1947 წლის 12 თებერვალს კრისტიან დიორმა თავისი პირველი კოლექცია გამოიტანა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ორი ხაზი – „Corolle“ და „Huit,“ ეს უკანასკნელი მოიცავდა „ბარის პიჯაკს,“ რომლის სილუეტმაც მოდა ახალი მიმართულებით განავითარა. პირველივე კოლექციით წელში გამოყვანილი, მუხლს ქვემოთ მომდგარი გაშილილი კაბებიც თავის ხელწერად აქცია. კოლექცია ისტორიაში შევიდა როგორც „New Look“ მას შემდეგ, რაც ჰარპერს ბაზარის მაშინდელმა რედაქტორმა კარმელ სნოუმ ის ამ სიტყვებით შეაფასა: „It’s such a New Look!“ მიიჩნევა, რომ სწორედ კრისტიან დიორის ახალმა ლუქმა დაუბრუნა პარიზს მოდის დედაქალაქის სტატუსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაკარგული ჰქონდა. კრისტიანს არ მოსწონდა მეორე მსოფლიო ომის მოდა და სურდა ქალები ისევ ლამაზად შემოსილიყვნენ. უნდოდა შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც ქალის მშვენიერ ფიგურას ხაზს გაუსვამდა. მაგრამ აღტაცებასთან ერთად კოლექციას კრიტიკაც მოჰყვა. დიორის სამოსის მოცულობა, თითოეულ ლუქზე დახარჯული რამდენიმე ათეული მეტრი ქსოვილი და მისი ფერადოვნება ომით ტრამვირებული ხალხისთვის ზედმეტად ჩათვალეს. მაგრამ კრისტიანისთვის ცხოვრება გრძელდებოდა და უნდოდა სხვებსაც იგივენაირად ეფიქრათ. მან კრიტიკას ასე უპასუხა: „ევროპა დაიღალა ბომბების ცვენით, მათ ნაცვლად ფეიერვერკების გაშვების დროა.“ კრისტიანმა თავისი კოლექციების სახით ოცნებები შექმნა. მისი გარდაცვალების შემდეგაც ეს მოდის სახლი ივ სან ლორანის, მარკ ბოანის, ჟანფრანკო ფერეს, ჯონ გალიანოს და რაფ სიმონსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით განაგრძობდა ზღაპრული სამყაროს შენებას. თუმცა საბოლოოდ ოცნება დამთავრდა, რისთვისაც მადლობის გადახდას მარია გრაცია ქიური იმსახურებს.

Dior Spring 2020 © Vogue

ამჯერად დიორის ახალ ჩვენებაზე წარმოდგენილ მაისურებზე “we should all be feminists-ს“ არ ვკითხულობდით, თუმცა კოლექციის მიღმა აშკარად იმალებოდა ფრაზა “we should all be old fashioned, boring, superficial, hypocrites.”

Dior Spring 2020 © Vogue

დღესდღეობით მდგრადობა მოდაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. არაერთი ბრენდი, მათ შორის შანელი, ბარბერი და სტელა მაკარტნი, ცდილობს ეკომეგობრული ნაბიჯები გადადგას. ამ სეზონზე მარიამაც გადაწყვიტა ამ საუბარში ჩაბმულიყო, თუმცა სხვებთან შედარებით მისი გადაცხადი ისეთივე ზედაპირული ჩანს, როგორიც მისი კომერციულ იარაღად გამოყენებული ფემინიზმია.  შოუ ბუნებასთან ჰარმონიულ შერწყმას ავლენდა და ბაღებით და კრისტიანის მებაღე დით, კატრინით, იყო შთაგონებული.

„კრისტიან დიორს უყვარდა ბაღები. ყვავილები დიორის მემკვიდრეობის ნაწილია. მაგრამ ახლა როდესაც ყვავილებს და ბაღებს ვუყურებ, უბრალოდ სიამოვნებას არ ვიღებ, არც ბუნების სილამაზეს ვხედავ. ყველა იმ საფრთხეს ვამჩნევ, რაც მომავალში გვემუქრება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას. ამიტომ საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ ვადიდოთ ბუნება ისე, რომ ამას მნიშვნელობა ჰქონდეს?“ – მარია გრაცია ქიური

Dior Spring 2020 © Vogue

ამ კოლექციისთვის სივრცეში დროებით მიწაში მოთავსებული 164 ხე განთავსდა, რომელთა დანერგვაც შემდგომში პარიზის გარშემო სხვადასხვა პროექტების ფარგლებში იგეგმება. ეს ინიციატივა Coloco-სთან თანამშრომლობით განხორციელდა, კოლექტივთან, რომელიც ქალაქის გამწვანებაზე ზრუნავს. მაგრამ ბრენდები, რომლებიც გარემოსთვის სასიკეთო გზების ძიებაზე იწყებენ საუბარს ამას როგორც წესი, პირველ რიგში, პოზიტიური ცვლილების სურვილს საკუთარი ნაწარმით ავლენენ. კომპანიებმა ტანსაცმლის შექმნა გადამუშავებული მასალით დაიწყეს. ისინი ნახშირბადისგან ნეიტრალურ ღონისძიებებსაც ატარებენ და ცდილობენ პლასტმასის გამოყენებაზე უარი თქვან. დიორის ჩვენებაზე კი ტანსაცმლით დაწყებული ჩვენების ორგანიზებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებებით დამთავრებული არცერთი ისეთი ინიციატივა არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც ჩვენი პლანეტისთვის რეალურად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ ვალდებულებას არც არავინ აკისრებს, მაგრამ როდესაც განსაკუთრებით სენსიტიურ თემაზე საუბარს დააპირებ, თუ შენს გაღებულ ძალისხმევას სერიოზული შედეგი არ ექნება უმჯობესია საერთოდ არაფერი თქვა.

Dior Spring 2020 © Vogue

რაც შეეხება კოლექციას, რთულია მას ახალი უწოდო, რადგან ის მარიას ხედვის ჩვეული გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხედვა თანამედროვეობისგან ძალიან შორს დგას, ახლა მთავარი ის კი არ არის რა გაცვია, არამედ ვინ გაცვია, ამიტომ წინასწარ შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ დიორის ეს ჩაცმადი, მომხმარებლის გარდერობზე ორიენტირებული კოლექციაც კარგად გაიყიდება.

Dior Spring 2020 © Vogue

მარია ძალიან ფრთხილი და, ამავდროულად, ჭკვიანი შემოქმედებითი ხელმძღვანელია. ის არც ინოვაციებს გვთავაზობს, არც კარგად ნაცნობი სიახლით გვაოცებს და ვერც კრიტიკოსები იმეტებენ მისთვის საქებარ სიტყვებს, მაგრამ მისი ბიზნეს ალღო წარმატებულად ფუნქციონირებს. დიორის გაყიდვები საუკეთესო შედეგს აჩვენებს, ამით კი ბერნარ არნო ბედნიერია, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მარიასთვის დიორის შექმნილი „ახალი“ კოლექციები კიდევ ბევრჯერ დაგვაწყებინებს ოცნებას, რომ ოდესმე ისევ ეყოლება დიორს ისეთი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, როგორსაც ის მართლა იმსახურებს.