როდესაც საქმე მოდის ფოტოგრაფიასა და ზოგადად ხელოვნებას ეხება, მთავარ გამოწვევას ისეთი ხელწერის შექმნა წარმოადგენს, რომელსაც საკმარისად ძლიერი და უნიკალური იდენტობა აქვს, საიმისოდ, რომ ერთი შეხედვითაც ადვილი ამოსაცნობი და დასამახსოვრებელი გახდეს. ძლიერი ხელწერის ჩამოყალიბებას, ხშირად, დრო, სწავლა და დიდი პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ არსებობენ ისეთი არტისტებიც, რომელთა შემთხვევაშიც, ყველაფერი თავისთავად ხდება. ეს ზუსტად ის არის, რასაც ნიჭს ვუწოდებთ. დავით გიორგაძის შემთხვევაშიც, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. იგი პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის, Vogue -ის გარეკანი გადაიღო. ეს ფაქტი თავისთავად მრავლისმთქმელია, თუმცა აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ გიორგაძე არასდროს ყოფილა უბრალოდ მოდის ფოტოგრაფი, ის ყოველთვის ამჟღავნებდა ინტერესს ვიზუალური ხელოვნების, ფოტოგრაფიის და მოდის, როგორც სოციალური თუ პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებელი პლატფორმის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია მისი ახალი ინიციატივაც, წიგნი სახელწოდებით – “All The Love And None At The Same Time”, რომელსაც They Said Books წარმოადგენს.

They Said Books-ის გამოცემულ ახალ წიგნში, გიორგაძემ თავისი ათწლიანი კოლექცია გააერთიანა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ნამუშევრებს და არა მხოლოდ ფოტოებს, არამედ – ფერწერებს, კოლაჟებსა და ჩანაწერებს. „ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო ვიზუალური ხელოვნება და დაკვირვება. პირველად დოკუმენტური ფოტოგრაფიით დავიწყე, პარალელურად ფერწერა და სკულპტურა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.“ – თქვა გიორგაძემ Fashionholics Online-თან ინტერვიუში, მას შემდეგ, რაც 2021 წელს, ბრიტანეთის მოდის საბჭომ 50 გამორჩეულ ახალგაზრდა შემოქმედს შორის დაასახელა. “მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტივებს, აძლევს ხმას და ხილვადობას ანიჭებს პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია.” – ასე ახასიათებს დავითს ბრიტანული მოდის საბჭო. აღსანიშნავია, რომ წიგნში, არტისტის ნამუშევრებთან ერთად, შესულია უახლესი ინტერვიუც, ამერიკელი მწერლის, მაიკლ ბულოკის ავტორობით.

ახლა გიორგაძე გერმანიასა და ამერიკაში ცხოვრობს. მას არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბრენდთან აქვს თანამშრომლობა, მათ შორისაა: Burberry, Helmut Lang, Saint Laurent, Mugler, GmbH, Nina Ricci და ა.შ. თუმცა მის შემოქმედებასა და ცხოვრებაშიც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ამიტომ, მისი სურვილით, წიგნის პრეზენტაცია პირველად სწორედ საქართველოში, თბილისში გაიმართება. ღონისძიებას 7 ივნისს, They Said Books-ის მაღაზია უმასპინძლებს. პრეზენტაციის მეორე დღეს, 8 ივნისს იგეგმება გამოფენაც, რომელიც ინგოროყვას 21 ნომერში, They Said Book-ის დროებით საგამოფენო სივრცეში მოეწყობა. ექსპოზიცია დავით გიორგაძის შერჩეულ ნამუშევრებს მოიცავს და მისი მხარდამჭერი გახლავთ SOLO.

სიმბოლურია ისიც, რომ არტისტმა ამ მნიშვნელოვან პროექტზე სწორედ They Said Books – თან ითანამშრომლა. სივრცე არაერთ ვიზუალურად მდიდარ სახელოვნებო წიგნს აერთიანებს და არა მხოლოდ. They Said Books-ში წარმოდგენილია ის საერთაშორისო გამოცემებიც, რომელთა გვერდებზეც ხშირად ვხედავთ დავით გიორგაძის ნამუშევრებს. „2018 წელს, როდესაც წიგნის კონცეპტუალური მაღაზია გავხსენით, წიგნების მრავალფეროვან კოლექციასთან ერთად, ე.წ. დამოუკიდებელი ჟურნალების დიდი სელექციაც შემოვიტანეთ თბილისში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპის ჟურნალები, ქართულ ბაზარზე გახდა ხელმისაწვდომი დაინტერესებული ადამიანებისთვის. დავით გიორგაძის შესახებ რა თქმა უნდა მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ თითქმის ყველა თანამედროვე გამოცემაში, თუ მის გარეკანზე, დავითის ფოტოების აღმოჩენას ყოველ ჯერზე ახალი სიხარული და მის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესი მოჰქონდა. მაშინვე გაჩნდა უდიდესი სურვილი მისი წიგნის გამომცემელი They Said Books ყოფილიყო. დავითს ბერლინში ჩვენს საერთო მეგობართან შევხვდით. კიდევ უფრო მეტი აღფრთოვანება გაჩნდა, როცა ამ იდეას უშუალოდ და მარტივად დათანხმდა. მის მხარდაჭერას, როგორც წიგნის მაღაზია, დისტანციურად, გახსნის დღიდან ვგრძნობდით. წიგნზე ფრანგ და კორეელ დიზაინერებთან ერთად ვიმუშავეთ.” – აღნიშნა They Said Books-ის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში.

შეიძლება ითქვას, რომ They Said Books -მა პირველივე დღიდან დაამკვიდრა მაღალი სტანდარტი, როგორც კულტურულად მამოძრავებელმა ძალამ. ეს არის მეტი, ვიდრე კომერციული სივრცე, წიგნის მაღაზია და უკვე გამომცემლობაც ახლებური გაგებით, რომელიც მუდმივად ცდილობს საინტერესო ხელოვანები კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნოს. „მოდის ფოტოგრაფია არის შესაძლებლობა, რომელსაც აქვს ყველანაირი გამოხატვის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის და იმის ცოდნა, თუ რა გაქვს სათქმელი, როგორც ინდივიდს.“ – ამბობს გიორგაძე. ის რომ ახალგაზრდა ქართველ არტისტს კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი, ამაში ახალი წიგნიც გვარწმუნებს.

თბილისში წიგნი ხელმისაწვდომი 7 ივნისიდან იქნება, უკვე შემოდგომიდან კი, “All The Love And None At The Same Time”-ის პრეზენტაციები პარიზში და ნიუ იორკში მოეწყობა, რის შემდეგაც, ის ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში, წიგნების ცნობილი მაღაზიების თაროებზეც გამოჩნდება.