როდესაც ბრენდს ვაფასებთ და მისდამი დამოკიდებულება გვიყალიბდება, არა მხოლოდ პროდუქტს ვითვალისწინებთ, არამედ იმ იდენტობას, რასაც ეს ბრენდი აუდიტორიის წინაშე იქმნის. ხშირად ვამბობთ, რომ ადგილობრივი წარმოების მიმართ, მომხმარებელი მეტად მომთხოვნი და სენსიტიურია, რაც ბუნებრივია. ასეთ დროს განსაკუთრებით გვაინტერესებს ბრენდის ისტორია, მის მიღმა არსებული ადამიანები და ღირებულებები, რისი გათვალისწინებითაც თითოეული მოდელის კონცეფცია იქმნება.
დარწმუნებული ვართ, Noém-ის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იცის. ბრენდი დაახლოებით შვიდი წლის წინ გამოჩნდა და მალევე მომხმარებელს თავი გამორჩეული დიზაინის აქსესუარებით დაამახსოვრა. ბრენდის დამფუძნებელი მარიამ ტონკოა, რომლისთვისაც Noém შემოქმედებითი ხასიათის გამოხატვის საშუალებად იქცა. ახლახან ბრენდი დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და განსხვავებული კოლექცია წარადგინა, რომელიც Noém-ის ახალი თავის დასაწყისია. სანამ ახალ კოლექციაზე მოგიყვებით, გვინდა ბრენდის შესახებ გიამბოთ – ბრენდის, რომელიც უფრო მეტად პერსონალური ისტორიაა, ვიდრე ბიზნესი.
Noém-ის ისტორია თავდაპირველად კაბების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე ბრენდმა საკუთარი სახე და კონცეფცია ბუნებრივად იპოვა, მარიამმა საყურეების დიზაინზე იმუშავა, რომლებმაც განსაკუთრებული ნიშა დაიმკვიდრა.
„ბავშვობიდან მიყვარდა რაღაც ახლის შექმნა. რაც თავი მახსოვს, სულ ვკერავდი. ამასთან ერთად, ყოველთვის განსაკუთრებული სურვილი მქონდა დამოუკიდებლობის და საკუთარი საქმით შემოსავლის მიღების. 16 წლიდან ვმუშაობ, მიმუშავია გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში. ყველა ამ გამოცდილებამ და ჩემმა სურვილებმა ბოლოს გარკვეული სახე მიიღო და გადავწყვიტე, საკუთარი საქმე დამეწყო. თავდაპირველად კაბები შევკერე, რომლებიც ქართველი დიზაინერების მაღაზიაში იყიდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კაბების შექმნას თან არაერთი გამოწვევა ახლდა თან – დიდი რესურსი და დრო სჭირდება. საბოლოოდ აქსესუარების, უფრო კონკრეტულად კი საყურეების შექმნა დავიწყე, რომელიც გოგოებს იმდენად მოეწონათ და შეიყვარეს, რომ ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.“ – ამბობს Noém-ის დამფუძნებელი მარიამ ტონკო ჩვენთან საუბრისას.
Noém-ის პირველი ცნობილი კოლექცია ტყავის საყურეები იყო. ძალიან იშვიათია, როცა ქართული წარმოების პროდუქტი ტრენდს ქმნის, თუმცა Noém-მა ეს შეძლო.
„Noém-ის პირველივე მოდელებს ჩემთვისაც მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები ხშირად მწერდნენ და მიყვებოდნენ, თუ როგორ აჩერებდა მათ ხალხი ქუჩაში და ეკითხებოდა, თუ სად შეიძინეს ეს აქსესუარები. მალე იმდენი შეკვეთა იყო, რომ გუნდის აყვანა გადავწყვიტე. ერთ ოთახში ვისხედით, ვქმნიდით მოდელებს, ვეკონტაქტებოდით მომხმარებელს. გავაცნობიერე, რომ Noém ბიზნესად იქცა“.
თანამედროვე სამყაროში, სოციალური მედიის ეპოქამ რამდენადაც ბრენდის წარმატების შესაძლებლობები გაზარდა, იმდენად მეტი მოთხოვნა და შესაბამისად გამოწვევა გააჩინა. მხოლოდ კარგი პროდუქტის შექმნა აღარაა საკმარისი – აუცილებელია, მომხმარებელთან კომუნიკაცია, სერვისი და მარკეტინგული შეფუთვა. როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, ბრენდის იდენტობა ხშირად ბიზნესის მომავალს განაპირობებს, ეს იდენტობა კი სწორედ მომხმარებელთან კომუნიკაციით განისაზღვრება. Noém-ის შემთხვევაში აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირი ბუნებრივად დამყარდა.
