მათთვის, ვინც უპირატესობას ქართული წარმოების პროდუქციას ანიჭებს, Meraki კარგად ნაცნობი სახელია. ეს არის ბრენდი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიმკვიდრა თავი ადგილობრივ ბაზარზე და დიზაინისა და ხარისხის გამო მალევე მოიპოვა პოპულარობა. დროთა განმავლობაში “მერაკი” იზრდებოდა და სელექციაც უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. ბრენდი 2018 წელს მომხმარებლმა ჩანთებით გაიცნო, თუმცა მის კოლექციებში ახლა უკვე ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და აქსესუარებიც შეგხვდებათ. შეგვიძლია ვთქვათ, დღესდღეობით Meraki ქმნის პროდუქციას, რომელიც ღირსეულ კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს.

Meraki-ს წარმატება მხოლოდ ხარისხზე არ არის აგებული – მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე მომხმარებელთან სიახლოვეა. ბრენდის კოლექციების დათვალიერებისას ნათლად იგრძნობა, რომ Meraki-ს გუნდი კარგად იცნობს თანამედროვე ცხოვრების სტილს, მომხმარებლის სურვილებს და გლობალურ ტენდენციებს. ბრენდის უახლესი მოდელები ასახავენ მსოფლიო მოდის ტრენდებს, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებენ ავთენტურ ხელწერას. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Meraki-ს ახალი კედები, რომლებიც უკვე ბესტსელერად იქცა.

როგორც Meraki-ს დამფუძნებელი, ანუკა გვენცაძე Fashionholics-თან საუბარში ამბობს, ფეხსაცმელი თავიდანვე ბრენდის ერთ-ერთი ნიშური პროდუქტი იყო, ამიტომ კედების დამატება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. ახალი მოდელის ჩაშვება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია – ის რამდენიმე თვე ტესტირებას გადიოდა, სანამ გაყიდვაში გამოჩნდებოდა.
„ვიზუალის შექმნისას გავითვალისწინეთ აქტუალური ტენდენციები, მაგრამ ასევე გვინდოდა, დიზაინში ისეთი ელემენტი შეგვენარჩუნებინა, რითაც მომხმარებელი Meraki-ს იცნობს, ამიტომ გავიმეორეთ ტალღოვანი ჭრა, რომელიც ჩვენი Mary Jane-ების დამახასიათებელი დეტალია. კედებიც ისეთივე ფერადი გვინდოდა გამოსულიყო, როგორც ჩვენი სხვა პროდუქცია. ამაში აქტუალური ტრენდიც დაგვეხმარა – ფერადი თასმებით გაფორმებულმა ფეხსაცმელმა მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა” – ანუკა გვენცაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტაბილური ზრდის შედეგად Meraki დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარმატებით პოზიციონირებს. ბრენდის მომხმარებლებს შორის არიან ცნობილი უცხოელი ინფლუენსერები, ბლოგერები და კრეატორები. Meraki მუდმივად იღებს პოზიტიურ უკუკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი ახალ ეტაპზეა.
„კოლექციის, და ზოგადად, კომპანიის ზრდა ჩვენთვის ბუნებრივი პროცესია – ეს მომხმარებლის მოთხოვნებიდან მომდინარეობს. კომპანია ყოველ წელს ვითარდება, თუმცა 2024 წლის სექტემბრიდან Meraki-მ წინსვლა უკვე დიდი ნაბიჯებით დაიწყო. სელექციის გაზრდასთან ერთად, ფილიალიც დავამატეთ, გაიზარდა ექსპორტიც. მსოფლიო ბაზარზე გასვლასთან ერთად, მივიღეთ ბევრი შეთავაზება საერთაშორისო კომპანიებისგან. ამ ეტაპზე რამდენიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ნაწილი კი უკვე წარმატებით დასრულდა. ჩვენი კედები და ჩანთები ამსტერდამის ცენტრში, MUZE THE STORE-ში იყიდება. ამ მაღაზიაში სხვა მრავალი საერთაშორისო ბრენდიც არის წარმოდგენილი და მთლიანად მისი ესთეტიკა ძალიან ახლოს დგას Meraki-ისთან. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობის შედეგად, ჩვენი პროდუქცია ლონდონში დაფუძნებული მულტიბრენდული პლატფორმის, NOVO CURATED-ის ვებ-გვერდზეც გამოჩნდა” – ანუკა გვენცაძე.

მოდა უნივერსალური ენაა, რომელთან კავშირს ყველგან და ყველა კულტურაში პოულობენ. იმისთვის, რომ ბრენდმა ეს ენა ზუსტად აითვისოს, საჭიროა კრეატიული და სტრატეგიული მიდგომა. სწორედ ამის მაგალითია Meraki. ბრენდის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმის ერთგულებით, სწორი ხედვითა და თანამედროვე გარემოსთან რელევანტურობის შენარჩუნებით, შესაძლებელია ადგილობრივი ბრენდის მიერ შექმნილმა პროდუქტმა მსოფლიო ყურადღება დაიმსახუროს.
