილისტი: Camilla Nickerson.

ნომრის მესიჯია სილამაზე საზღვრებს მიღმა. ყდაზე წარმოდგენილნი არიან თითქმის ყველა რასის, ზომის და ფორმის მოდელები, რომლებიც გასული რამდენიმე წელია სამოდელო ბიზნესის ყველაზე აქტიური სახეები არიან.

იმანი ანა ვინტურის აშკარა ფავორიტია, რადგან ის უკვე მესამედ მოხვდა ამერიკული ვოგის ყდაზე. იგივე შეგვიძლია დავწეროთ ვიტორია ჩერეტიზე, რომელიც 18 წლის ასაკში გახდა პირველი იტალიელი მოდელი, რომელმაც ვოგის ოთხივე გავლენიანი გამოცემა (ამერიკა, ბრიტანეთი, იტალია, პარიზი) დაამშვენა.

Vogue US April 2020

ადუთ აკეჩი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გოგონა სამხრეთ სუდანიდან, რომელმაც ვოგის ამერიკული, ბრიტანული, იტალიური და ფრანგული გამოცემები დაამშვენა. ისტორია შექმნა უგბად აბდიმაც, ის პირველი ჰიჯაბიანი მოდელია ამერიკული ვოგის ყდაზე. გარეკანზე დაბეჭდილი გოგონებიდან მხოლოდ კაია გერბერი გახლავთ ცნობილი ოჯახიდან. სინდი კროუფორდის 18 წლის ქალიშვილმაც წარმატებით შეავსო ვოგის პრესტიჟული ოთხეული.