სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ 16 წლიანი მფლობელობის შემდეგ ადიდასი Rebook-ის გაყიდვას აპირებს. დიდი ალბათობით, ფასი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე 3.8 მილიარდი დოლარი (თანხა, რომელიც ადიდასმა Rebook-ის შესასყიდად გადაიხადა). ვარაუდის საფუძველს იძლევა ადიდასის განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ 2021 წლის პირველ კვარტალში ამოიღონ Rebook თავიანთი ანალიტიკიდან და რაც შეიძლება სწრაფად დახურონ შეთანხმება.
პანდემიამდე ადიდასის აღმასრულებელმა დირექტორმა კასპარ როსტენდმა Rebook 2 მილიარდ ევროდ, ან დაახლოებით 2.4 მილიარდ დოლარად შეაფასა, თუმცა როიტერსის განახლებული ანალიტიკის მიხედვით, შესაძლოა 2021 წელს თანხა განახევრებულიც კი იყოს. ადიდასის მონაცემებით, Rebook- ის შემოსავლებმა 2020 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 22%-ით იკლო და 1 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო ადიდასის შემოსავლები 20%-ით დაეცა და შემოსავალმა იმავე პერიოდში 13 მილიარდი ევრო შეადგინა.
Rebook-ის და ადიდასის პარტნიორობა საკმაოდ რთული იყო. ადიდასისთვის პრიორიტეტული Nike-სთან კონკურენციაში გამარჯვება იყო, გაერთიანების შემდეგ კი, Rebook-ში იდენტობის კრიზისი დაიწყო, რასაც ფინანსური კრიზისიც მოჰყვა და წლიური შემოსავლებიც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით დაეცა. პროფესიონალი ათლეტების ფავორიტი ბრენდიდან, Rebook იქცა კომპანიად, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკაში ნახევარზე მეტი მაღაზია დახურა.
ადიდასისთვის Rebook-ის გაყიდვა შესაძლოა გახდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი ბერკეტი. ჩინურ ბაზარზე კონკურენტი კომპანია Nike-ის გაყიდვები იზრდება, მაშინ როდესაც ადიდასის გაყიდვები 5%-ით დაეცა.