Walter Albini-ს ბრენდის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას Bidayat ავრცელებს. Bidayat შვეიცარიაში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც მოჰამედ რაშიდმა დააარსა. ფონდმა ალბინის IP და არქივები შეისყიდა და ბრენდის განახლება და თავიდან ჩაშვება დააანონსა, სიახლეს BoF ადასტურებს.
იტალიურ მოდაში, ალბინი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომი პერიოდის მთავარი მოთამაშე იყო, მანამ, სანამ ის 42 წლის ასაკში შიდსისგან გარდაიცვალა. Bidayat-ში აცხადებენ, რომ გასულ წელს, არქივების შესყიდვის შემდეგ, მათ უკვე დაიწყეს მუზეუმებთან, გამოცემებთან და ლაქშერი კონსულტანტებთან მოლაპარაკებები, რათა ბრენდის წარმოებაში ჩაშვებამდე მის შესახებ გაზარდონ ცნობადობა.
BoF-თან ექსკლუზიურ განცხადებაში რაშიდი ალბინის “იტალიური მაღალი მოდის უცნობ ბრილიანტს” უწოდებს და ამბობს, რომ “ალბინი იმსახურებს ადგილს ლაქშერი მოდის ცნობილ სახლებს შორის”. რაშიდი Mayhoola for Investments-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, რომელიც ფლობს Balmain-სა და Valentino-ს, თავად Mayhoola for Investments კი, კატარის სამეფო ოჯახის მფლობელობაშია.
Სიახლის გავრცელებისთანავე, დაიწყო სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ფონდი კრეატიულ დირექტორად იტალიელ ალესანდრო მიკელეს განიხილავს. Მას შემდეგ, რაც მიკელემ გუჩი მოულოდნელად დატოვა, მისი სხვა სახლში დანიშნვის შესახებ სიახლე ჭორის დონეზეც არ გვსმენია. BoF ეცადა დაკავშირებოდა ალესანდრო მიკელეს, თუმცა მან, ისევე როგორც რაშიდმა, აღნიშნულ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
პარალელები ალბინისა და მიკელეს გუჩის შორის ადრევე გამოიკვეთა, განსაკუთრებით 1960-იანი წლების სილუეტებში და ძველი ჰოლივუდის გლამურის ინტერპრეტაციაში. თავად მიკელე ხშირად აღნიშნავდა ალბინის მიმართ სიყვარულს ინტერვიუებში.
უოლტერ ალბინი იტალიური Ready-To-Wear სისტემის ერთ-ერთი პირველი მოთამაშე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს “Total Look” პოდიუმზე, ამასთან ის ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც ფლორენციაში ჩვენებების ტრადიციაზე უარი თქვა და მილანში გადაინაცვლა. ამით, სწორედ ალბინიმ შეუწყო ხელი თანამედროვე მილანის მოდის კვირეულის ფორმირებას.
ჯერ კიდევ 1973 წელს, The Sunday Times უოლტერზე წერდა, რომ “ივ სან ლორანისა და კარლ ლაგერფელდის გარდა, არ არსებობდა სხვა დიზაინერი, რომელსაც ისეთივე გავლენა ჰქონდა მოდაზე, როგორც უოლტერ ალბინის.”
ალბინის ესთეტიკა ხშირად კლასიკური ძველი ჰოლივუდის გლამურის გარშემო ტრიალებდა, 1920-იანი წლების გავლენით. ის, როგორც The Sunday Times-ის ამონარიდიდან ჩანს, პარიზში დაფუძნებული ივ სან ლორანისა და კარლ ლაგერფელდის იტალიელი კონკურენტი იყო და წინ უძღვოდა სხვა მისი მშობლიური მოდის ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან ჯორჯო არმანი და ჯანი ვერსაჩე.