ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებით გარკვეული აზრების უთქმელად გამოხატვა შეგვიძლია. მისი დახმარებით ერთმანეთთან კავშირის დამყარებაც გვიადვილდება. შინაარსიანი საგნები თავისთავად მეტყველებს და როცა ისინი ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება, ყოველთვის გვიზიდავს გამომხატველობით. მათ ხშირად ვხვდებით მოდის სფეროშიც, რადგან, ყველაფერთან ერთად, მოდას შეუძლია იყოს სასაუბრო ენაც. ინდუსტრია, რომელიც მრავალ დარგს აერთიანებს და შემოქმედებით ძალაზე დგას, არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მხოლოდ ბიზნესი.
კონსუმერიზმის ზეგავლენამ და წარმოების მასშტაბების უკონტროლო ზრდამ ჩვენ გარშემო თითქმის ყველაფერი გააუფასურა და უფერული გახადა. შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი აღარ არის მაღალი ხარისხი და კარგი დიზაინი. უმეტეს შემთხვევაში მღელვარებას სწორედ შინაარსის მქონე ქმნილება იწვევს, რომელიც გარკვეულ იდეას ემსახურება.
JAMPROJECT- არტისტებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც, უპირველესყოვლისა, საქართველოში მოდის კომუნიკაციის ფორმად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დროის მოკლე მონაკვეთში მათ მიერ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ თითოეული მათგანი ქართულ მოდაში კომუნიკაციის მნიშვნელობის გამოსავლენად ნიადაგს ქმნის.
სწორედ კომუნიკაცია, ურთიერთობა იყო მთავარი თემა JAMPROJECT-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტისა, რომელიც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულთან პარტნიორობით გაკეთდა. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე სააგენტომ საქართველოში ყველაზე მასშტაბური მოდური ღონისძიებისთვის შექმნა ფილმი – “მოდა, როგორც კომუნიკაცია,” რომელიც, პირველ რიგში, “კოლექციიდან კოლექციამდე,” ტენდენციიდან ტენდენციამდე” საზღვრებში მოქცეულ მოდის ვიწრო გაგებას ეწინააღმდეგებოდა.
“ფილმის ამოცანაა დატოვოს უკვე ნანახისა და მოსმენილის შთაბეჭდილება,” – ამბობენ ჩვენთან საუბრისას JAMPROJECT-ის წევრები. “ხედავდე იმას, რაც უკვე ბევრჯერ გინახავს, გესმოდეს ის, რაც თითქოს უკვე აშკარაა და გახსენდებოდეს დრო, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო.”
JAMPROJECT პანდემიის დაწყებამდე ცოტახნით ადრე, 2019 წელს შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის წევრებს მალევე მოუწიათ წესებისა და რეგულაციების ახალ სისტემას მორგებოდნენ, მუშაობა არ შეუწყვეტიათ და შეიძლება ითქვას, რომ JAMPROJECT ბრენდად სწორედ პანდემიის პერიოდში ჩამოყალიბდა.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის პირველი ციფრული სეზონი, რომელზეც აღნიშნული ფილმი იყო წარმოდგენილი, მაშინ გაიმართა, როცა პანდემიის შედეგები უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა. “ადამიანების ყოველდღიურობის შეცვლამ, მუშაობის და ურთიერთობების სისტემის ტექნიკურმა ცვლილებამ, შეზღუდვებმა, შეხების აკრძალვამ და დისტანციის დაწესებამ, ამოატივტივა ადამიანის არსებობის მთავარი მოტივაცია – ურთიერთობა, უშუალო კავშირის მოთხოვნილება ადამიანებს შორის,” – აღნიშნავენ ისინი. “ამ მისწრაფებას არ აქვს საზღვრები, ის არ იცვლება სასაათო სარტყლის ცვლილებასთან ერთად და არც ქვეყნის გეოპოლოტიკური, ეკონომიკირი თუ სოციალური მდგომარეობა განსაზღვრავს მის არსებობას. ეს მოთხოვნილება უბრალოდ არსებობს ყველგან, სადაც ადამიანია. სწორედ თემის მასშტაბურობის გააზრებამ და იმან, რომ რაღაც მოკლე პერიოდში მოხდა მსოფლიოს ყველა მოქალაქის ინტერესის, ღირებულების და მოტივაციის გათანაბრება, მოგვცა სტიმული გვესაუბრა თემაზე – ურთიერთობა.”
