Victoria’s Secret-ის ოფიციალური განცხადებით, პროექტის The Victoria’s Secret World Tour პრემიერა 26 სექტემბერს, Amazon-ის სტრიმინგ სერვისზე – Prime Video-ზე შედგება. როგორც ბრენდი პროექტს აღწერს, ეს არის ნაწილობრივ დოკუმენტური ფილმი და ნაწილობრივ ფიზიკური ღონისძიებების სერია. The Victoria’s Secret World Tour აერთიანებს 20 წარმომადგენელი ქალის მოგზაურობას სხვადასხვა ქალაქში და მათი კურატორობით ჩატარებულ ღონისძიებებს. The Victoria’s Secret World Tour 50-ზე მეტ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.
2021 წელს Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. კომპანიის ამ გადაწყვეტილებით, ბრენდში “ანგელოზების” ეპოქა დასრულდა და VS-მა გადაწყვიტა თავის პოლიტიკაში ქალების გაძლიერების მიმართულება პრიორიტეტად ექცია.
ამ დრომდე Victoria’s Secret მასშტაბურ სანახაობრივ მოდის შოუებთან ასოცირდებოდა, რომლის ისტორია 1995 წელს დაიწყო. ბრენდის სპეციალურ კოლექციას, მუსიკალური გაფორმების თანხლებით, რჩეული მოდელები – ე.წ. “ანგელოზები” წარადგენდნენ. “Victoria’s Secret-ის შოუ” 2000-იანების პოპ კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა, 2018 წელს გამართული ჩვენება წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგით შეფასდა. როგორც აღმოჩნდა Victoria’s Secret-ისთვის, ეს ამ ფორმატში ბოლო სანახაობრივი შოუ იყო.
როგორც უკვე აღინიშნა, ახალი სტრატეგია ქალების გაძლიერებას, მათი უფლებების განმტკიცებას, სილამაზის სტერეოტიპების დანგრევას და ინკლუზიურობას მოიაზრებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეარჩია Victoria’s Secret-მა ბრენდის წარმომადგენელი ქალები, რომელთა მსოფლიო ტურსაც დაანონსებული ფილმი – The Victoria’s Secret World Tour აღწერს.
ნახეთ დოკუმენტური ფილმის თიზერი: