ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის, დიალოგებში – “ტიმეოსი” და “კრიტიასი” შემონახული ცნობები მითიური ატლანტიდის შესახებ გახდა ერთ-ერთი შთაგონება, ალბათ, ყველაზე სრულყოფილი ჩვენებისთვის, რომელიც ოდესმე გამართულა. მასზე მუშაობა ალექსანდრ მაკქუინმა იმ იდეით დაიწყო, რომ ეს მისი ბოლო შოუ უნდა ყოფილიყო.  ინსპირაციას, პირველ რიგში, სახელწოდება ცხადყოფს. დიზაინერმა მას “Plato’s Atlantis” უწოდა.

თუ მანამდე მაკქუინმა ჩარლზ დარვინის სახეობათა ბუნებრივი გადარჩევის შესახებ წამოყენებული თეორიები პირდაპირი მნიშვნელობით მოიშველია (გაზაფხული/ზაფხული 2009), ამჯერად სიცოცხლის წყლიდან წარმოშობასთან დაკავშირებული მოსაზრების თავისებური, წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაცია მოახდინა და გადაწყვიტა ეჩვენებინა თუ “როგორ ვუბრუნდებით ზღვას.”

გამოფენა – “Alexander McQueen: Savage Beauty”
© V&A Museum

ამ ჩვენებით მოდის ინდუსტრიის ჯერ კიდევ არაერთი დახურული კარი გაიღო, რომელში შესვლაც ბევრ ადამიანს მანამდე არ შეეძლო. ამიერიდან ეს სფერო აღარ იყო ისეთი მიუწვდომელი, როგორიც ადრე. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, როცა ბრიტანელი დიზაინერის გენიალური ქმნილებს გავიხსენებთ.

მაკქუინმა თავის პირველივე ჩვენებაზე შეძლო ის, რასაც მხოლოდ ერთეულები ახერხებენ – შეექმნა ახალი სილუეტი. ‘Bumster,’ რომელიც “სხეულს აგრძელებდა” მისი შემოქმედების განუყოფელ ნაწილად იქცა. და მან ამჯერადაც მიზნად დაისახა შეექმნა სრულიად ავთენტური ფორმა. “არ მინდა, სხვა ფორმები მოვიშველიო, რეფერენსად არაფრის გამოყენება მსურს, არც სურათის, არც ნახატის. მინდა, ის სრულიად ახალი იყოს,” – განაცხადა დიზაინერმა და მან მართლაც შეძლო შეექმნა ფორმა, რომელიც მხოლოდ ალექსანდრ მაკქუინი იქნებოდა.

Alexander McQueen გაზაფხული/ზაფხული 2010
© Vogue Runway

შვეიცარიელი სიურეალისტი მხატვრის, ჰანს რუდოლფ გიგერის, ნამუშევრების და ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის შთაგონებით ოცდათექვსმეტი უნიკალური პრინტი შეიქმნა. ისინი იდეალურად განთავსდა მაკქუინის დიზაინზე და გამორჩეულ სილუეტებს წარმოუდგენელი მშვენიერება შესძინა. ლის ხელოვნების ნიმუშები იმსახურებდა, ისინი იმაზე ფართო აუდიტორიას ეხილა, ვიდრე ეს მაშინ ტრადიციულ მოდურ პრეზენტაციებზე ხდებოდა. 2010 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე პირველად გახდა შესაძლებელი მნიშვნელოვანი ბრენდების ჩვენების ლაივ-რეჟიმში ყურება. ეს ასევე ინდუსტრიის საზღვრების გაფართოების დასაწყისიც იყო. 

ლიმ თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ნიკ ნაითს მიმართა, რომელიც დიზაინერს სიამოვნებით დასთანხმდა. 2009 წლის 6 ოქტომბერს ნაითის პლატფორმა SHOWstudio-ზე ისტორიული ჩვენების გამართვა დაიგეგმა. როგორც სხვა ყველაფერი შოუზე, ესეც სრულფასოვნად უნდა მომხდარიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი სიზუსტით იყო გაწერილი, არსებობდა შანსი მოვლენები არასასურველი სცენარით განვითარებულიყო.

