წლების განმავლობაში ბუნებრივი ტყავის ჩამნაცვლებელი არაერთი ალტერნატივა გაჩნდა – მათ შორის კაქტუსის თუ ანანასის გამოყენებით შექმნილი ან სოკოზე დაფუძნებული ტყავი, რომელიც უკვე მრავალჯერ მოიხსენიეს, როგორც მოდის შესაძლო მომავალი. წარმოდგენილ ალტერნატივებს შორის იყო ისეთი ვერსიებიც, რომლებიც შესაძლოა “ვეგანურ” ტყავად იბრენდებოდა და სწორედ ამით იგებდა ბევრის გულს, თუმცა მისი უარყოფითი და საზიანო თვისებები გაცილებით სჭარბობდა დადებით მხარეებს. თუკი გიჩნდებათ კითხვა, ბუნებრივი ბეწვის მსგავსად რატომ ვერ ამბობენ დიდი ბრენდები უარს ნატურალურ ტყავზე, პასუხი საკმაოდ მარტივია: ჯერ არ შექმნილა ისეთი ვარიანტი, რომელსაც ყველა ის თვისება ექნება შენარჩუნებული, რომლის გამოც ტყავზე უარის თქმა მრავალი ადამიანისთვის ასეთი რთულია. სწორედ ამიტომ არ წყდება კვლევა და ძიება ასეთი ჩამნაცვლებლის აღმოსაჩენად.

ამ მიმართულებით გარდატეხა შესაძლოა VitroLabs-მა მოახდინოს, სტარტაპმა, რომელშიც ინვესტიცია მოდის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კონგლომერატმა Kering-მა განახორციელა.

© Adam Dillon / VitroLabs

“რას იტყოდით ისეთი მასალების შექმნაზე, რომლებსაც ვიცნობთ და გვიყვარს, თუმცა უკეთესი გზით? ჩვენ ტყავის მიღების წყაროს ვცვლით და არა თვითონ ტყავს.”

ინგვარ ჰელგასონი, VitroLabs-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი

კალიფორნიაში დაარსებული სტარტაპი VitroLabs 2016 წლიდან ორიენტირებულია მდგრადი და მაღალი ხარისხის ტყავის შექმნაზე, რომელსაც ბუნებრივის თვისებები შენარჩუნებული ექნება და დააკმაყოფილებს ფუფუნების ინდუსტრიის მოთხოვნებს.

ბიოტექნოლოგიური კომპანია ცოცხალი ძროხის სხეულიდან არასაზიანო ბიოფსიის პროცედურის გზით მოპოვებული რამდენიმე უჯრედიდან ლაბორატორიაში შექმნის ტყავის რეპლიკას, რომელსაც საბოლოო სახის მიღების პროცესში იმავე პროცედურების გავლა მოუწევს, როგორიც – ბუნებრივ ტყავს. თუმცა, ბუნებრივია, ეს პროცედურები გამარტივებული იქნება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ტყავის ქარხანაში მისთვის თმის მოშორება საჭირო არ იქნება.

“გაჩნდა ბუმი კომპანიებისა, რომლებიც ცდილობენ ტყავის ალტერნატიული მასალები განავითარონ,” ამბობს ჰელგასონი. “თუმცა VitroLabs-ში კულტივირებადი ცხოველის ტყავი იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს ინარჩუნებს, რომლებსაც ინდუსტრია, ოსტატები და მომხმარებლები ცნობენ და რომლებიც ტყავში უყვართ. ამავდროულად, ის არ მოიცავს ეკოლოგიური და ეთიკური თვალსაზრისით მიუღებელ ასპექტებს, რომლებიც ჩვეულებრივი ტყავის მოპოვებასთან ასოცირებულ წარმოების პროცესს ახასიათებს.”

© VitroLabs

გარდა Kering-ისა, ინოვაციურ სტარტაპის ინვესტორებს შორის გვხვდება: BESTSELLER-ის Invest FWD, Khosla Ventures და მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. ინვესტიციის რაოდენობამ ჯამში $46 მილიონი შეადგინა.

გარდა გაღებული ფულადი სახსრებისა, Gucci-ის, Balenciaga-ს და Saint Laurent-ის მფლობელი კომპანია VitroLabs-ის მხარდაჭერას სხვა მხრივაც გააგრძელებს. კერძოდ, პარტნიორობის ფარგლებში Kering უზრუნველყოფს VitroLabs-ის პროდუქციის ხარისხის კონტროლს და საბოლოო სახის მისაღებად ტყავის დამუშავების პროცესის წარმართვას. როგორც კონგლომერატში აცხადებენ, ისინი აქტიურად ეძებენ გამოსავალს, რომელიც გარემოზე მათ გავლენას შეამცირებს და სჯერათ, რომ ინოვაცია მდგრადობასთან დაკავშირებული იმ გამოწვევების მთავარი პასუხია, რომელთა წინაშეც ფუფუნების ინდუსტრია დადგა.