„ვფიქრობ, ფოტოგრაფიაში წარმატების შანსები ქალებს უფრო დიდი აქვთ, ვიდრე – კაცებს. ქალები არიან მეტად სწრაფები და უკეთ ადაპტირდებიან“ –  ეს სიტყვები დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთ პიონერ ქალ ხელოვანს – ლი მილერს  ეკუთვნის, რომლის პერსონაც საინტერესო არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ შთამაგონებელი პირადი ისტორიითაც არის.  მილერის კარიერა ჟურნალ Vogue-სათვის მოდელობით დაიწყო. მოდელიდან ის ფოტოგრაფად იქცა, ხოლო საბოლოოდ თავის საქმიანობა მეორე მსოფლიო ომში ფრონტის წინა ხაზზე, რეპორტიორობას დაუკავშირა და უნიკალური მასალა აღბეჭდა.  საკუთარი წესებით ცხოვრების არჩევანმა ლი მილერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საკულტო ქალად აქცია. 

ელიზაბეთ მილერი 1907 წლის 23 აპრილს დაიბადა. განათლება ნიუ იორკში, ხელოვნების მიმართულებით მიიღო – კერძოდ, ხატვას სწავლობდა. მომხიბლავი გარეგნობის გამო, მილერმა მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ცნობილი აგენტების ყურადღება მიიპყრო და გასული საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ჟურნალ Vogue-სათვის მოდელად დაიწყო მუშაობა. 

მოგვიანებით, ლი პარიზში გადავიდა. ამ დროს ის ფოტოგრაფიით სერიოზულად დაინტერესდა. სწორედ პარიზში გაიცნო ცნობილი სიურრეალისტი მხატვარი და ფოტო ხელოვანი – მან რეი და მასთან ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო. ლი და რეი დროსთან ერთად დაახლოვდნენ და საბოლოოდ მათი ურთიერთობა სასიყვარულო კავშირში გადაიზარდა.

მან რეისთან ერთად გატარებულმა წლებმა ლი მილერი სახელოვნებო წრეებში აღიარებულ ისეთ მნიშვნელოვან პერსონებთან დააახლოვა, როგორებიც იყვნენ: პიკასო, მაქს ერნსტი, ჟოან მირო და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ლი მილერის არქივებში შემონახული პაბლო პიკასოს პორტრეტები ფოტოგრაფის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის მიიჩნევა. 

პარიზში ყოფნის ბოლო წლებში, ლიმ საკუთარი ფოტოგრაფიული სტუდია გახსნა. მილერისა და მან რეის ერთობლივ შემოქმედებას უკავშირდება ე.წ. სოლარიზაციის ტექნიკის განვითარება, რაც ბნელი და ნათელი გამოსახულებების ურთიერთმონაცვლეობას გულისხმობს. 

1932 წელს ლი მილერი ნიუ იორკში დაბრუნდა, ფოტოსტუდია ამჯერად იქ დააარსა და რეკლამის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. მილერი საკმაოდ პრესტიჟულ ფოტოგრაფად მიიჩნეოდა, მის კლიენტებს შორის იყო ისეთი ცნობილი სარეკლამო სააგენტო, როგორიც არის BBDO. ლისთან თანამშრომლობდნენ ელიზაბეთ არდენი, ელენა რუბენშტეინი და იმ დროინდელი ნიუ იორკის ბიზნეს ელიტის სხვადასხვა წარმომადგენელი. 

1934 წელს, ლი მილერმა ეგვიპტელი ბიზნესმენი აზიზ ელოუი ბეი გაიცნო, მასზე დაქორწინდა და თავისი საქმე მიატოვა. პროფესიული დისტანცირების მიუხედავად, ეგვიპტეში ყოფნის პერიოდი საკმაოდ საინტერესოდ აღიბეჭდა მის ფოტოებში. ფოტოგრაფია მისი საქმიანობის სფერო აღარ იყო, მაგრამ ამ დროს ლიმ არაერთი საინტერესო ნამუშევარი შექმნა და უდაბნოს ყოფა თავის ნამუშევრებში შთამბეჭდავად გადმოსცა. 

ეგვიპტეში გადასვლიდან სამი წლის შემდეგ, ლის კაიროში ცხოვრება მოჰბეზრდა და კვლავ პარიზში გაემგზავრა. საფრანგეთის დედაქალაქში, ის ბრიტანელ  სიურრეალისტ ხელოვანს – როლანდ პენროუზს შეხვდა. ლიმ მიატოვა ქმარი და პენროუზზე იქორწინა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მილერის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი – მან, როგორც ფოტოგრაფმა, თავისი კარიერა ბრიტანულ Vogue-ს დაუკავშირა.

მალევე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ამ მოვლენას მსოფლიოზე შოკური გავლენა ჰქონდა და ლი მილერზეც ეს მოვლენები საკმაოდ მტკივნეულად აისახა, მას შემოქმედებითი და პირადი კრიზისი დაეწყო, თუმცა, მალევე თავისი საქმის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ფოტოგრაფის ამპლუაში ის ომის კორესპონდენტი გახდა –  შეერთებული შტატების არმიაში მიიღო აკრედიტაცია, ფრონტზე გაემგზავრა და ფოტო დოკუმენტალისტის ჟანრში უმნიშვნელოვანესი კადრები აღბეჭდა.

მის ობიექტივში მოხვდა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ტრაგედია, არაერთი მომაკვდავი ადამიანის პორტრეტი, ქალაქების დაცემა… მილერი იყო ერთ-ერთი ის ფოტოგრაფი, რომელმაც ჰიტლერის საიდუმლო საცხოვრებელი მოინახულა. მოგვიანებით ლი იხსენებდა – „მე ამ საცხოვრებლის მისამართი მქონდა და წლების განმავლობაში ჯიბით დავატარებდი.“ 

ომის დასრულების შემდეგ, ლი მილერი კვლავ განაგრძობდა Vogue-სათვის მუშაობას, თუმცა ამჯერად, კვლავ ჟურნალის გარეკანისათვის იღებდა მოდურ ფოტოებს. მიუხედავად ამისა, მის შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ომის ფოტოგრაფია რჩება. ლი მილერი მტკიცე და შეუპოვარი ხასიათის წყალობით, თავისი ობიექტივით აღებდა იმ კარს, რომელიც სხვისთვის ჩაკეტილი იყო. ამის შედეგად, მან მსოფლიოს ყველაზე ტრაგიკული, თუმცა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის უნიკალური ფოტომასალა შექმნა. 

ლი მილერი 1977 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხეულს კრემაცია ჩაუტარეს, ფერფლი კი მისსავე ბაღში მოაბნიეს. 

მილერის ნამუშევრები დღეს უამრავი გავლენიანი მუზეუმის საცავის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა.  ლი მილერის კოლექციები დაცულია „მეტროპოლიტენის მუზეუმში“, „ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტსა“ და სხვა წამყვან სახელოვნები სივრცეებში.