ტომ ფორდი ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) თავმჯდომარედ აირჩიეს.

Tom Ford. CFDA

საბჭოს შემადგენლობა 500-ზე მეტი მამაკაცის და ქალის სამოსის, სამკაულების და აქსესუარების დიზაინერს მოიცავს. სიეფდიეი მოდაში ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებაზეც არის პასუხიმსგებელი. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ახალბედა ტალანტების კარიერის განვითარებას და ანხორციელებს საქველმოქმედო პროექტებს. 13 წლის განმავლობაში CFDA-ს თავმჯდომარე დაიან ვონ ფურშტენბერგი იყო, რომლის შეცვლითაც ფორდი მეთერთმეტე ადამიანი გახდა, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. მაგრამ მისთვის ეს ბრენდების მართვის პირველი გამოცდილება არ იქნება. ტომი დიზაინერობის პარალელურად წლების განმავლობაში გუჩი გრუპს, დღევანდელ ქერინგს, ხელმძღვანელობდა, რომლის მფლობელობაშიც არაერთი ბრენდი შედიოდა, მათ შორის: გუჩი, ბალენსიაგა, ივ სან ლორანი, ალექსანდრ მაკქუინი. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მაშინ ტომი ევროპაში მოღვაწეობდა, ახლა კი მსგავს როლს ამერიკაში მოირგებს.

Anna Wintour, Julianne Moore, Tom Ford and Diane Von Furstenberg. Zimbio

თავის ახალ პოზიციასთან დაკავშირებით დიზაინერმა და რეჟისორმა ამერიკულ ვოგს ინტრევიუ მისცა, რომელშიც არაერთ მნიშვნელოვან თემას შეეხო. თუმცა ვერ შევიტყობთ კონკრეტულად რა გეგმები აქვს თავის ახალ სამუშაოზე, რადგან ამ შეკითხვაზე მისი პასუხი ისედაც ნათელი და ისეთია, როგორიც ტომ ფორდს შეეფერება. მისი თქმით, იანვარში ახალი როლის მორგების შემდეგ პირველ რიგში საბჭოს სხდომებზე დასწრება მოუწევს. მაგრამ გავიგებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა

ახალი როლის მორგების მიზეზი

„მოვალეობის განცდა! 35 წელია რაც ამ ინდუსტრიაში ვარ. მოღვაწეობა ნიუ-იორკში დავიწყე, მეშვიდე ავენიუმ კი ჩემი ბიზნეს ალღო გამაცნო; მან გარკვეულწილად თავისი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი ევროპაში ვიყავი, როგორც დიზაინერი თავს ყოველთვის ამ ქვეყანას ვუკავშივრებდი. ყოველთვის ამერიკული მიდგომა მქონდა. ამავდროულად … საკუთარ თავს საერთაშორისო დიზაინერად მივიჩნევ; გლობალური პერსპექტივიდან ვმსჯელობ, ეს მომაქ სიეფდიეისთვის, ასე იყო დაიანის შემთხვევაშიც. შოკირებული ვარ როგორი უინტერესოები გავხდით სხვების მიმართ. არა სიეფდიეი, არამედ ამ ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ქვეყანა–კედელს ვაშენებთ საკუთარი თავის იზოლაციისთვის.“

რას გულისხმობს ამერიკულ მიდგომაში

„ამერიკაში, თუ შემოქმედებითი ხარ და, ამავდროულად, კომერციულადაც აზროვნებ ცუდი არ არის. 30 წლის წინ, როდესაც დავიწყე ეს ნეგატიურად აღიქმებოდა. არ უნდა გეფიქრა რა გაიყიდებოდა და რა არა–ამას სხვა აკათებდა შენთვის. ამერიკულ მოდაში ყოველთვის არსებობდა ეს პრაქტიკულობა; ერთნაირად ვამაყობთ იმით, რაც იყიდება და იმით, რასაც ფოტოებზე აღბეჭდავენ. როდესაც 1990 წელს გუჩიში მივედი, იმის თქმა, რომ კომერციული იყავი ცილისწამების ტოლფასი იყო. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდით, „ვინ ჩაიცვამს ამას?“ „რატომ სჭირდებათ ეს?“ „რა მიზანს ემსახურება?“ წლების განვალობაში ამ შეკითხვებზე ფიქრი ამერიკის საზრუნავიდან უფრო გლობალურ ინტერესად იქცა.

