კინოინდუსტრიის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კანის კინოფესტივალია. კანის კინოფესტივალი 2003 წლამდე საერთაშორისო კინოფესტივალის სახელით იყო ცნობილი, მისი ისტორია კი, 1939 წლიდან იწყება. ამ წელს საფრანგეთს განათლებისა და კულტურის მინისტრს გაუჩნდა იდეა, რომ ქვეყანაში ყოველწლიური კულტურული ღონისძიება დაეარსებინა, რომელიც იმჟამად პრესტიჟულ და პოპულარულ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს გაუწევდა ღირსეულ კონკურენციას. მინისტრის ინიციატივა მალე რეალურ პროექტად იქცა და 1939 წელს ფესტივალის ჩატარების ადგილად ქალაქი კანი შეირჩა.

31 სექტემბერს კანში ფესტივალის გახსნის დახურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როცა პირველ სექტემბერს ფესტივალი მასშტაბური ღონისძიებით უნდა წარდგენილიყო აუდიტორიის წინაშე, გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ ნაცისტური გერმანია პოლონეთში შეიჭრა. ყველა აცნობიერებდა, რომ შექმნილი მდგომარეობის ფონზე ფესტივალის ჩატარება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ ღონისძიება 10 დღით გადაიდო. ამასობაში მდგომარეობა თანდათან გართულდა. კაცობრიობა დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უწევდა ცხოვრება, ამიტომაც კულტურული ღონისძიებების გაგრძელება დღის წესრიგიდან მოიხსნა.

საერთაშორისო კინოფესტივალი კანში თავისი სრული პროგრამით 1946 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე დასრულებული იყო. 1948-1950 წლებში ფესტივალი კვლავ გაუქმდა, ამჯერად მიზეზი ბიუჯეტის სიმცირე იყო. ეს გამოწვეული იყო ომის შემდგომი ზოგადი ეკონომიკური კრიზისით, რომელმაც ფესტივალის დაფინანსებაზე პირდაპირ იმოქმედა. 1950-იანი წლები ფესტივალისათვის იმიჯის შექმნის თვალსაზრისით განმსაზღვრელი პერიოდი აღმოჩნდა. ამ დროს კინემატოგრაფია მეტად საერთაშორისო გახდა და რეჟისორებმა აქტიურად დაიწყეს საკუთარი სახელის გლობალური მასშტაბით დამკვიდრებაზე ფიქრი.

პარალელურად კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებიც დადგნენ იმ რეალობის წინაშე,
რომ კონკურენტუნარიანი პლატფორმის შესაქმნელად გავლენიანი ბრენდი უნდა შეექმნათ. საბოლოოდ, ფესტივალმა განვითარება შეძლო და იქცა სივრცედ, სადაც მალევე მსოფლიოს წამყვანმა მედიაგამოცემებმა, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, კრიტიკოსებმა და კინოინდუსტრიაში მოღვაწე ყველა მნიშვნელოვანმა პერსონამ მოიყარა თავი. სწორედ კანის ფესტივალზე აღმოაჩინა მსოფლიომ უამრავი ამომავალი ვარსკვლავი. მათ შორის არის ბრიჯიტ ბარდო, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში 1953 წელს ფესტივალის მსვლელობისას მოხვდა.

1955 წელს ფესტივალმა მთავარი პრემია – პალმის რტო წარადგინა. პრემიის ოფიციალურ პრეზენტაციამდე ერთი წლით ადრე, ფესტივალის დირექტორთა საბჭომ ჯილდოს დიზაინსა და შექმნაზე იუველირების კონკურსი გამართა. კონკურსში პარიზელი იუველირის ლუსიენ ლაზონის ნამუშევარმა გაიმარჯვა.

Მე-20 საუკუნის 80-იან წლებში კანის კინოფესტივალი კინოინდუსტრიაში უკვე წამყვანი ღონისძიების სტატუსს ატარებდა. ის ერთგვარ სტანდარტებსაც კი ადგენდა. ამ ავტორიტეტმა ღონისძიება კინოინდუსტრიის ტენდენციებზე მსჯელობის სივრცედაც კი აქცია. ამ წლებში კანის კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იყო არაერთი ნამუშევარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ცენზურამ აკრძალა.

კანის კინოფესტივალის ისტორიაში 90-იანი წლები ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი მომენტია, რამდენადაც ეს ახალი აღმოჩენების დეკადაა. 1993 წელს, კინოს ისტორიაში ერთ-ერთ პრეცედენტულ მოვლენად შეგვიძლია ჩავთვალოთ ფაქტი, როცა პალმის რტო ქალ რეჟისორ გადაეცა. ფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო ჯეინ კემპიონმა ფილმისათვის – The Piano.

2003 წლიდან კანში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალს ოფიციალურად დაერქვა კანის კინოფესტივალი. დღესდღეობით კანის კინოფესტივალი მსოფლიო პოპ-კულტურის მთავარი მოვლენაა. თავისი წითელი ხალიჩით, საპრემიერო ჩვენებებით, პრეს-კონფერენციებით, თუ საკონკურსო სექციით, ის მსოფლიო კულტურულ კალენდარში ერთ-ერთი წამყვანი მოვლენაა.