‘თავი დაუცველად ვიგრძენი’: მამაკაცი მოდელები ფოტოგრაფებს სექსუალურ ესპლუატაციას აბრალებენ – 2018 წლის იანვარში ასეთი სათაურით გამოქვეყნდა The New York Times-ის სტატია, რომელმაც მომენტალურად დაასრულა ისეთი გავლენიანი და აღიარებული მოდის ფოტოგრაფების კარიერა, როგორებიც მარიო ტესტინო და ბრუს ვებერი არიან. მას შემდეგ, რაც 2017 წელს ჰარვი უაინშტაინის სკანდალით ჰოლივუდში #Metoo ერა დაიწყო, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ლაპარაკი ხმამაღლა სხვა სფეროებშიც დაიწყოს. მოდაც არ ყოფილა გამონაკლისი. ვებერიც და ტესტინოც უმაღლეს საფეხურზე იდგნენ, მათ ფოტოებზე თაობები გაიზარდნენ, მაგრამ მათმა შემოქმედებამ არსებული ბრალდებების ფონზე ყოველგვარი ფასი დაკარგა. მათ აღარ უწოდებენ ლეგენდარულ ფოტოგრაფებს, არამედ სექსუალურ მოძალადეებს, რომლებიც უხმაუროდ კვლავ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, ისევ ცდილობენ მოდის ინდუსტრიაში ჩუმად დაბრუნებას, მაგრამ საზოგადოების ადეკვატური ნაწილი მათ იმავე პოზიციაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოდაში #Metoo მომენტი შესაძლოა ისევ დგება. თუ ინსტაგრამზე მოდელების ალიანსის შექმნილ პროფილს, Shit Model Management-ს ვეწვევით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს წავაწყდებით, რომელიც გვაუწყებს:

„ალექსანდრ ვენგი სავარაუდო სექსუალური მოძალადეა. ბევრი მამაკაცი და ტრანსი მოდელი ალექსანდრ ვენგის მიერ მათი მიმართულებით განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ჩაგვრაზე ალაპარაკდა. მნიშვნელოვანია ალექსანდრ ვენგისთვის გამოწერის გაუქმებით და მისი ტანსაცმლის ხაზისთვის ბოიკოტის გამოცხადებით მხარდაჭერა გამოხატოთ მსხვერპლების მიმართ.“

დაახლოებით ერთი კვირაა სოციალურ მედიასა და პრესაში აქტიურად განიხილება ბრალდებები, რომლებიც ბალენსიაგას ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის მისამართით ისმის. მართალია ასეთმა გასაჯაროებულმა ფაქტებმა არაერთ მნიშვნელოვან ფიგურას უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ვენგის შემთხვევა გარკვეულ ასპექტებში მათგან მაინც განსხვავდება და რთულს ხდის იმის წინასწარ პროგნოზირებას თუ რა ბედი ეწევა ალექსანდრ ვენგს, როგორც დიზაინერს და ალექსანდრ ვენგს, როგორც ბრენდს.

ვენგის პერსონა და უკვე მისი ბრენდიც ბოლო რამდენიმე წელია წვეულებებთან, გართობასთან, კლუბურ ცხოვრებასთან ასოცირდება. ჩვენთვის სრულიად ბუნებრივი იყო, როცა მის ჩვენებაზე თმის აქსესუარებს ვუყურებდით, წარწერით – Wangover. ალექსმა „წვეულებების მოყვარული ბიჭის“ იმიჯი შეიქმნა, რომელიც თავის ბრენდსაც მოარგო და ამით ის კიდევ უფრო მოთხოვნადი და კომერციულად წარმატებული გახადა.

