მეცხრე ბლოკი ის იდუმალი ადგილია, რომელიც დამსახურებულად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ჩაბნელებული ოთხმოცდაათიანი წლების სიმბოლო. ბევრმა საერთოდ არ იცოდა სად იყო ან როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც, იმ მომენტში როდესაც სინათლე ზედმეტი ფუფუნება აღმოჩნდებოდა, ყველაზე ხშირად სწორედ მას ახსენებდნენ და მის აფეთქებას წარმოიდგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე დიდი ხანია უფუნქციო, ავარიული შენობა გახდა მან თავი ისევ შეგვახსენა, როდესაც რამდენიმე დღის წინ სიტუაციონისტის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებით მეცხრე ბლოკი ისევ დაიმუხტა.

Situationist Spring 2020 © Vogue Paris

ოთხმოცდაათიან წლებთან ასოცირდება პრაქტიკულობა და არა მოკაზმულობა, ნათელ და მყვირალა ფერებზე მუქის და პასტელურის დომინირება, უხეში შესახედაობის უპირატესობა უკიდურესი გაგებით გამოვლენილ ფემინურობაზე ან მასის მიერ დაწესებულ სექსუალურობის სტანდარტებზე. ირაკლი რუსაძემ ამ სეზონზე თავისი დამოკიდებულება სწორად წარმოაჩინა და შექმნა განწყობა, რომელიც შოუს ყველა რისკიან სტუმარზე ერთნაირად გავრცელდა.

ეს ჩვენება ასევე ამყარებს იოჯი იამამოტოს მოსაზრებასაც, რომლის მიხედვითაც კოპირება მისაღებია და სხვისი იდეის მითვისება დიზაინერს შეიძლება საკუთარი თავის პოვნაშიც დაეხმაროს. ამის სათქმელად გარკვეული დრო აღმოჩნდა საჭირო და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგისთვის ამ დროის ოდესმე დადგომაზე ჯერ არაფერი მეტყველებს, სიხარულით შეიძლება იმის აღნიშვნა, რომ ირაკლიმ საკუთარი თავი იპოვა და ამიერიდან დემნა გვასალიას თუ ჰელმუტ ლენგის არქივების გარეშეც შეძლებს კოლექციების შექმნას.

რუსაძის შემოქმედებაში უკვე იგრძნობა, რომ ის გულწრფელია, ესმის სადაც არის და რა მოვალეობები აკისრია. ამავდროულად, ცდილობს გამოცდილებად აქციოს თავისი ჩვენებები და არ იყოს დიზაინერი, რომლის ჩვენები არათუ დამთავრებისთანავე, არამედ უშუალოდ მისი მსვლელობისას კარგავს მაყურებლის ინტერესს. სიტუაციონისტი იქცა ბრენდად, რომელსაც არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გამართლების შანსი აქვს.