ვირჟინი ვიარდის შანელში დიდი ხანია პრობლემები ნათლად ჩანს. Რა თქმა უნდა, რთულია გააგრძელო გზა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ლეგენდარულმა და გავლენიანმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფელდმა დაიწყო, თუმცა, ვერაფერი ამართლებს შანელის კოლექციების ამჟამინდელ მდგომარეობას. 

უახლესი, Cruise 2025 კოლექცია ვიარდმა გუშინ მარსელში წარადგინა. ლოკაციად ისტორიული შენობა შეირჩა, კერძოდ Le Corbusier-ისა და ხელოვან ნადირ ალფონსოს კოლაბორაციით დაპროქტებული საცხოვრებელი კომპლექსი La Cité Radieuse. თუმცა, შენობის ხიბლი ჩვენების პროცესში სრულად დაიკარგა – ფერადი აივნები, რაც კორბუზიეს ხელწერაა, კადრს გარეთ დარჩა, ვინაიდან ჩვენება შენობის სახურავზე გაიმართა, რომლის წინა რიგებშიც, ტრადიციულად, ლილი როუზ დეპი, შარლოტა კაზირაგი და ბრენდის სხვა ამბასადორები ისხდნენ. Ჩვენების “კრუიზულ” ხიბლს ამინდის გაუარესებამაც შეუშალა ხელი, თუმცა ჩვენების ყველაზე დიდი შეცდომა მოდელების პოდიუმზე გამოჩენის შემდეგ გახდა ნათელი. 

კოლექციის ერთიანობაში წყვეტა პირველი (ორი) ლუქის დანახვისთანავე იგრძნობა, ერთმანეთთან არანაირი კავშირის მქონე ორი ლუქის გარდა, შეუსაბამოა პირველი ლუქის ტვიდის პიჯაკისა და სპორტული დეტალების შეხამებაც. მსგავს სტილიზაციას, სამწუხაროდ, სხვა მომდევნო ლუქებშიც ვხვდებით. ჩვენების ყურებისას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული Sample Sale-ის ლუქბუქი გვახსენდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პრიალა ვეგანური ტყავისგან შექმნილი ნახევრად-დახურული ფეხსაცმელი მსგავს სეგმენტებშიც კი ვერ მოხვდებოდა. 

დადებითად შეიძლება შეფასდეს ნაქსოვი სამოსი, განსაკუთრებით საცურაო კოსტიუმები და მოსაცმელები, თუმცა ფერთა პალიტრა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევე, როგორც მათი სტილიზაცია. მოლოდინი, რომ კოლექციაში “რადიუსის” ფერების რეფერენსებს ვიხილავდით, რაც ნაქსოვ ლუქებს ბაცი ლავანდისფერის მაგივრად, ბევრად უფრო მოუხდებოდა, ვერ გამართლდა. როგორც აღმოჩნდა, კოლექციასა და ლოკაციის შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა (გარდა რამდენიმე ლუქის დეტალისა, სადაც კორბუზიეს მოზაიკების მიმსგავსებული რეფერენსები შეგვხვდა, მაგრამ სტილისტიკურად არეულ კოლექციაში, რთულია ეს დანამდვილებით ითქვას.)

Რაც შეეხება Პროვანსალურ რეფერენსებს, აღსანიშნია საპნის ფორმის ჩანთა და ყელსაბამი ციფრით 13 – საპნის წარმოება საფრანგეთის სამხრეთში მდებარე რეგიონის კულტურის განუყოფელი ნაწილია, ნომერი 13 კი მარსელის საფოსტო ციფრია. Სამწუხაროა, რომ ლავანდის მინდვრებითა და 45 კილომეტრიანი სანაპიროთი ცნობილი ქალაქი, რომელშიც ჩრდილოეთ-აფრიკული, ფრანგული ნეო-კლასიკური და ბრუტალისტური არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის, შთამაგონებელი სხვა ვერაფერი აღმოჩნდა. Შესაძლოა, მიზეზი პარიზული “კლიშე” შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც “ცუდი გემოვნება” სწორედ მარსელის სტილთან ასოცირდება. Შესაძლოა ეს კოლექციის ჩაფიქრებულ რეფერენსად აღვიქვათ?! 

Მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვირჟინი ვიარდის შემოქმედების დადებითად შეფასება ყველაზე დახვეწილი და დიპლომატიური ხელწერის მქონე ჟურნალისტებისთვისაც რთულია, ციფრები სხვა ისტორიას ყვება. 2023 წლის მონაცემებით, შანელის გაყიდვები 27%-ითაა გაზრდილი. ვირჟინისა და Chanel SAS-ის პრეზიდენტის, ბრუნო პავლოვსკის თქმით, ბრენდი ახალგაზრდა მომხმარებლების სეგმენტზე მუშაობს, რაც, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჯენ-ზის საყვარელ რამდენიმე ინფლუენსერთან თანამშრომლობით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ლილი-როუზ დეპის გარდა, ამ ეტაპისთვის სხვა ვერც ერთ ახალგაზრდასთან თანამშრომლობამ ვერ გაამართლა (მაგალითად, უიტნი პიკთან). 

WWD-სთან საუბარში ჩვენების შემდეგ, ბრუნო პავლოვსკის ჟურნალისტმა გავრცელებულ ჭორებზე დაუსვა კითხვა, ედი სლიმანის შანელში შესაძლო დანიშნვასთან დაკავშირებით, რაზეც პავლოვსკიმ კითხვას ორაზროვანი კითხვით უპასუხა, “ვირჟინი, თითქოს, კარგ ფორმაშია, არა?”

იხილეთ ჩვენება სრულად: