Rolex-მა 2023 წელი ფასების გაზრდით დაიწყო. Barclays-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, Bloomberg ავრცელებს ინფორმაციას, რომ საათების შვეიცარიულმა ბრენდმა აშშ-სა და ბრიტანეთში ფასები დაახლოებით 2.5%-ით გაზარდა.

© Rolex

Rolex-ის მიერ ფასების პერიოდული ზრდა სიახლეს არ წარმოადგენს. როგორც წესი ბრენდის ფასები წელიწადში ერთხელ, წლის დასაწყისში იზრდება, თუმცა ამჯერად, ეს გაცილებით ხანმოკლე პერიოდში მოხდა. გასულ წელს Rolex-ის მოდელებს ღირებულება იანვრის შემდეგ, ჯერ სექტემბერში, მოგვიანებით კი ნოემბერში მოემატა.

მდიდრული ბრენდის პოპულარულ მოდელებზე ფასები შემდეგი პროცენტულობით შეიცვალა: “Datejust 41”-ს ღირებულება ორივე რეგიონში 2.5%-ით მოემატა და ახლა 12,250 დოლარს შეადგენს, “Cosmograph Daytona”-ს ფასი ბრიტანეთში – 2.9%-ით, ხოლო აშშ-ში – 1.7%-ით მოემატა, “Submariner Date”-ს – 2.2%-ით ბრიტანეთში, აშშ-ში – 1,9%-ით, “GMT Master II” მოდელის ღირებულება კი ბრიტანეთში 1,7%-ით გაიზარდა, აშშ-ში – 1,4%-ით.

როგორც Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული, უახლესი ზრდა ცხადყოფს საათების მწარმოებელი შვეიცარიული გიგანტის რწმენას, რომ ფასების მატების შედეგად შეუძლია მზარდი ინფლაციის პირობებში დაიცვას საკუთარი მარჟა ისე, რომ ეს მოთხოვნაზე უარყოფითად არ აისახოს.