მე-20 საუკუნის გვიანი მოდის გახსენებისას, წარმოუდგენელია არ ვიფიქროთ გენიალურ რომეო გიგლზე, რომელმაც მოდაში ერთგვარი რომანტიკული რენესანსი გამოიწვია. 1980-იან და ადრეულ 1990-იან წლებში, რომეო იტალიელი დიზაინერების ახალი თაობის ლიდერი იყო, მან თვით ჯორჯო არმანის დიდებაც კი დაჩრდილა. გვიანი 80-იანების იტალიური მოდა გადაიტვირთა ჯანი ვერსაჩესა და ჯორჯო არმანის პირველობისთვის ბრძოლითა და “დუელით”, რომეო კი იმდენად განსხვავებული იყო ორივესგან, რომ მან მალევე მიიღო “იტალიური მოდის მომავლის” სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოპულარობა მალევე დასრულდა, ბიზნეს პარტნიორებთან უთანხმოების გამო, მან უძვირფასესი მემკვიდრეობა და წარუშლელი კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიაში.

lauramerioni.com

რომეო იტალიაში მდიდარ და არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მამამისს ანტიკვარული წიგნების ბიზნესი ჰქონდა, რასაც რომეო ხშირად უკავშირებდა საკუთარ ხელოვნებას, “ჩემი შთაგონება მე-15 და მე-16 საუკუნეების ნახატებისგან და წიგნებისგან მოდის”, ამბობდა ის. რომეოს დედას კი მოსავდნენ კრისტიან დიორი და კრისტობალ ბალენსიაგა. მიუხედავად ოჯახის წარმატებული ბიზნესისა, რომეომ გადაწყვიტა საკუთარი გზით წასულიყო და 2 წლის განმავლობაში არქიტექტურას სწავლობდა, მოგზაურობდა ევროპის დიდ ქალაქებში, პარიზსა და ლონდონში, ხოლო იტალიაში დაბრუნებულს, ბოლონიურმა პრესტიჟულმა ბუტიკმა მას ტანსაცმლის ხაზის დიზაინის შექმნა სთხოვა. ევროპაში მოგზაურობით შთაგონებული რომეოს ავანგარდულ კოლექციას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, ეს თავად რომეოსაც მოეწონა და სწორედ ასე დაიწყო მისი, როგორც დიზაინერის კარიერა.

1978 წელს ის Piertro Dimitri-მ ნიუ-იორკში მიიწვია და მამაკაცის ხაზის დიზაინერის ექსკლუზიური კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ამბიციურმა რომეომ ნიუ-იორკში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, იტალიაში დაბრუნდა და 1983 წელს საკუთარი ბრენდი შექმნა. მოდური პრესისა და საზოგადოების მხრიდან ყურადღება მომენტალური იყო. მისი არა კონსტრუქციული, მსუბუქი, ჰაეროვანი და ნაზი დიზაინი ქალების მოდაში ახალი სიტყვა წარმოჩინდა. ამ ყველაფერს მონატრებულმა ევროპელმა მდიდარმა ქალებმა კი მის სამოსზე ნამდვილი ნადირობა დაიწყეს. 1989 წელს რომეომ ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგა და ჩვენებები მილანიდან პარიზში გადაიტანა.

გიგლის ჩვენებების წინა რიგებში გროვდებოდნენ მისი თაყვანისმცემლები და აღმერთებდნენ მის დიზაინს, როგორც კულტის წევრები. რენესანსული მდიდრულობის, იაპონური სიმსუბუქისა და პანკის მეამბოხეობის ნაზავს არნახული რეაგირება მოჰყვა. რომეოს წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მისი ნაჭრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაც იყო. ის ფერების ნაცვლად აქცენტს მათ ტექსტურასა და ზედაპირზე აკეთებდა, აბრეშუმი, შიფონი, კოტონი – მდიდრულ ნაჭრებს რომეო მსოფლიოს გარშემო ეძებდა. ის თამაშობდა მათი შეხამებით და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ, თუმცა ძალიან ესთეტიკურ ლუქებს ქმნიდა. ერთხელ, რომეო ნაჭრების საყიდლად ინდოეთში წავიდა, ხოლო მილანში დაბრუნებულმა მთელი თავისი მაღაზიის ინტერიერი შეცვალა, გასაყიდი სამოსი აიღო და ბუტიკში სარის გამოფენა გააკეთა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს ისინი ენახა. რომეოსთვის სამოსი სახვითი ხელოვნების მაგვარი რამ იყო, მას ტანსაცმელი აღაფრთოვანებდა ისევე, როგორც ტილოები და ფრესკები. რომეოს მეამბოხეობა სხვა მხრივადაც გამოიხატებოდა, ის პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც საკუთარ ბუტიკში სხვა დიზაინერების სამოსი გაყიდა; მის მილანის მაღაზიაში ჟან პოლ გოტიესა და სიბილის სამოსი იყიდებოდა.

მისი მუზები ფერმკრთალი, თხელი მოდელები იყვნენ, რომლებიც პოდიუმზე მარი ანტუანეტასა და მათ სამეგობრო წრეს მოგაგონებდათ. კრისტენ ოუენთან და პაოლო როვერსისთან თანამშრომლობამ რომეოს სახელი მოდის სამყაროში ლეგენდად აქცია. ეს სტატუსი მოგვიანებით იმ ფაქტმა გაამყარა, რომ მან ადრეულ 90-იანებში სტუდიაში სტაჟიორად ახალგაზრდა დამწყები დიზაინერი, ალექსანდრ მაკქუინი აიყვანა. BOF-ის თიმ ბლენქსმა რომეოს 1990 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია თავის ყველა დროის რჩეულ ჩვენებებს შორის დაასახელა. “რომეოს მყიფე არსის განსახიერება, კრისტენ ოუენი პოდიუმზე ბიზანტიელ იმპერატორს, თეოდორას გავდა, გრძელი საყურეებითა და ბროლის დიადემით, მთელი შოუ საოცნებო სამყაროში ტელეპორტირების მაგვარი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით ლიზ ფრეიზერის ანგელოზური ხმისა და ძმები კოკტოების გიტარის ფონზე” იხსენებს ჟურნალისტი. ტრაგიკულად ხანმოკლე კარიერის განმავლობაში რომეომ მოასწრო ძალიან ბევრი რამისთვის მიეღწია, თუმცა ეს მიღწევები რომც დავივიწყოთ, რომეომ მოდის სამყაროს გააცნო ლი მაკქუინი, რომლის გარეშეც თანამედროვე მოდა სულაც არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის ახლა.

Tags :