„ყველა მომხმარებელი ჩვენთვის თავიდანვე ძალიან ძვირფასი იყო. ეს ყველა მიმართულებით აისახა, პირველ რიგში – ფასებზე. მინდოდა, პროდუქტის ღირებულება ისეთი ყოფილიყო, რომ ყველას შესძლებოდა ყიდვა. გულწრფელად მსურდა, რომ გოგოები გამეხარებინა. ამას გარდა, მუდმივად ვითვალისწინებდით მათ სურვილებს, რჩევებს. ჩემთვის უმთავრესი იყო, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი ხარისხში, ამიტომ სანამ აქსესუარი მომხმარებლამდე მივიდოდა, ის საგულდაგულოდ მოწმდებოდა.“
როგორც უკვე ვახსენეთ, Noém პერსონალური ისტორია უფროა, ვიდრე მარკეტისათვის გათვლილი ბიზნესი. მარიამისათვის ის გოგოების მხარდაჭერის, მათ გაძლიერებაზე ზრუნვის გამოხატულებად იქცა. ამას მაშინვე იგრძნობთ, თუკი ბრენდის სოციალური მედიის არხებს დაათვალიერებთ, ან თუნდაც თავად მარიამის პერსონას გაიცნობთ. ენერგეტიკა, რომელიც Noém-ს აქვს სწორედ იმ ღირებულებებმა განაპირობა, რაზეც ბრენდის იდენტობაა დაშენებული. მარიამი ჩვენთან საუბრისას ახსენებს, რომ აქსესუარი ის დეტალია, რომელიც ქალებს თავდაჯერებას მატებს, თუნდაც პატარა სიხარულს ანიჭებს. სწორედ ამიტომ სურდა, რომ მისი შექმნილი თითოეული მოდელი ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
„თუკი შევძლებდი, რომ ჩემი შექმნილი აქსესუარით, თუნდაც ერთი გოგოს დღე უფრო კარგი გამეხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ Noém სწორ ადგილას იყო.“ – ამბობს მარიამი.
აღსანიშნავია, რომ Noém-ის სტრატეგია მთლიანად მარიამმა განსაზღვრა. იხსენებს, რომ ბრენდთან ერთად მოუწია განვითარება, ახალი უნარების შეძენა, ბევრი მიმართულებით სწავლა, მათ შორის მარკეტინგის, ვიდეო და ფოტო გადაღების. სურდა, რომ თითოეული ფოტოსესიაც ისეთივე პერსონალური და გულწრფელი ყოფილიყო, როგორც თავად ბრენდი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად შეძლო.
ამ დროის განმავლობაში Noém-მა არაერთი გამორჩეული კოლექცია შექმნა, მათ შორის იყო, ე.წ. „საპატარძლო კოლექცია“, რომელიც წლების შემდეგაც მოთხოვნადია.
Noém-ზე საუბრისას, მარიამისგან უამრავი საინტერესო ისტორია მოვისმინეთ, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი ის მიდგომა აღმოჩნდა, რომლითაც ახალი მოდელები იქმნებოდა.
„ყოველთვის ვცდილობდი გამეგო და აღმომეჩინა, რა მოსწონთ და რა სჭირდებათ გოგოებს. უამრავ დეტალს ვაკვირდებოდი, უამრავ ტრენდს ვეცნობოდი. აღმოვაჩინე, რომ აქსესუარი, რომელიც მთლიანად ფარავს ყურს, ოპტიკურ ილუზიას ქმნის და სახე უფრო თხელი ჩანს. ასე შევქმენი ახალი დიზაინის საყურე, რომელიც მომხმარებლისათვის მართლაც გამორჩეულად სასურველ მოდელად იქცა. „საპატარძლო კოლექციაც“ ასე დაიბადა – დიდი ფიქრისა და გოგოების საჭიროებების გათვალისწინების შედეგად.“
მიუხედავად წარმატებული ბიზნეს მოდელისა, ბრენდის ისტორიაში ზოგჯერ მოულოდნელად დგება კრიზისი. Noém-ის შემთხვევაში ეს პანდემიამ განაპირობა. როგორც მარიამი იხსენებს, რამდენიმეწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, ბიზნესი განევითარებინა, მეტი ადამიანი დაესაქმებინა, მულტიფუნქციური სახელოსნო-სტუდია შეექმნა. მაშინ როდესაც ბრენდი ამისათვის ემზადებოდა და ახალი სტრატეგიის განვითარებაში დიდი ფინანსური რესურსიც იყო ჩადებული, პანდემია დაიწყო. ბრენდისათვის გადამწყვეტ მომენტში გაჩენილმა დიდმა ბარიერებმა საბოლოოდ Noém-ის წარმოების შეჩერება გამოიწვია. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ბრენდი არსებობას წყვეტდა, საქმისადმი სიყვარულმა და მომხმარებლების მხარდაჭერამ მარიამს კვლავ მისცა მოტივაცია, კიდევ ერთხელ ეცადა და Noém-ის ისტორია გაეგრძელებინა. ასე გაჩნდა ახალი კოლექცია – გულის ფორმის საყურეების კოლექცია, რომელიც ესთეტიკურად და კონცეპტუალურად ნამდვილად გამოხატავს ბრენდის ახალი თავის დასაწყისს.
