ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ისეთ შემოქმედებით ინდუსტრიაში, როგორიც მოდის სამყაროა, ახალი ბრენდი, პროდუქტი, თუ ნებისმიერი სახის ნამუშევარი იდეიდან იბადება – იდეიდან, რომელიც არის კარი იმ რეალობაში, სადაც შეუძლებელი არაფერია. თუ მოდის, როგორც კულტურული და სოციალური ფენომენის დიდ ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები და ისტორიული მოვლენები, სწორედ იდეის ერთგულებით დაიწყო. მიუხედავად წარსულის ასეთი გამოცდილებისა, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და არა მხოლოდ, ხშირად აქვთ პოზიცია, რომ მრავალი სირთულით სავსე რეალობაში, ვერაფერს შევცვლიან. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ყველაზე კრიტიკულ და წინააღმდეგობებით სავსე პირობებში განხორციელებული ჩანაფიქრი, ხშირად, ყველაზე ღირებული და წარმატებულიც გამოდის. 

ამის ნათელი მაგალითია ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი – RECKLESS. სწორედ ის არის მთავარი გმირი საინტერესო და ორიგინალური ვიდეოსი, რომელიც საქართველოს ბანკმა გამოაქვეყნა კამპანიის „გზა სულ არის“ ფარგლებში. შემთხვევითი არ არის, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთ სახედ „რექლესი“ იქცა.  „გზა სულ არის“ გამოხატავს  იდეას, რომ მომავლისაკენ სვლა სრულად ჩვენზე დამოკიდებული პროცესია. ეს არის კამპანია, რომელიც ცდილობს შეეწინააღმდეგოს ვირუსულად გადამდებ ნიჰილიზმის გრძნობას, რომელიც გამოიხატება ფრაზაში – “სხვა გზა არ არის”.

“გვინდა, რომ მოტივაცია არასდროს დავკარგოთ, ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და ყოველთვის დავუმტკიცოთ საკუთარ თავს (თუ სხვებს) — “გზა სულ არის” – ამბობენ პროექტის იდეის ავტორები

ვიდეოში ბევრ საინტერესო გზავნილს ვხვდებით. მისი ნახვის შემდეგ, შეუძლებელია ამ ბრენდით არ დაინტერესდე. რამდენადაც „რექლესი“ ინდუსტრიისათვის ერთ-ერთი საინტერესო სიახლეა, გადავწყვიტეთ, ის კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ. ამისათვის კი, ბრენდის იდეის ავტორს და დამფუძნებელს  – სალომე გველესიანს ვესაუბრეთ. 

“ბრენდი ჩემი შვილის, ნიკა ჯორჯაძის სახელზე შევქმენი. 15 წლის ასაკში, მან მოახერხა და საკმაოდ დიდი შემოქმედებითი მასალა დატოვა თავისი მუსიკის, ანიმაციის და სხვა სახით. განსაკუთრებული სტილი ჰქონდა და შეეძლო ეს სტილი თავისი ასაკის ადამიანებამდე მიეტანა.  შეუძლებელი  იყო, ამ მასალის უგელვებელყოფა და მასთან ერთად, მისი საქმეებისთვის წერტილის დასმა. RECKLESS-ის შექმნის იდეა საკმაოდ ბუნებრივად მოვიდა – ტანსაცმლით ყველაფრის თქმა შეგიძლია.  კოლექციების შინაარსი, ფერი, ფორმა – ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევს, უამრავ თემას შეეხო, რომელიც მოზარდებს აწუხებთ. „რექლესი“ მათ სათქმელს ამბობს, მათ შიშებს, სიმარტოვეს ეხმიანება.”

ბრენდი იდეურად თინეიჯერებზე  და მათ ცხოვრებაზე ფოკუსირდა, შესაბამისად, მომხმარებელიც თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული იყო. თუმცა, გაყიდვებმა უფრო საინტერესო სურათი აჩვენა –  აღმოჩნდა, რომ ასაკობრივი სეგმენტი გასცდა თავიდან განსაზღვრულ აუდიტორიას და 15-25 წლის ასაკის ადამიანებიც დაინტერესდნენ პირველი კოლექციით. ბრენდის ხასიათის შესახებ კითხვაზე პასუხი კი ასეთია – ეს არის თავქარიანი, ხან ცინიკოსი, ხან სევდიანი, მაგრამ საერთო ჯამში ის ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ უნდა თამაში –  პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თამაში გართობის თვალსაზრისით და თამაში, როგორც ცხოვრების წესი”. 

