სერიალების ინდუსტრიასა და მოდას შორის ყოველთვის მჭიდრო კავშირი იყო. თუ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების საკულტო შოუს – Sex And The City-ის გავიხსენებთ, დავინახავთ იმ გავლენას, რომელიც სერიალის სიუჟეტზე მოდის სახლების კოლექციებს, დიზაინერებს და ზოგადად მაღალი მოდის სამყაროს ჰქონდა. თანამედროვე ეპოქაში, სერიალების ინდუსტრიაში მოდის დომინირების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა და კოლაბორაციული მარკეტინგის სახეც კი მიიღო. ერთ-ერთი ის სერიალი, რომელშიც მოდის ფენომენი ყველაზე საინტერესო კონტექსტით არის ნაჩვენები, HBO-ს შოუა – Succession. სერიალმა ე.წ. quiet luxury-ის და stealth wealth-ის ტერმინების აქტუალობა განაპირობა. სერიალმა წარმოაჩინა იმ პრივილეგირებული და მდიდარი საზოგადოების სტილი, რომლებსაც ეს სტატუსი მემკვიდრეობით აქვთ მიღებული და საკუთარი გავლენის დემონსტრირება არ სჭირდებათ. ასეთი კლასი, ე.წ. Old Money წრის ადამიანები კი, არჩევანს იმ ბრენდებზე აკეთებენ, რომელთა დიზაინში ლოგოები თითქმის არ დომინირებს.

სერიალში აღნიშნული საკითხის აქტუალობას მალევე მოჰყვა სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება და ტრენდულ თემად იქცა. ამან კი Succession კიდევ მეტად დაუახლოვა მოდის ინდუსტრიასთან ასოცირებული სერიალის სტატუსს. შექმნილი ვითარებით ცხადია ისარგებლა HBO-მ და სერიალის მერჩენდაიზის ხაზი გამოუშვა.

მერჩენდაიზის დიზაინი სერიალის პერსონაჟების სტილის ინსპირაციით შეიქმნა. კოლექცია ყოველდღიურ სამოსს აერთიანებს: მაისურებს, ჰუდებს, ქუდებს, ზურგჩანთებს და ასე შემდეგ. Succession-ის მერჩენდაიზის კოლექციაში ტანსაცმელთან ერთად, სახლისათვის განკუთვნილ და პრაქტიკული დანიშნულების ნივთებსაც შეხვდებით.