ბალმანი S/S 2020

ჩვენებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, ოლივერ რუსტანმა დააანონსა, რომ ბალმანის შოუ ლაივ კონცერთტან ერთად ჩატარდებოდა, რომელსაც კურატორობას რუსტანი თავად გაუწევდა. ბრენდმა 1500 უფასო ბილეთი გასცა. სტუმრების დონაციები და ბალმანის ფესტივალისთვის შექმნილი შეზღუდული გამოცემიდან მიღებული თანხა კი Bono’s RED HIV-ს გადაერიცხა, რომელიც შიდსთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციაა.

რა შეიძლება ითქვას თვითონ კოლექციაზე? პირველი, რასაც კოლექციის ხილვისას ამჩნევ სხვადასხვა დიზაინერების გავლენებია, მაგალითად ედი სლიმანისა და დიორის კიმ ჯონსის, მაგრამ ყველაზე მეტად ბელგიელი გენიოსის, მარტინ მარჯიელას გავლენა იგრძნობა, რაც არა მხოლოდ სათვალეებით, არამედ დიდი ზომის სამოსითა და მკვეთრი მხრებით გამოიხატა. ოლივერისთვის მთავარი გამოწვევა ფერებთან მუშაობაა, საჭიროა დაბალანსება მკვეთრი ფერების ისე, რომ მათი გამოყენება სამოსს “tacky” ვიზუალს არ ანიჭებდეს.

დიორი S/S 2020 – მომავლის რელიქვიები

მიუხედავად იმისა, რომ პარიზის მოდის კვირეული ჯერ არ დასრულებულა, თამამად შემიძლია თქმა, რომ არავის შემოუთავაზებია ისეთი დასამახსოვრებელი კოლექცია, როგორიც კიმ ჯონსმა დიორისთვის.

ჩვენების გარემოზე ამერიკელმა ხელოვანმა, დენიელ არშამ იზრუნა. გარემო მთლიანად ვარდისფერი იყო, რაც ქმნიდა მოლოდინს, რომ ჩვენება მსუბუქი სამოსით, რომანტიკითა და ნოსტალგიით იქნებოდა დატვირთული.

არიან დიზაინერები, რომლებიც მიუხედავად აწმყოში ყოფნისა წარსულისკენ მიილტვიან, იქ ეძებენ შთაგონებას და წარსული დეკადების თავისებურ თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობენ, ამის კარგი მაგალითია გუჩის ალესანდრო მიკელე, რომელმაც ეკლექტური სტილით ყველასთვის მარტივად ამოსაცნობი იდენტობა შექმნა. კიმ ჯონსი შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, ის ძალიან მყარად დგას 21-ე საუკუნეში, მისთვის მომენტი არის აწმყო მომავალთან ირიბი კავშირით, სწორედ ეს ხდის მას ასეთ გამორჩეულს მომენტის დიზაინერებში.

კოლექციის ყურებისას საოცარი ჰარმონიულობის გრძნობა გეუფლება, რაც ჯონსის ოსტატურად გამოყენებული ფერთა შეხამებითაა გამოწვეული. აწმყო, ალბათ, მცირე დოზით წარულის რეფერენსების გარეშე არ არსებობს. კიმ ჯონსმა ჯონ გალიანოს დიორის საკულტო გაზეთის პრინტები გამოიყენა და ულტრა თანამედროვედ გარდარქმნა. კოლექციაში ვიხილეთ დიორის “Saddle Bag”-ის სხვადასხვა ვარიაციებიც. გამოყენებული იყო ბრენდის ლოგოებიც, ძირითადად აქსესუარის ნაწილში, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ბრენდს ლოგომანია დავწამოთ.

-“დიორი კუტიურ მოდის სახლია, ეს ჩვენი მამაკაცის სამოსის დნმ-შიც უნდა აისახოს” – კიმ ჯონსი

ჩვენებაზე ცნობილი გახდა, რომ დიორმა Rimowa-სთან ითანამშრომლა ჩანთების შესაქმნელად.

ბერლუტი S/S 2020 – ცდუნება კრის ვან აშესებურად

“ბერლუტი მამაკაცის ბრენდია, რაც ეჭვგარეშეა, მაგრამ თან სასიამოვნოა ცდუნებასთან თამაში, რომ ბერლუტის მამაკაცი უფრო სექსუალური გავხადო, ვიდრე წინაზე იყო” – კრის ვან აშე

ბერლუტის ჩვენება ანა კარინას აუდიოთი გაიხსნა, როდესაც ის პოეზიას კითხულობს ჟან ლუკ გოდარის ფილმში “Alphaville”. კოლექცია ფერების სიმრავლით გამოირჩეოდა, რაც სამოსს მსუბუქსა და რომანტიკულს ხდიდა. ბელგიელისგან ფერების გამოყენებით ჰარმონიის შექმნა კი არ უნდა გაგვიკვირდეს.

კოლექციაში მამაკაცის სამოსის გარდა, რამდენიმე ქალის ლუქიც იყო წარმოდგენილი, რაც აჩენს კითხვას აპირებს თუ არა ბერლუტი ქალის ხაზის დამატებას. ბრენდის მფლობელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ენტონი არნომ განაცხადა, რომ ქალის სამოსის ხაზის დამატება არ იგეგმება.

კრის ვან აშე, ისევე როგორც კიმ ჯონსი, აწმყოში იმყოფება და მისთვისაც თანამედროვეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს კოლექციაშიც იგრძნობა.