გულების კოლექციამ სხვადასხვა ფორმისა და ფერის აქსესუარი გააერთიანა, რომელიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს.
მარიამ ტონკო:
„ამ კოლექციაში გადმოცემულია ის მდგომარეობა, რასაც ადამიანი განიცდის, რასაც ადამიანი გრძნობს. ეს არის ისტორია იმისა, თუ რა ემართება ჩვენს გულს, როცა გვიყვარს, როცა რაიმე გვტკივა, როცა აღფრთოვანებას, ან იმედგაცრუებას ვგრძნობთ. ეს კოლექცია მე თვითონ ძალიან მომწონს. ნელ-ნელა იწყება გამოხმაურება და ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურია, რადგან მომხმარებლისათვისაც საოცრად ნაცნობი და ახლობელი აღმოჩნდა ეს იდეა, რაც კოლექციის მიღმაა. გულების კოლექციაში არის სიმართლეც ილუზიაც და რაღაც გარდამავალიც მათ შორის.“
იდეიდან გამომდინარე, კოლექციაში არის რამდენიმე მოდელი, რომელიც ტრანსფორმირდება და ფორმას იცვლის. როგორც მარიამი ამბობს, ამას არამხოლოდ ვიზუალური, არამედ სიმბოლური დატვირთვაც აქვს და ისინი ცხოვრებისეულ არჩევანთან და მოულოდნელ ცვლილებასთანაა კავშირში.
„ჩემი არჩეული გული ისეთია, რომელიც არ გადაკეთდება სხვა არჩევანი არ აქვს. მერყევი და ცვალებადი ახლა ვერ იქნება. ჯაჭვებით არის დაცული, რომ ჩაებღაუჭოს ახალ შანსებს და გამოძვრეს რთული პერიოდიდან. “ ამბობს მარიამი.
ჩვენი ყურადღება არა მხოლოდ კოლექციამ, არამედ მისმა წარმდგენმა კამპანიამაც მიიქცია, რომელშიც თინა დალაქიშვილი და თაკო ქართველიშვილი მონაწილეობენ.
„კამპანიას თინა და თაკო წარადგენენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან გარდა ვიზუალისა, მათ ის ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვთ, ოცნებებისაკენ ის სწრაფვა აქვთ, რაც Noém-ს ზუსტად გამოხატავს. ორივე საოცრად შეუპოვარი ადამიანი და წარმოუდგენლად კარგი პროფესიონალია. მინდოდა, რომ ეს კამპანია განსაკუთრებით გულწრფელი ყოფილიყო, რაც თინას და თაკოს შემთხვევაში ნამდვილად გამოვიდა. გადაღების პროცესიც ძალიან უშუალო და ამავდროულად შემოქმედებითი იყო“.
ბრენდის კრიზისულმა პერიოდმა მარიამის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, ამ რთულმა ისტორიამ Noém-ის კიდევ უფრო მეტად პირად ისტორიად და შესაბამისად დიდ მიზნად იქცა. მარიამ ტონკო: „ბრენდისათვის გაღებულმა რესურსმა ფინანსური პრობლემები გამოიწვია, რის შედეგადაც დღეს საკუთარი სახლიც აღარ მაქვს. Noém-ის წარმოებისათვის შეძენილ კომერციულ ფართში ვცხოვრობ, თუმცა წინ დიდი მიზნები და მოტივაცია მაქვს. მინდა, საკუთარ ოცნებებს ბოლომდე გავყვე – აქვე მქონდეს სახელოსნო, ბრენდის სივრცე და იმ იმედით ვაკეთო ჩემი საქმე, რომ ამ ისტორიას საბოლოოდ კარგი დასასრული ექნება. ხშირად ვიხსენებ, რომ ჩემი ბიზნესი ორასი ლარით დავიწყე და მალე ასობით ათასი მქონდა ბრუნვა. ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, ვხვდები, რომ ოცნებას და ამ ოცნებისათვის ბრძოლას დიდი ძალა აქვს. თუ რაიმე გულით გიყვარს, მის გამო ყველაფერს იზამ, იშრომებ, ბევრს იწვალებ, ბევრს ისწავლი და მადლიერი იქნები, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.“