 როგორ ხედავს ამერიკულ მოდას

„ჩემს გულში ამერიკული მოდის ბედი არამხოლოდ ამერიკას, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც უკავშირდება, ამიტომ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მომუშავე დიზაინერები ამერიკელები უნდა იყვნენ. შეგვიძლია პარიზი მოვიყვანოთ მაგალითად, როდესაც მე ივ სან ლორანში ვიყავი, კარლი შანელში, მათ შორის, ვინც მნიშვნელოვანი მოდის სახლებს შემოქმედებითად ედგა სათავეში, თითქმის არავინ იყო პარიზელი, მაგრამ მაინც პარიზული მოდა იქმნებოდა. რაც შეეხება სიეფდიეის… არ აქვს მნიშვნელობა ამერიკელი დიზაინერი იქნები, რომელიც სხვისთვის ქმნის კოლექციებს ან საკუთარი ბრენდის დაწყება გენდომება, გლობალური პერსპექტივა უნდა არსებობდეს. როდესაც მდიდრული ნაწარმის მყიდველთა უდიდეს პროცენტს ჩინელები წარმოადგენენ, დანარჩენ ქვეყნებზეც უნდა ფიქრობდე.“

სიეფდიეის მიღებულ ჯილდოებსა და მნიშვნელობაზე

„როდესაც ოთხმოცდაათიანი წლების შუა პერიოდში ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, მეშვიდე ავენიუზე მუშაობისას ჯილოს მოგება ოცნება იყო. მახსოვს, როდესაც პირველად გავიგე, რომ მოვიგე: პარიზში ვიყავი, გვიანი იყო და ძალიან ციოდა, მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის ზარი. ახლა–და მე არ ვტრაბახობ [იცინის]–მაგრამ შვიდ მათგანს ვფლობ და ისინი ჯილდოებია, რომლებიც გამოფენილი მაქვს; ლამაზად არის შესრულებული. ისინი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. სიეფდიეი ჩემთან მიმართებაში კარგი აღმოჩნდა. ერთი ამერიკული თვისება მაქვს, რაც უკან დაბრუნებაში მდგომარეობს. ევროპაში ამას ვერ მოისმენ, შეიძლება ლონდონში გაიგო, მაგრამ როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწევ და რაღაც გამოცდილებას მიიღებ [ამ ინდუსტრიაში] უკან გაცემა მნიშვნელოვანია.“

რას ნიშნავს მისთვის დაიანის ჩანაცვლება

„დაიანი წარმოუდგენლად გლამურულია. თავის ოციანებში დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია და ახლა… არ დავასახელებ მის ასაკს, მაგრამ ვიტყვი, რომ ისევ ძალიან ბევრს მუშაობს. წარმოუდგენელია, რასაც ყველას სთავაზობს; ჩანს, რასაც ნამდვილი სამუშაოს დამატებით აკეთებს. რთული იქნება დაიანის მიყოლა, რადგან-არ ვიცი როგორ ვთქვა-ის შეუჩერებელია. ბიძგს აძლევს ყველაფერს, რომ შესრულდეს, როგორც საჭიროა. რთულია მას არა უთხრა, მაგრამ [იცინის] ეს ჩემს შემთხვევაშიც ასეა.“

Diane Von Furstenberg 1973. Getty Images

ტომმა ასევე აღნიშნა, რომ შემოთავაზებაზე დათანხმების ერთ-ერთი მიზეზი ის მღელვარება და ინტერესია, რომელიც დამწყებ ტალანტებთან მუშაობის მიმართ გააჩნია.

და ბოლოს, ისევ, ტიპური ტომ ფორდი:

„ყოველთვის მომწონდა ლოს ანჯელესი. საერთოდ არ არის საცხოვრებლად ცუდი ადგილი. მაგრამ მაინც, ძალისხმევაა საჭირო გლობალური პერსპექტივის შესანარჩუნებლად, ხალხის ჩაცმულობასთან შესაგუებლად. აქ ყოფნა ფორმალურად ჩაცმის მიმართ მგრძნობელობას გიმცირებს. ლონდონში, მილანსა ან ნიუ-იორკში ყოფნისას ასე არ არის. ხალხი იცვამს ლოს ანჯელესში… მაგრამ მიდგომა განსხვავებულია. გასულ შაბათ-კვირას ინდურ უელსში ვიყავი ჩოგბურთის სანახავად. ვაკვირდებოდი რა ეცვათ–შორტები, მაისურები და ფლიპ-ფლოპები, რომლებსაც ვერასდროს ნახავ უიმბლდონზე ან როლანდ-გაროსზე. გავაცნობიერე, რომ ნაკლებად სენსიტიური გავხდი. აღარ მახსოვდა, რომ სხვა დანარჩენ ადგილებში ხალხი ასე არ იცვამს.“