მოდის სახლმა Fendi-მ ნაომი ქემბელი ჩანთის მოდელის – Peekaboo-ის კამპანიაში გადაიღო. LVMH-ის მფლობელობაში მყოფმა ბრენდმა ახალი კამპანიის ფოტო ცოტა ხნის წინ გაავრცელა. აღნიშნული ჩანთა აუდიტორიის წინაშე კარლ ლაგერფელდმა და სილვია ვენტურინი ფენდიმ პირველად 2009 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ფარგლებში წარადგინეს. მას შემდეგ, Peekaboo ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი დიზაინია.

ბრენდში ჩანთას ახასიათებენ როგორც მინიმალისტურ, სუფთა დიზაინის გეომეტრიულ ჩანთას. ტრაპეციის ფორმის შთაგონება დიზაინერებისთვის 1940-50-იანი წლების კლასიკური ჩანთა გახდა. “პიკაბუს მომხმარებლები მრავალმხრივი ადამიანები არიან,” ამბობს სილვია ვენტურინი ფენდი WWD-სთან საუბარში, “მათ შეფარული ტალანტები გააჩნიათ, ისინი თავად წყვეტენ თუ რა გამოაჩინონ, ვისთან და როდის.”

რაც შეეხება ფენდისა და ნაომის თანამშრომლობას, ამ ორს ახლო და მეგობრული ურთიერთობა უკვე წლებია აკავშირებთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფენდის ბრიტანელი დიზაინერი, კიმ ჯონსი შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ კიმ ჯონსმა საკუთარი ბოლო ჩვენება ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზისთვის სწორედ ნაომი ქემბელთან და ქეით მოსთან ერთად დახურა. ნაომი ასევე ხშირად ესწრება ჯონსის ჩვენებებს დიორისთვის.

52 წლის ასაკში, სუპერმოდელი კარიერაში პაუზის აღებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. თითქმის 30 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მისი რელევანტურობა კვლავ იგრძნობა. ცოტა ხნის წინ ნაომიმ მაიამიში BOSS-ის გახმაურებული ჩვენება დახურა და გამოვიდა Versace-ს ჩვენებაზე ლოს ანჯელესში.

ნახეთ კამპანიის ფოტოები სუპერმოდელ ნაომი ქემბელის მონაწილეობით: