ფრანგულმა კონგლომერატმა მორიგი მსხვილი შენაძენი გააკეთა. სიახლე რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და უკვე მოიცვა წამყვანი გამოცემების მთავარი გვერდები. LVMH კომპანია Off-White-ის (რომლის შემადგენლობაშია ამავე სახელწოდების პოპულარული ქუჩის სტილის ბრენდი) 60% წილის მფლობელი გახდა. კომპანიის 40% კვლავ დიზაინერ ვირჯილ აბლოს საკუთრებაში რჩება.

ამერიკელმა დიზაინერმა Off-White 2012 წელს, მილანში შექმნა, როგორც ქუჩის სტილზე ორიენტირებული კომპანია და ბრენდი. 2010-იანი წლები ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იყო თანამედროვე მოდის ისტორიაში. ამ ათწლეულს ვიხსენებთ, როგორც პერიოდს, როდესაც ქუჩამ მაღალი მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა და შედეგად, იქ, სადაც დიდი ადგილი მშვენიერ ილუზიას ეკავა, შეულამაზებელი რეალობა გამოჩნდა.

სწორედ ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ვირჯილ აბლო და ბრენდი Off-White. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის დიზაინერების კარიერის ხანგრძლივობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ხშირად დგება, დღეს გავრცელებული სიახლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, ვირჯილი ნამდვილად არ იქნება ის, ვისი წარმატებაც გასულ ათწლეულში დაიწყო და დასრულდა.

დელფინ არნო, ვირჯილ აბლო, ბერნარ არნო.

როგორც ახალ განცხადებაში ვკითხულობთ, მოდის ყველაზე მსხვილი კონგლომერატი, კომპანია Off-White-ში ახალი ბრენდების და მიმართულებების შექმნას და განვითარებას გეგმავს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა LVMH-ის წარმომადგენლები მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ ვირჯილი რჩება ბრენდ Off-White-ის კრეატიულ დირექტორად.

აქვე უნდა ითქვას, რომ 2018 წლიდან ვირჯილ აბლო არის LVMH-ის ყველაზე შემოსავლიანი ბრენდის, ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. აბლო პირველი შავკანიანი კრეატიული დირექტორია ფრანგულ კონგლომერატში.