ალესანდრო მიკელე დღეს მოდაში ყველაზე საინტერესო დიზაინერია. მისი ესთეტიკა არავისას არ ჰგავს. ის ერთდროულად დაფუძნებულია წარსულ დროზე, რომელიც თანამედროვეობის ელემენენტებსაც შეიცავს და უკიდურესად მრავალფეროვან წარმოსახვით სამყაროზე, რომელიც მიკელეს გონებაში არსებობს. ყველა კომბინაცია, რომელსაც დიზაინერი გუჩიში გვთავაზობს თავისი პიროვნებიდან, ინტერესებიდან მომდინარეობს. გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ჰოლივუდის გლამურით შეპყრობილი დედის და მომთაბარე ცხოვრებით მცხოვრები მამის შვილი ისეთივე მრავალფეროვანი პერსონაა, როგორიც თავისი ჩვენებებია. მაგრამ გუჩის კოლექციების, შესაბამისად თავად დიზაინერის მრავალფეროვნება და სიღრმე ნათლად რომ აღვიქვათ მის ყველა დეტალზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ეს დეტალები კი შოუებში დაუსრულებლად არის წარმოდგენილი, ამიტომაც ყოველ ჯერზე, როდესაც გუჩის კოლექციას ვუყურებთ, რაღაც ახალს ვპოულობთ. მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაც “ლალოს” მორიგი დასამახსოვრებელი წარმოდგენა იყო, რომელიც პირველი იყო მას შემდეგ, რაც გუჩი რასიზმში დაადანაშაულეს.

შეუძლებელია ალესანდრო თავისი ჩვენებით არ შეგეხოს. ის ადამიანზე ემოციურად ზემოქმედებს და ცდილობს ამისთვის ყველა შესაძლო მომენტი გამოიყენოს იმ მოკლე დროში, რომელიც ჩვენებებს ეთმობა. ამ მომენტამდე კი მიწვეულ სტუმრებს სათანადოდ ამზადებს შოუზე მოსაწვევით. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ქალის და მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენების მოსაწვევი ხის ყუთში მოთავსებული ჰერმაფროდიტუსის ნიღაბი იყო. ჰერმაფროდიტუსი ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს და ჰერმესის ორივე სქესის შვილია და ანდროგენულობის სიმბოლოდ ითვლება. ჩავთვალოთ ეს შოუში იდენტობის მნიშვნელობის ხაზგასმის ერთგვარ მინიშნებად.

ჩვენების სივრცე ალესანდროს დიზაინით მოეწყო. იატაკი და ჭერი სრულიად დაფარული იყო სარკეებით, რომლებიც 100 მეტრის სიგრძეზე განთავსებული 120,000-ზე მეტი ლედ განათების შუქს ირეკლავდა. ადგილის დატოვების შემდეგ სტუმრებს პირდაპირი მნიშვნელობით შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩვენებით დაბრმავებულები იყვნენ.

ჩვენების საუნდტრეკი ჩაბნელებულ გარემოში ლომების ღრიალით, ძაღლების ყეფით და ჩიტების ჭიკჭიკით დაიწყო. ათასობით ნათურის განათების შემდეგ კი კათოლიკური საგალობელი „გაბრიელის მესიჯი“ გაისმა.

როგორც პირველივე ლუქიდან გამოიკვეთა, ეს კოლექცია მიკელეს დანარჩენ კოლექციებზე უფრო მძიმეა, ამ განცდას კი მუქი ფერების უფრო დიდი რაოდენობა, მეტალის ეკლებიანი ტყავის საყელოები და ნიღბები იწვევს.

მიკელე ნიღბის მნიშვნელობაზე ფიქრობდა, რომელსაც ცხოვრებაში ვატარებთ. იმ პიროვნებაზე, რომელსაც ნიღბების მიღმა ვმალავთ, იმიჯზე, რომლითაც თავის დაცვა გვიწევს.

„ნიღბის ტარების იდეამ გამიტაცა, რადგან ჩვენს ცხოვრებაში სამოსი, რომელსაც ვატარებთ ნიღაბს წარმოადგენს. ნიღაბი ერთდროულად აჩენს და ფარავს.“ 

ალესანდროს ერთ-ერთი მიზანი იყო ეს საყელოები და ნიღბები აგრესიული შესახედაობის ყოფილიყო.

„ნაზ სულს შეიძლება თავის დასაცავად საყელოს ან ნიღბის ტარება დასჭირდეს.“

კოლექციაში იყო ალესანდროსთვის დამახასიათებელი დეტალები: არგაილის სვიტერები, წინდები, დიდი ზომის სათვალეები, კლასიკური მკერვალობა, გუჩის მონოგრამა, ფერადოვნება… ქუჩის სტილი კვლავ ერწყმოდა საღამოს ლუქებს.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ახალი დეტალებიც, მათ შორის სამუხლეები. მიკელეს მისი შექმნა იმ გოგონებმა შთააგონეს, რომლებსაც ჩანთაში სპორტული ფეხსაცმელი უდევთ, მაშინ როცა დანიშნულების ადგილზე ქუსლიანი ფეხსაცმლით მიდიან.

გამორჩეული დეტალი იყო ყურის ფორმის საყურეები და ტანსაცმლის აქსესუარი, რომელიც „მოდის ფიქცია #1-ით,“ ედუარდო კოსტას 24 კარატიანი ოქროს ყურის შთაგონებით შექმნა, რომელსაც რიჩარდ ავედონის ობიექტივში მოქცეული მარისა ბერენსონიც ატარებდა ამერიკული ვოგის 1968 წლის ნომრისთვის.

რამდენიმე მოდელი პოდიუმზე სილიკონის ცრემლებითაც გამოვიდა. და რა არის ემოციურობის ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულება თუ არა ცრემლები? ალესანდროს კი ჩვენში ემოციების გამოწვევა უნდა.

შესაძლოა კოლექციიდან არცერთი ნაწილის ფლობაზე არ ოცნებობდე, რადგან შენს გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, მაგრამ სხვა რამეზე ოცნება შეიძლება მართლაც დაგაწყებინოს. გუჩის ჩვენებები ყველასთვის სასიამოვნო გამოცდილებაა, რომელსაც ალესანდრო მიკელე 2015 წლიდან ყოველ სეზონზე გვანიჭებს.