ავეჯი ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე ინტერიერში ავეჯის დიზაინის განსხვავებულ, მარავალფეროვან და ორიგინალურ ტრენდებს ვხვდებით – პოპულარულია როგორც ფუტურისტული დიზაინი, ასევე ვინტაჟური ავეჯი. მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, სხვადასხვა დროს, ცნობილმა დიზაინერებმა შექმნეს მოდელები, რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობა თანამედროვე სახლის, ოფისისა თუ სხვადასხვა დანიშნულების სივრცის ინტერიერის კონცეფცია. გთავაზობთ რამდენიმე საკულტო მოდელს, რომლებმაც ავეჯის დიზაინის მნიშვნელოვანი ტრენდების ფორმირება განსაზღვრა.

WASSILY CHAIR, მარსელ ბროიერი

WASSILY CHAIR 1925-1926 წლებში შეიქმნა და მისი დიზაინის ავტორი უნგრელი მარსელ ბროიერია. ბროიერმა მოდელი მაშინ შექმნა, როცა გერმანიის ყველაზე სახელგანთქმული სახელოვნებო სკოლის – Bauhaus-ის ერთ-ერთ ვოკრშოპს უწევდა ორგანიზებას. ამის შემდეგ, დიზაინი არაერთხელ იქცა ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისა და ცალკეული ხელოვანების ინსპირაციად. შედეგად, საკულტო WASSILY CHAIR-ის არაერთი ინტერპრეტაცია გაჩნდა ბაზარზე.

თაღის ფორმის ტორშერი (ARCO FLOOR LAMP)

ე.წ. ARCO FLOOR LAMP თანამედროვე ინტერიერისათვის დამახასიათებელი დეტალია. მისი დიზაინი პირველად 1962 წელს, იტალიელმა ძმებმა – აქილე და პიერ ჯაკომო კასტილიონებმა შექმნეს.

BARCELONA CHAIR, ლუდვიგ მის ვან დერ როე

ბაუჰაუსის ეპოქის წარმომადგენელი დიზაინერები მიიჩნევდნენ, რომ ავეჯის დიზაინი რიგითი ადამიანებისათვის უნდა ყოფილიყო შექმნილი. BARCELONA CHAIR, ამ მხრივ, გამონაკლისი იყო – ის 1929 წელს შეიქმნა და ესპანეთის სამეფო ოჯახისათვის იყო განკუთვნილი. ეს მოდელი იმდენად აღიარებული აღმოჩნდა, რომ დღემდე აქტუალურია როგორც საოფისე, ასევე სახლის ინტერიერში.

GRAND CONFORT CHAIR, ლე კორბუზიე

მოდელი ფრანგი-შვეიცარიელი არქიტექტორის, ფერმწერისა და დიზაინერის – ლე კორბუზიეს ქმნილებაა. კორბუზიემ სახელი მოდერნისტული ნამუშევრებით და ინოვაციური ხედვებით გაითქვა. ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ეს საკულტო მოდელია, რომელიც 1928 წელს შეიქმნა. 1979 წელს, GRAND CONFORT მაყურებელმა MAXELL-ის აუდიოსისტემის ცნობილ რეკლამაშიც იხილა.

NOGUCHI TABLE, ისამუ ნოგუჩი

ეს საკულტო მოდელი სახელგანმთქმულ ამერიკელ-იაპონელ არტისტს და ინდუსტრიულ დიზაინერს – იასმუ ნოგუჩის ეკუთვნის. მოდერნისტული ავეჯის ეს ნიმუში პირველად მეოცე საუკუნის შუა პერიოდში წარადგინეს.