პანდემიური რეალობის ერთგვარი ილუსტრაცია იყო სააგენტოს მომზადებული ფილმი ანი გავას მონაწილეობით, რომელიც წარმოაჩენს თუ რას ნიშნავს იყო მოდელი, როცა მსოფლიო კორონა ვირუსს ებრძვის. ნამუშევარი ასევე მაგალითია იმისა, რომ JAMPROJECT-ის საქმიანობა მრავალ ასპექტს მოიცავს – ის არ არის დამკვეთზე დამოკიდებული და აერთიანებს როგორც საავტორო, ისე კოლაბორაციულ პროექტებს. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ მუშაობის სისტემიდან გამომდინარე მათი საქმიანობის სხვა ანალოგი საქართველოში არ გვხვდება. არჩეული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ მის წევრებსაც არ ვასახელებთ.
“JAMPROJECT არ იწვევს რეჟისორებს, ოპერატორებს, ასისტენტებს, გამნათებლებს, მემონტაჟეებს, ჩვენ არ ვამბობთ გუნდის რომელმა წევრმა რა გააკეთა, რადგან არც ერთის ჩართულობა პროექტში არ იყოს შეზღუდული. არსებობს მხოლოდ ერთი ავტორი და ეს JAMPROJECT-ია.”
გაზვიადებული არ უნდა იყოს იმის თქმა, რომ JAMPROJECT-ის გაჩენა ქართული მოდისთვის დროული იყო და მის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. გუნდში კარგად ესმით, რომ მოდაში მრავალი შესაძლებლობა არსებობს და შეიმუშავეს თანამშრომლობის ახალი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მათი განხორციელებული ყველა პროექტი კომუნიკაციის საშუალება გახდებოდა. “მოდის ინდუსტრიაში იდეური და ვიზუალური ესთეტიკის რადიკალური ცვლილების ფუფუნება და შესაბამისად კომუნიკაციის მრავალფეროვნება გვაქვს. ამასთან გვეძლევა საშუალება, ჩვენი სტრატეგიით დავუპირისპირდეთ საქართველოში არსებულ სტიგმას მოდის ზედაპირულობაზე, რაც მას აკნინებს და აშკარად უშლის ხელს იყოს აღქმული, როგორც ხელოვნების სრულფასოვანი დარგი,” – ვიგებთ გუნდის წევრებისგან.
JAMPROJECT-ში ამბის თხრობა პრიორიტეტად დაისახეს, შესაბამისად საზოგადოებისთვისაც ყოველთვის რაღაც აქვთ სათქმელი. “ჩვენთვის ყველა პროექტს მიღმა არსებობს სცენარი, ისტორია მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა ის საბოლოო პროდუქტს,” – ამბობენ ისინი. “ეს პროცესი ჰგავს დაახლეობით იმას, როცა მსახიობი უარყოფითი როლის თამაშის დროს ცდილობს გაამართლოს თავისი პერსონაჟი, მისი ქმედებები რომ უფრო გამართლებული იყოს. ყოველთვის უნდა არსებობდეს მიზეზი და ჩვენ ის ყოველთვის ვიცით, რაც არ უნდა დაფარული იყოს ის.”
მათი ეს პოზიცია კიდევ უფრო გასაგები გახდება იმ პესონაჟების შესახებ გაგების შემდეგ, რომლებსაც ასე შთამბეჭდავად წარმოგვიდგენენ. გავიცნოთ ბრენდ KEBURIA-ს მთავარი გმირი, რომელიც სააგენტოს წევრებმა დიზაინერ გიორგი ქებურიასთან ერთად საკმაოდ საინტერესო ფენომენის შთაგონებით შექმნეს – როდესაც ლიტერატურაში ყურადღების ცენტრში ანტაგონისტი ექცევა, სიუჟეტი უარყოფითი პერსონაჟის გარშემო ვითარდება და მოულოდნელად მკითხველს მის მიმართ ინტერესი და თანაგრძნობაც კი უჩნდება:
“ჩვენ შევქმენით ქალი, რომელიც ქედმაღლობითა და ამპარტავნობით ხასიათდება. მისი ეგოცენტრულობის მიღმა მკრთალად, მაგრამ მაინც იკითხება ცხოვრებისეული დრამები, სევდა და მელანქოლია, რომელიც საბოლოოდ ქმნის მის ტრაგიკომუკურ სახეს და გვაიძულებს, დავინტერესდეთ. მისი იდუმალების და მისტიურობის გამო ის ჩვენთვისაც მიუწვდომელია, ჩვენც კი არ ვიცით ბევრი რამ მის შესახებ. უკვე მეოთხე სეზონია სიუჟეტი ამ პერსონაჟის გარშემო ვითარდება. ჩვენ მისი თავგადასავლების მხოლოდ მცირე ფრაგმენტების ნახვის ფუფუნება გვაქვს.”
