წლებია, ჯეფრი ეფშტეინის სახელი სექსუალურ დანაშაულებთან და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ ელიტურ ქსელებთან ასოცირდება. 2026 წლის იანვარში ეფშტეინის ფაილებიდან 3 მილიონზე მეტი გვერდი გამოქვეყნდა. ისინი შეიცავენ ცნობილი ადამიანების სახელებს, ელექტრონულ წერილებს, ფოტომასალას და საქმესთან დაკავშირებული პირების ჩვენებებს.

ცნობილი ადამიანების სახელების გაჟღერებამ, შოკისმომგვრელმა წერილებმა და ჩანაწერებმა საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ეს მასალები ამტკიცებს, რომ ეფშტეინი მართავდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და მათი პროსტიტუციაში ჩართვის მასშტაბურ სქემას. ეფშტეინი იყო დამნაშავე, რომელსაც ჰქონდა კავშირები მსოფლიოს ელიტასთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და სამეფო ოჯახის წევრებთან. მისი ისტორია სავსეა დანაშაულებით, კონსპირაციებით და მძიმედ მოსასმენი ისტორიებით. 

ჯეფრი ეფშტეინის საქმეში პირველი ოფიციალური სარჩელი 2005 წლით თარიღდება. პალმ ბიჩის პოლიციამ გამოიძია საქმე, რომელშიც 14 წლის გოგონა იყო მსხვერპლი. გამოძიებამ გამოავლინა ათობით სხვა მსხვერპლი. 2008 წელს ეფშტეინმა აღიარა დანაშაული, გააფორმა საპროცესო შეთანხმება და მხოლოდ 13-თვიანი სასჯელი მიიღო, ისიც შემსუბუქებული პირობებით, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

2019 წელს ეფშტეინი ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიერ სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებით დააპატიმრეს. თავდაპირველად, მსხვერპლების რაოდენობა 80-ს აღემატებოდა. სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ფოტოები, ფული, ყალბი პასპორტები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. მოგვიანებით მსხვერპლთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. მათი უმეტესობა არასრულწლოვნები იყვნენ.

დიდი ხმაურისა და კონსპირაციების წყაროდ იქცა ეფშტეინის კერძო კუნძული – Little St. James, რომელსაც სოციალურ მედიაში ხშირად „პედოფილების კუნძულად“ მოიხსენიებენ. კუნძულზე დამონტაჟებული იყო კამერები. ეფშტეინის კუნძულზე და მის სახლებში ეწყობოდა ელიტური წვეულებები, შეხვედრები, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა სექსუალურ დანაშაულებს.

ეფშტეინის ფაილებში ფიგურირებენ მსოფლიოს გავლენიანი ბიზნესმენები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. მათ შორის არიან: ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპი, ბილ გეითსი, პრინცი ენდრიუ, რიჩარდ ბრენსონი, ვუდი ალენი, მაიკლ ჯექსონი და სხვა ცნობილები. თუმცა ფაილებში მოხვედრილი სახელები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ისინი კრიმინალურ ქმედებაში იყვნენ ჩართული. მათი სახელი შესაძლოა სოციალური და საქმიანი კავშირის კონტექსტში იყოს ნახსენები. არსებობს კონსპირაცია “კლიენტების სიის” შესახებ, თუმცა ასეთი სიის არსებობა ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

არსებული მასალებისა და მსხვერპლების ჩვენებების მიხედვით ჩანს, რომ ეფშტეინის ერთ-ერთი სამიზნე და მისი დანაშაულებრივი სქემის ინსტრუმენტი მოდის სამყარო იყო. არასრულწლოვნებს ხშირად სთავაზობდნენ სამოდელო კარიერას, მათ იბარებდნენ “სინჯებზე”, რის შემდეგაც ისინი სექსუალური დანაშაულის მსხვერპლნი ხდებოდნენ. სქემა ერთგვარი პირამიდის ნიშნებსაც მოიცავდა: პროსტიტუციაში უკვე ჩართულ გოგოებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, მეგობრებისა და ნაცნობების ჩართვაში დახმარებასაც აიძულებდნენ. 

2026 წელს გამოქვეყნებულ ფაილებში ფიგურირებენ ცნობილი მოდელები, მაგალითად ნაომი კემპბელი, დები ჰადიდი. თუმცა, მათი მონაწილეობა წვეულებებში ან სხვა აქტივობებში არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დამნაშავეები ან მსხვერპლები არიან. 

ეფშტეინის კავშირები მოდის სამყაროსთან წლებთან ერთად გაფართოვდა, თუმცა ყველაფერი Victoria’s Secret-ის ყოფილ მფლობელთან, ლესლი ვექსნერთან პარტნიორობით დაიწყო. 

ჯეფრი ეფშტეინი 1953 წელს ნიუ-იორკში ებრაულ ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა მათემატიკური უნარებით. საჯარო სკოლაში სწავლისას კლასები გამოტოვა და 16 წლის ასაკში საშუალო სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით უნივერსიტეტში მათემატიკურ ფიზიკას სწავლობდა, თუმცა დიპლომი არ მიუღია.

კარიერა დაიწყო მასწავლებლად ერთ-ერთ ელიტურ კერძო სკოლაში, სადაც მათემატიკას და ფიზიკას ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი არ ჰქონდა. სწორედ იქ გაიცნო მდიდარი მშობლები, რამაც შესაძლებლობა მისცა ბიზნეს წრეში მოხვედრილიყო და ფინანსურ სფეროში გადასულიყო. 1976 წელს შეუერთდა ბანკს Bear Stearns, სადაც მალევე დაწინაურდა და პარტნიორი გახდა. 1981 წელს შიდა რეგულაციების დარღვევის გამო, ეფშტეინმა ბანკი დატოვა.