ტანისამოსის ბრენდი,  თანამედროვე ინდუსტრიაში არ აღიქმება მხოლოდ ვიზუალურ პროდუქტად, მას აქვს თავისი სამეტყველო ენა, მთავარი მესიჯები, რასაც გადასცემს მომხმარებელს და ასევე საზოგადოებას, რომელიც მაყურებლის პოზიციაშია. სწორედ ამ იდეას იზიარებს RECKLESS, რაც მას კიდევ უფრო მეტად აახლოვებს მომხმარებელთან  –დღევანდელ  სამყაროში, დიზაინი და ინდივიდუალური სტილი არის შენი ყველაზე მთავარი საკომუნიკაციო ენა.  ეს არის საკმაოდ მკაფიო განაცხადი, რომლითაც სამყაროს ეუბნები ვინ ხარ, რა იდენტობას ატარებ, თუნდაც, უბრალოდ,როგორ ხასიათზე ხარ იმ დღეს. ჩვენს კოლექციებს ამ პრიზმიდან ვუყურებთ, შესაბამისად, ყველაფერი რასაც ვქმნით, მკაფიო ვიზუალურ ფორმას ატარებს, რომლითაც ვეხმიანებით იმას, რაც არ მოგვწონს, რაც მიუღებელი, მოძველებული, არარელევანტური და ძალადობრივია. RECKLESS არ არის მხოლოდ სამოსი, ეს არის მოზარდების კომუნა, სადაც დაკვირვება, რეფლექსია მუდმივი პროცესია, ჩვენ მათ ვირეკლავთ და ისინი  – ჩვენ”

„რექლესის“ მიზანია, თავისი კომუნის საზღვრები გააფართოვოს, ხმა მიაწვდინოს ყველა მოზარდს, რომელიც მარტობას გრძნობს და თავი რაღაც დიდის ნაწილად აგრძნობინოს. როგორც სალომე ამბობს, ბრენდში ყველაფერი კეთდება ქვეყნის გარეთ გასასვლელად, თუმცა, ადგილობრივი მომხმარებელი –  Local Reckless Kids, ბრენდის შემქმნელების ზრუნვის და სიყვარულის მთავარი ობიექტები არიან.

RECKLESS-ის გაცნობისას, ცხადია იბადება მთავარი კითხვა – ვინ ქმნის დიზაინს. კოლექციების უკან ახალგაზრდა არტისტები არიან, უფრო კონკრეტულად კი, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტები. მასუ მწარიაშვილი, ანკა ქოიავა, ლიზა ყაჯრიშვილი – ეს არის ერთმანეთისგან განსხვავებული სამი დიზაინერი, რომლებიც ამავდროულად საოცარ ერთიანობას და ჰარმონიულობას აღწევენ, როდესაც საქმე ერთ კონკრეტულ პროდუქტამდე მიდის. მიუხედავად მრავალფეროვნებისა და მრავალი სიმბოლიკისა, ბრენდი ყოველთვის ახერხებს შეინარჩუნოს სისადავე და სრულად დაიცალოს გავლენებისაგან. 

როგორც უკვე გითხარით, ბრენდი ბაზარზე სულ ახლახანს გამოჩნდა, თუმცა, მან უკვე განსაკუთრებული ნიშა დაიკავა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აღსანიშნავია იმის გათვალისწინებით, რომ „რექლესს“ პირველი ნაბიჯების გადადგმა და მომხმარებლისათვის საკუთარი თავის წარდგენა პანდემიის პირობებში მოუწია. მიუხედავად მრავალი ობიექტური სირთულისა, ბრენდი არ ჩერდება. როგორც საუბრისას გავიგეთ, ბრენდი წლის განმავლობაში ორი კოლექციიის და პერიოდულად კაფსულა კოლექციების გამოშვებას გეგმავს. რაც შეეხება, კოლექციების შეძენას, ეს შესაძელებელია ვებ-გვერდზე www.reckless.ge  ასევე მაღაზიებში  – IERI და Buyers. 

ვიდეოს შექმნაზე იმუშავეს:

ღმასრულებელი პროდუსერი: მარიშა მინაზარიშვილი, ნინუცა ოქროპირიძე

შემოქმედებითი ხელმძღვანელი და რეჟისორი: ნატა სოფრომაძე

დამდგმელი ოპერატორი: ირაკლი მეტრეველი

მონტაჟი: თამუნა ქარუმიძე, ნოდარ ნოზაძე

ტექნიკური ჯგუფი: Terra Incognita Films 

ფოკუს პულერი: გიორგი მედულაშვილი 

დრონი: ნიკა ჟღენტი

გამნათებლები: ბაჩო ფირცხალაიშვილი, ლუკა ხიდეშელი 

კოსტუმების მხატვარი: ნინო ზაუტაშვილი 

რიმი: ანა გადელია 

თმის სტილისტი: ვიქტორია გიგიაშვილი

ქასთი: ლუკა ტაბატაძე, ტასო გვარამაძე, ანო ვაჩნაძე, ოთო ოთარიძე, ნიკა გურჩიანი, ირაკლი სისაური, გიორგი მოწონელიძე

ფოტო: ნატა სოფრომაძე