პარიზში, 2025 წლის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე, ირის ვან ჰერპენმა მაღალი მოდისადმი თავისი შემოქმედებითი მიდგომა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ფორმით წარმოადგინა – დიზაინერმა შექმნა ე.წ. „ცოცხალი ლუქი“, რომელშიც გამოყენებულია 125 მილიონი ბიოლუმინესცენტური, იგივე მანათობელი წყალმცენარე. როგორც თავად ვან ჰერპენი ამბობს, ამ წყალმცენარეებს სჭირდებათ რვა საათი დასვენება, რვა საათი შუქი და წყნარი, გრილი გარემო, რომ კარგად განვითარდნენ.
„როცა ბედნიერია, რეაგირებს იმ ადამიანის მოძრაობებზე, ვისაც აცვია,“ – ასე ახასიათებს დიზაინერი თავისი კოლექციის მთავარ ლუქს.


ჰაეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი კოსტიუმები, დიზაინში 3D ტექნოლოგიის ინტეგრირება, ბუნების ცოცხალი ფორმები – სწორედ ეს არის ის ძირითადი ესთეტიკური ხაზი, რომელიც ჰოლანდიელი დიზაინერის ხელწერას იმდენად უნიკალურად აქცევს, რომ ის არასდროს აგერევათ. ირის ვან ჰერპენის კოლექციების დანახვისას, შესაძლოა ბევრი იმაზეც დავფიქრებულვართ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის ცივილიზაციისათვის მოდა, როგორც ხელოვნების ფორმა.
ვან ჰერპენის შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ბუნების ძალებს. დიზაინერი შთაგონებას ბუნების სილამაზიდან, მისი იდუმალებიდან და ქაოსიდან იღებს. წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ელემენტები მის კოლექციებში სილუეტებად გარდაიქმნება და არამიწიერ დიზაინებს ქმნის.

ვან ჰერპენის შთაგონების წყარო ხშირად ცოცხალი ორგანიზმების მიერ შექმნილი რთული სტრუქტურებია – ფიჭები, სოკოები, ქსელები. თუმცა, ამასთან ერთად, ის ადამიანის შემოქმედებასაც დიდ ყურადღებას უთმობს და მის კოლექციებში ხშირად დავინახავთ გოთიკური ტაძრების არქიტექტურისა და სკულპტურების ინტერპრეტაციებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვან ჰერპენის ნამუშევრებში ერთმანეთს ორი სამყარო ხვდება – ბუნება, რომელიც თვითშემოქმედია და მეორე მხრივ, ადამიანების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდნის, ინტერესებისა და კვლევის საფუძველზე შექმნილი ხელოვნება. სწორედ ამიტომ მისი შოუებისას მუდმივად ვხედავთ ვიზუალურ დიალოგს ბუნებასა და ადამიანს შორის – ეს იკითხება მასალაში, ფორმებში, ტექსტურაში და ტექნიკებში.

ირის ვან ჰერპენი მოდას პირველად ბებიის მანსარდაში შეხვდა – იქ, სადაც თითქოს პატარა მუზეუმი დახვდა: ათწლეულების წინანდელი ტანსაცმელი და კოსტიუმები, რომლებმაც მის წინ ახალი ეპოქა გააცოცხლა. ჰერპენმა განათლება ნიდერლანდების ერთ-ერთ წამყვან ხელოვნების უნივერსიტეტში, ArtEZ University of the Arts-ში მიიღო. მოგვიანებით კი სტაჟირებას გადიოდა ალექსანდრ მაკქუინის სახელოსნოში. 2007 წელს დააარსა საკუთარი სახელობის ბრენდი – Iris van Herpen.
2010 წელს ჰოლანდიელმა დიზაინერმა პირველად წარმოადგინა 3D ბეჭდვით შექმნილი კაბა, რითაც მოდის ინდუსტრიაში ტექნოლოგიური რევოლუციის ერთ-ერთი პიონერი გახდა. 2011 წელს, 27 წლის ასაკში კი შეუერთდა Chambre Syndicale de la Haute Couture-ს – ორგანიზაციას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ბრენდი შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ მაღალი მოდის სახლად.


გარდა მოდისა, ირის ვან ჰერპენმა განათლება მიიღო კლასიკურ ბალეტში. სწორედ ამან გააჩინა მასში ადამიანის სხეულისა და მისი მეტამორფოზებისადმი დიდი ინტერესი. მისთვის ცეკვა არის პროცესი, სადაც სხეული და გონება იკვეთება. „იმ წლებში, რაც ცეკვას დავუთმე, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე საკუთარ სხეულზე – მოძრაობის ტრანსფორმაციაზე, ფორმის ერთგვარ ევოლუციაზე და იმაზე, როგორ შეიძლება ფორმითაც და მოძრაობითაც მანიპულირება,” – ამბობს ირის ვან ჰერპენი.
ვან ჰერპენს ღრმად იზიდავს ადამიანის ფსიქიკის სხვა ფენომენები – ცნობიერება, ტრანსფორმაცია, რეალობის აღქმა და წარმოსახვა, რაც ხშირად ოპტიკური ილუზიებით სავსე კოლექციებში აისახება. თუმცა მისთვის მთავარი შთაგონების წყარო მაინც ბუნებრივი სტიქიებია – სამყაროს ოთხი ელემენტი და მათი ფიზიკური გარდასახვები. მაგალითად, ვან ჰერპენის კოლექციებში ხშირად ვიხილავთ ორთქლის, ტალღების, ყინულის შთაგონებით შექმნილ ფორმებს.

მოდის ინდუსტრიის მრავალწლიან ისტორიაში იშვიათად ჩნდებიან დიზაინერები, რომლებიც სრულად ავთენტურ შემოქმედებას აწვდიან აუდიტორიას – შემოქმედებას, რომელიც სრულიად თავისუფალია გავლენისგან. ასეთი გამონაკლისია ირის ვან ჰერპენი, რომელმაც 2007 წლიდან ინდუსტრია რადიკალურად შეცვალა – მაღალი მოდა უახლეს ტექნოლოგიებთან გააერთიანა და ამით სრულიად ახალ სტანდარტს ჩაუყარა საფუძველი.
ირის ვან ჰერპენი იმ იშვიათ დიზაინერთა შორისაა, ვისაც არ სჭირდება ტრენდების გათვალისწინება, ჰაიპი ან პოპ კულტურასთან კავშირი. ის სრულიად თავისი გზით დადის მოდის უკიდურესად კომერციულ სამყაროში.