2016 წელს Vanity Fair-ის გამოქვეყნებულ ვიდეოში ფლორენს ველში დერეკ ბლასბერგს დიზაინერის „საყვარელ ხრიკს“ უხსენებს – წყლის მაგივრად არყის მიწოდებას. დიახ, 5 წლის წინ ეს „ხრიკი“ ღიმილით გაიხსენეს, 2020 წელს კი მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ყველაფერი ოუენ მუნის მიერ TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნებით დაიწყო, რომელშიც მოდელი ყვება თუ როგორ იძალადა მასზე სექსუალურად დიზაინერმა 2017 წლის იანვარში. შემდეგ ჩანაწერი Shit Model Management-მა თავის სოციალურ არხებზე განათავსა, რასაც უამრავი ანონიმური შეტყობინების გამოქვეყნება მოჰყვა, რომლებშიც ვენგის მხრიდან შემავიწროვებელი ქმედებები და ნარკოტიკების შეპარების ფაქტებია აღწერილი.

სკანდალს ინსტაგრამზე გამოეხმაურა Diet Prada-ც, რომელსაც 2,4 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ცნობილია მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე არასამართლიანი, საკამათო, მიუღებელი მოვლენების გასაჯაროებით. პროფილზე აქტიურად განიხლება ამ ამბავთან დაკავშირებული თემები დაწყებული ბრალდებებიდან, დამთავრებული გავლენიანი მოდური გამოცემების და ვენგთან დაახლოებული პირების მიერ შენარჩუნებული დუმილით. ამ საკითხზე წერენ ისეთი მედია საშუალებებიც, როგორებიცაა: The New York Times, The Daily Mail, New York Post და The Guardian.

განცხადება გააკეთა თავად დიზაინერმაც. ალექსანდრ ვენგმა თავისი მისამართით წაყენებულ ბრალდებებს „უსაფუძვლო და გროტესკულად ყალბი უწოდა.“ ის ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ისინი ანონიმური წყაროების მიერ ვრცელდება, რომლებსაც თან არავითარი მტკიცებულება ან გადამოწმების შესაძლებლობა არ ახლავს. მართალია, რომ ჯერ-ჯერობით საჯარო განცხადება მხოლოდ მუნიმ გააკეთა, რომელიც თავის მოტივს ასე ხსნის:

„მას შემდეგ წლები გავიდა, მე კი საიდუმლოდ არასდროს შემინახავს, რაც თავს გადამხდა. ამასთან დაკავშირებით ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ყოველთვის ღია ვიყავი. თითქმის ყველა ჩემმა ახლობელმა იცის, რომ ეს დამემართა. შეძრწუნებული და გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ მისი საქციელის ერთადერთი მსხვერპლი მე არ ვყოფილვარ. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ ხალხთან ერთად მისი სახელი ხმამაღლა გამეჟღერებინა.“

ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ დამთავრდება ეს საქმე. სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, საფრთხე არამარტო პიროვნებას, არამედ მთელ ბრენდს ემუქრება. ამ ეტაპზე შევნიშნავთ, რომ ალექსანდრ ვენგს წამყვანი საცალო მოვაჭრეები ისევ ყიდიან, არაფერს წერს ვოგი და მისი ცნობადი მეგობრები ხმას არ იღებენ და თითქოს ყველაფერზე თვალს ხუჭავენ.

მივა თუ არა ეს საქმე სასამართლომდე უცნობია. განცხადებები მტკიცებულებების გარეშე კეთდება, უმეტესი მათგანი კი ანონიმურია. საქმის სამართლებრივ გადაწყვეტას დამატებითი სახსრები სჭირდება, ამავდროულად, არსებობს საფრთხის ან ხალხის მხრიდან გაკიცხვის შიში იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლები თავიანთ ვინაობას გაამხელენ.  

ცხადია, ვენგის იმიჯს უკვე უდიდესი ზიანი მიადგა და ეს დიდი ალბათობით მის ბიზნესზეც იმოქმედებს. მის მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერს კარგავს, მაგრამ ნიშნავს ეს ყველაფერი დასასრულს? ამას უკვე დრო გვიჩვენებს.