“თითოეული ავტომატურად მართვადი რობოტი წინასწარ იყო დაპროგრამებული,” – განაცხადა ნაითმა Dazed-თან საუბრისას. “ისინი არავის მიერ იმართებოდა, ამიტომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, მათ ქცევას ვერ შევცვლიდით. ერთი მოდელიც რომ დავარდნილიყო ან სვლა შეენელებინა, მთელი ჩვენება სრულ კატასტროფას განიცდიდა. როცა ამ ფეხსაცმელებით რეპეტიცია გვქონდა, თითქმის ყველა მოდელი ერთსა და იმავე რამეს ამბობდა: “ამეებს არ ჩავიცვამ.” ლიმ ისინი გაამხნევა, უთხრა რაც საჭირო იყო – შემდეგ ყველანი გამოვიდნენ და არცერთი მათგანი დაცემულა. ის, რაც რეპეტიციაზე ვერ მოვახერხეთ გუიდოს თმის გამოცდა იყო, მისი შექმნილი ვარცხნილობა კი ძალიან მაღალი იყო. ამის გამო, მოდელები კიდევ უფრო ამაღლდნენ, რობოტების დაპროგრამებისას კი თმაზე არავინ ფიქრობდა, ამიტომ ისინი მოდელებს სულ ოდნავ ცდებოდა. რობოტი რომელიმე მათგანს უკნიდან რომ შეჯახებოდა, გოგონას საქმე წასული იქნებოდა – ამ ფეხსაცმელებზე წამოდგომას ვეღარ შეძლებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ფრჩხილების საკვნეტი სიტუაცია იყო.”

© SHOWstudio

მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მაინც მოხდა.

ჩვენებაზე ლედი გაგას სიმღერის – “Bad Romance”-ის პრემიერა უნდა შემდგარიყო, რაც პოპ ვარსკვლავმა თავის აუდიტორიას ტვიტერის საშუალებით აცნობა და პოსტში SHOWstudio-ს ბმულიც მიუთითა. შედეგად საიტს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ეწვია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ნიკი და მისი გუნდის წევრები ინფორმირებულები არ იყვნენ, რომ საუნდტრეკად დიზაინერს გაგას ახალი სიმღერა შეერჩია, საიტი ამდენი ვიზიტორისთვის მომზადებული არ იყო. როგორც ნაითი იხსენებს, მას შემდეგ, რაც პლატფორმას დაუჯერებლად ბევრი ადამიანი ესტუმრა, ტექნიკოსების სახეებზე ისეთი დაბნეულობის და პანიკის მოწმე გახდა, როგორიც მანამდე არასოდეს ეხილა. იმ პერიოდში ლედი გაგას ტვიტერზე ექვსი მილიონი გამომწერი ჰყავდა და მან ყველა მაკქუინის ჩვენებაზე მიიწვია.

“ეს ათი ათასი ადამიანისთვის გამართულ წვეულებას ჰგავდა, რომელზეც ექვსი მილიონი ადამიანი მიდის და თითოეული მათგანი ერთდროულად ცდილობს იქ შეღწევას,” – აღნიშნა ნაითმა.

“Plato’s Atlantis” მოდის მომავლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. სწორედ ამ მომენტიდან გააცნობიერეს სხვა ბრენდებმა, რომ მათაც შეეძლოთ, პრეზენტაციები უფრო მნიშვნელოვანი გაეხადათ, ტექნოლოგიები აეთვისებინათ და თავადაც მიეწვიათ ახალი კოლექციების ჩვენებებზე ექვსი მილიონი ადამიანი. როგორც სუზი მენქესმა მაკქუინის ამ შოუსთან დაკავშირებით განაცხადა, ეს იყო “21-ე საუკუნის მოდის ყველაზე დრამატული რევოლუცია.”

Alexander McQueen გაზაფხული/ზაფხული 2010
“Plato’s Atlantis”


Tags :