თუ რამდენიმე წლით უკან დავბრუნდებით და მოდაში აქტუალურ ტრენდებს გადავხედავთ, მათ შორის შეუმჩნეველი არ დაგვრჩება წვრილი სათვალეები. 2017 წლიდან მათზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მატულობდა. ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც ამ ტრედთან ასოცირდება არის KEBURIA, რომლის Cat Eye სილუეტი იყო ყველგან – პოდიუმზე, ქუჩაში თუ ჟურნალების გვერდებზე. ის ამშვენებდა საზოგადოებისთვის არაერთ ცნობილ პიროვნებას, დაწყებული ჯიჯი და ბელა ჰადიდებით, დამთავრებული სოლანჟ ნოულსით და რიანათი. ფუტურისტული ესთეტიკის და, ამავდროულად, კლასიკური Cat Eye დიზაინის მქონე სათვალეებმა ქართველ დიზაინერ გიორგი ქებურიას და მის ბრენდს საერთაშორისო ცნობადობა მოუტანა. და ეს პროდუქტი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც KEBURIA-ს პირველ ფიზიკურ მაღაზიაში ნახავთ.

© KEBURIA
მაღაზია თბილისში, მერაბ კოსტავას 13 ნომერში გაიხსნა. დიზაინი სანდრო კვირიკაძეს ეკუთვნის, რომელმაც KEBURIA-ს ნამუშევრების წარმოსაჩენად ვერცხლისფერი მეტალით და სარკეებით მოპირკეთებული მინიმალისტური და ორიგინალური გარემო შექმნა. როგორც გიორგი ქებურიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისი მთავარი მოთხოვნა იყო, შედეგი ფუტურისტული, სადა და მკაცრი ყოფილიყო, რომელსაც საკუთარი კოლექციით გაამრვალფეროვნებდა. მაღაზიაში მოხვედრისთანავე, მომხმარებლის ყურადღებას, უპირველესყოვლისა, კედელზე დამონტაჟებული მონიტორი იქცევს, რომელიც სათვალეების თაროს ფუნქციასაც ასრულებს. მის ფერად ფონზე უწყვეტად მეორდება ბრენდის სახელწოდება. ასეთივე ტიპის მონიტორს ვხვდებით კონტრასტულ, ყავისფერ გასახდელ ოთახში, იტაკსა და კედელს შორის.


© KEBURIA
გარდა უკვე აღნიშნული პროდუქტისა, მაღაზიაში წარმოდგენილია სხვა სტილის სათვალეები და ტანსაცმლის ready-to-wear კოლექცია. დიზაინერის თქმით, ეცადნენ, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის ფასები დაეწიათ, რადგან ექსპორტზე მუშაობენ და სხვა თანხებში უწევთ პროდუქციის გაყიდვა. “სეგმენტს ძალიან ვაკვირდები, ყოველთვის ექსპორტზე ვმუშაობდით და თბილისში გაყიდვები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ახალი გამოწვევაა,” – ამბობს ის.

© KEBURIA
მართალია KEBURIA-ს ფიზიკური მაღაზია ამ დრომდე არ ჰქონია, მაგრამ ბრენდს ყოველთვის ჰყავდა ქართველი მომხმარებლები, რომლებიც ძირითადად ონლაინ ყიდულობდნენ სასურველ ნივთებს. ახალი სივრცე კი ბრენდს ახალი მომხმარებლების მოზიდვაშიც დაეხმარება.