1981 წელს დააარსა კომპანია Intercontinental Assets Group, რომელიც კლიენტებს დაკარგული თანხების დაბრუნებაში ეხმარებოდა. ამ კომპანიასთან მუშაობისას ეფშტეინი ურთიერთობდა ისეთ კლიენტებთან, რომლებიც ფინანსურ სკანდალებში და სადავო გარიგებებში იყვნენ გარეული.

1988 წელს ეფშტეინმა დააარსა J. Epstein & Company, რომელიც მართავდა მილიარდერების აქტივებს. სწორედ აქ ჩნდება Victoria’s Secret-ის იმდროინდელ მფლობელთან – ლეს ვექსნერთან, როგორც ძირითად პარტნიორთან პირველი კავშირი. ეფშტეინი იყო ვექსნერის ფინანსური მრჩეველი და მასთან თანამშრომლობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. ვექსნერთან კავშირი ეფშტეინს საშუალებას აძლევდა შეღწეულიყო მოდის სამყაროში და  მოდელები ჩაერთო თავისი დანაშაულებრივი სქემაში. ეფშტეინი ვექსნერის  უფლებამოსილებებით აღჭურვილი პირი იყო – მას მინდობილი ჰქონდა გადასახადების გადახდა, სესხების აღება, ქონების მართვა.

მსხვერპლების ჩვენებებიდან და გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ 1980-იანი წლების ბოლოდან ეფშტეინი ხშირად წარადგენდა თავს Victoria’s Secret-ის „ტალანტ სკაუტად“. ახალგაზრდა მოდელებს იწვევდა „სინჯებზე“ ან „კატალოგის განხილვაზე“. მაგალითად, მოდელი ალისია არდენი იხსენებს, რომ 1997 წელს სასტუმროში „Victoria’s Secret-ის კატალოგისთვის მიიწვიეს” და იქ ეფშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ყოფილი თანამშრომლები ასევე ადასტურებენ, რომ ეფშტეინი სისტემატურად ცდილობდა მოდელებთან დაკავშირებას პროფესიონალური სააგენტოების გვერდის ავლით.

ვექსნერმა ეფშტეინთან ურთიერთობა 2007 წელს შეწყვიტა. ვექსნერი ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდა დანაშაულის შესახებ. 2026 წლების ფაილებში ლეს ვექსნერი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ძირითადი კონტაქტი, თუმცა მის წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ.

მეორე მნიშვნელოვანი კავშირი მოდის სამყაროსთან იყო სააგენტო MC2 Model Management, რომელიც ეფშტეინის ფინანსური მხარდაჭერით, ფრანგმა სკაუტმა ჟან-ლუკ ბრუნელმა დააფუძნა. ეფშტეინი ხშირად მოგზაურობდა ბრუნელთან ერთად თავისი კერძო თვითმფრინავით, რომელსაც Lolita Express ერქვა.

ბრუნელი 2020 წელს საფრანგეთში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 2022 წელს ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მან ეფშტეინის ბედი გაიზიარა და თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ეჭვები ეფშტეინის მსგავსად, მის თვითმკვლელობაზეც არსებობს.

გავრცელებული ბრალდებების მიხედვით, MC2-ის გამოყენებით, ეფშტეინს წვდომა ჰქონდა ახალგაზრდა, ზოგჯერ 14 წლის მოდელებთან საერთაშორისო მასშტაბით. მათ კასტინგების საბაბით იწვევდნენ, თუმცა ბევრი მოზარდი პროსტიტუციაში ერთვებოდა. სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის თქმით, ეფშტეინი ბრუნელის გოგონებს „ინვენტარს“ უწოდებდა და ამბობდა, რომ „1000-ზე მეტ მათგანს ფლობდა”. 

გავრცელებული ფაილებიდან ასევე ირკვევა, რომ ბრიტანელი მოდელი, ანაბელ ნეილსონი სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული ჯეფრი ეფშტეინისთვის „ახალგაზრდა გოგონების მოძიების“ პროცესში. ანაბელ ნეილსონი 2018 წელს, 49 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ეფშტეინის ფაილებში ლექსი ვექსნერთან ერთად ქართული წარმომავლობის სახელიც ფიგურირებს. 2026 წლის თებერვალში კონგრესმენმა რო ხანამ და რესპუბლიკელმა თომას მეისიმ DOJ-ისგან (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი) მოითხოვეს ეფშტეინის ფაილების სრული, რედაქტირების გარეშე არსებული ვერსიის ნახვა. ისინი ორი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ არარედაქტირებულ დოკუმენტებს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი სახელი კვლავ რედაქტირებული (დაფარული) იყო, მიუხედავად კანონისა, რომელიც ამბობს, რომ რედაქტირება მხოლოდ მსხვერპლთა დაცვისთვის უნდა მოხდეს. ხანამ თქვა, რომ იპოვეს 6 “მდიდარი, ძლევამოსილი კაცი”, რომელთა სახელები უსაფუძვლოდ იყო დაფარული. მან გადაწყვიტა, რომ ეს სახელები საჯაროდ გამოეცხადებინა კონგრესის სხდომაზე. 2026 წლის 10 თებერვალს ხანამ მართლაც წაიკითხა ეს სახელები: ლესი ვექსნერი, სულთანი აჰმედ ბინ სულაიემი – დუბაის პორტების კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და ემირატების მილიარდერი ბიზნესმენი, სალვატორ ნუარა, ლეონიკ ლეონოვი, ნიკოლა კაპუტო და ზურაბ მიქელაძე. ამ უკანასკნელი ოთხი ადამიანის სტატუსი ჯერჯერობით უცნობია.