სექსუალური შეიძლება იყოს სიტყვა, რომელსაც არასოდეს გამოიყენებთ ალესანდო მიკელეს გუჩის დახასიათებისას, მაგრამ ამ სეზონზე დიზაინერს სურდა კოლექციას სწორედ ამ სიტყვასთან დაკავშირებული ასოციაციები გამოეწვია. დიახ, ალესანდრო მიკელემ ბრენდის მიმართულების შეცვლა გადაწყვიტა და ამისთვის იგი გუჩის საწყისებს მიუბრუნდა, ხოლო 70-იანების ნოსტალგია, მოდაში ყველაზე ამაღელვებელი დეკადით,  90-იანებით ჩაანაცვლა. თუ რატომ 90-იანები, ამაზე მარტივ პასუხს ისევ დიზაინერი გვთავაზობს: ტომ ფორდისა და მიუჩია პრადას გამო, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ამ დეკადის განსაზღვრაში – პრადამ თავისი „ugly chick” ესთეტიკით, ხოლო ტომმა უკიდეგანო გლამურითა და სექსით.

როდესაც სექსუალურობაზე ალესანდრო მიკელე საუბრობს, უნდა იცოდე, რომ ამას იგი პირდაპირი მნიშვნელობით არ გულისხმობს. არა, მისი წარმოდგენები ცნებების შესახებ განსხვავებულია, თავისუფალია შაბლონური აზროვნებისგან, ისინი მის გონებაში წარმოიქმნება, იქ იძენენ განსაზღვრებებს და შემდგომ თავისებურ გამოხატულებას მის კოლექციებში პოულობენ. სრულიად შესაძლებელია ახალ კოლექციაში წარმოდგენილი ლუქები სექსუალურად არ მიიჩნიო, რადგან თითქმის არ გვხვდება ძლიერი სილუეტები, რომლებიც ქალის სხეულს განსაკუთრებულ სენსუალობას სძენენ. კოლექციაში იგრძნობა ტომ ფორდის გუჩის გავლენა, რაც გამჭირვალე სამოსსით, კაბის ჭრებით, ღრმა დეკოლტით, ჩახსნილი პიჯაკებითა და ქვედაბოლოებით გამოიხატა. სთაილინგი კი პრადას ასოციაციებს იწვევდა. მიუხედავად ამისა, 90-იანების პიონერი დიზაინერების გავლენები შესაძლოა ვერც კი შეგემჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლალოს გუჩის კოდებით იყო გადმოცემული. კოლექციის ყურებისას გაუცხოვების გრძნობა მაინც არ გტოვებს, რადგან აცნობიერებ, რომ ეს ჩვენება განსხვავდება იმისგან, რასაც მიკელე აქამდე გვთავაზობდა.

გუჩი გაზაფხული/ზაფხული 2020

გუჩის გაყიდვებმა შენელება დაიწყო, რაც შეიძლება იყოს ლოგიკური მიზეზი ბრენდის ახალ მიმართულების ასახსნელად. მიკელემ იგრძნო, რომ ბრენდი მონოტონური ხდებოდა და გადაწყვიტა გუჩიში ცვლილებები განეხორციელებინა, რათა მოსაწყენი არ გამხდარიყო.

„მოწყენილობის მეშინია. ყოველთვის რაიმე ახალი უნდა ვცადო“ – ალესანდრო მიკელ

ცვლილება მხოლოდ ბრენდის მიმართულებას არ შეხებია. გუჩის ჩვენებები ყოველთვის მილანის მოდის კვირეულის დასაწყისში იმართებოდა, მაგრამ ამჯერად ეს უკანსაკნელი გუჩის ჩვენებით დაიხურა. როგორც WWD-სთან ინტერვიუდან ვიგებთ, გუჩიში მოსვლიდან 5 წლის შემდეგ ალესანდრო მიკელე იმ ეტაპზეა, როდესაც მართლა სიამოვნებს იყოს დიზაინერი, მაგრამ ასევე აღნიშნავს, იმ სირთულეებს, რაც ამ პროცესს თან სდევს.

რაც შეეხება მამაკაცისა ლუქებსა და აქსესუარებს, ისინი კვლავ 70-იანებით იყო შთაგონებული.

ჩვენების განხილვისას გვერდს ვერ ავუვლით მის საკამათო დასაწყისს. ჩვენება დამაწყნარებელი პერანგებით შემოსილმა მოდელებმა გახსნეს, რასაც ერთი მოდელისგან პროტესტიც მოჰყვა. როგორც ბრენდის განცხადებიდან ვიგებთ, ზემოთხსენებული სამოსი იყო ექსტრემალური გამოხატულება იმ უნიფორმებისა, რომელსაც საზოგადოება განსაზღვრავს და აკონტროლებს, თუ როგორ გამოიყენება ძალაუფლება იდენტობის გასანადგურებლად. დავა შეიძლება, რომ მიკელეს საკუთარი სათქმელის უკეთესად გამოხატვა შეეძლო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი შეუზღუდავი შემოქმედებითობის მიუხედავად, ის საკუთარ სათქმელს ყოველთვის მინიმალისტურად, მარტივად გამოხატავდა.

ალესანდრო მიკელემ უდიდესი გავლენა იქონია გასული დეკადის მეორე ნახევარში მოდის ფორმირებაზე. მან გუჩიში რევოლუცია მოახდინა და ბრენდის იდენტობა საკუთარი კოდებით დაწერა. დღეს, როდესაც ბრენდი მიმართულებას იცვლის, ის კვლავ რჩება საკუთარი ხედვისა და კოდების ერთგული, მაშინაც, თუ იგი ბრენდის რეტროსპექტივას აკეთებს გუჩის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპიდან. ბრენდმა მიმართულება შეიცვალა და დამაინტრიგებელია, თუ რას გვიმზადებს ალესანდრო მიკელე მომავლისთვის. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: გუჩი ალესანდროს ხელმძღვანელობით ყოველთვის იქნება ავთენტური.