მაშინ, როცა დღესდღეობით ბრენდების უმეტესობას ასე აკლია სიღრმე და ზედაპირულობით ხასიათდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოდის სფეროსთვის იმ მახასიათებლების შენარჩუნება მოხდეს, რომლებიც მას არამხოლოდ ბიზნესად, არამედ ხელოვნების დარგადაც აქცევენ. JAMPROJECT-ში თვლიან, რომ შესაძლოა ახლა საქართველო გარკვეული თვალსაზრისით მოდის ინდუსტრიის ნაწილია, მაგრამ თუ ჩვენს ქვეყანას აქვს ამბიცია მსოფლიო მოდის ისტორიის ნაწილიც იყოს, ამისთვის მას ვიზუალური ენის გაძლიერება დასჭირდება.
“მხოლოდ მოლაპარაკე და მოსაუბრე მოდის აქტორები აქცევენ მოდას ღირებულად.”
მოდის ინდუსტრიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაჩქარებული ტემპისა და უკიდურესი კომერციალიზაციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბრენდებისთვის ინდივიდუალური, გამორჩეული ხასიათის მორგება და ყველასგან განსხვავებული ენის შექმნა. “დღეს მხოლოდ გამოსახულება არაფერს ნიშნავს,” – მიიჩნევენ სააგენტოში. “არც გლობალურ სოციალურ თუ ეკოლოგიურ კამპანიებში მონაწილეობა ზრდის ბრენდის ხარისხს. საუბარია აუთენტურ, უნიკალურ ატმოსფეროზე, რომელიც ბრენდს უნდა გააჩნდეს.”
იდეას, რომ მოდის სახლებმა მნიშვნელოვანია თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ისტორიების მოყოლა არ შეწყვიტონ, არაჩვეულებრივად გამოხატავს ქართული ბრენდი Matériel, რომლის JAMPROJECT-თან კოლაბორაციაც ერთ მთლიან, დროში გაწერილ პროექტს წარმოადგენს.
“JAMPROJECT-ის მიზანი იყო ბრენდისთვის შეექმნა ერთგვარი დრამატურგიული ხაზი, რომელსაც ის რამდენიმე სეზონი გაყვებოდა,” – განმარტავენ გუნდის წევრები. “ანუ სეზონური კოლექციები დავუქვემდებარეთ ისტორიას, რომლის თხრობაც ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისში დავიწყეთ. ეს ისტორია მატერიელის ქალების გაცნობას გულისხმობს და პერიოდს მათი დანახვის წამიდან, მათთან პირველი საუბრის შესაძლებლობამდე.”
მატერიელისა და JAMPROJECT-ის კოლაბორაცია თავისი ხარისხით, კონცეფციითა და შინაარსით ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ პროექტს წარმოადგენს ქართულ მოდაში და ახალი, კიდევ უფრო მრავალფეროვანი თავის დასაწყისზეც მიანიშნებს.
იხილეთ Matériel x JAMPROJECT.
როგორც სააგენტოს წევრები აღნიშნავენ, ჩვენს ქვეყანაში უკვე სახეზეა პროცესი, როცა ახალი სახელოვნებო ატმოსფერო ყალიბდება, სადაც აშკარა დომინანტი მოდა ხდება, რადგან ქართული თანამედროვე ხელოვნების აუდიტორია გაუცნობიერებლად ხდება ქართული მოდის აუდიტორია. JAMPROJECT-ის ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ ამ პროცესის დაჩქარებაა.