თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელების განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. ციფრულმა სივრცემ და ინფორმაციის გაზიარების კულტურამ ინდუსტრიებს ახლებური მარკეტინგისაკენ უბიძგა, მომხმარებლებს ინფორმაციაზე წვდომის მასშტაბები გაუზარდა, ხოლო კრეატორებს საშუალება მისცა, თავიანთი იდეები მრავალრიცხოვანი აუდიტორიისათვის გაეცნოთ. ქართულ რეალობაში დღეს არაერთი საინტერესო ბლოგი, თუ მულტიმედიური პლატფორმა შეგვხვდება, რომლებიც თემატიკით და გამომწერებთან ურთიერთობის ფორმებით განსხვავდებიან. ამჯერად ჩვენ ერთ-ერთ იმ პროექტზე გიყვებით, რომელმაც ფოტოგრაფია ამბის თხრობის საშუალებად გამოიყენა და სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაზე ფოკუსირებული სარეკომენდაციო პლატფორმა შექმნა. „გადავიღე“ პროექტის ირგვლივ შემოკრებილ ადამიანებს უზიარებს საქართველოში არსებულ დაწესებულებებს, სადაც დასამახსოვრებელ კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ, შეძლებენ, დასვენებას და გაეცნობიან კულტურულ სიახლეებს. რეკომენდაციები განსაკუთრებული სიფრთხილით და გულწრფელობით მზადდება, რამაც ამ პროექტისადმი ნდობა და ლოიალური აუდიტორიის ჩამოყალიბება განაპირობა.
„გადავიღეს“ ისტორია ცნობისმოყვარეობით და პირადი გამოცდილების გაზიარების სურვილით დაიწყო. ჩვენთან ინტერვიუში პროექტის დამფუძნებლები ამბობენ, რომ თბილისსა და რეგიონებში მოგზაურობისას ბევრი საინტერესო ობიექტი აღმოაჩინეს და გაჩნდა იდეა, რომ ერთ სივრცეში მოექციათ ის დაწესებულებები, სადაც ადამიანები ხარისხიან მომსახურებას მიიღებდნენ და დროის კარგად გატარებას შეძლებდნენ.
გადავიღე ორი მეგობრის პროექტია, რომელსაც მათივე სიტყვებით, დიდი სიყვარულით და სიფრთხილით ქმნიან.
„გადავიღე“:
„საწყის ეტაპზე ინსტაგრამის გვერდი შევქმენით მეგობრებისა და ნაცნობებისთვის, გართობის, თუ დასვენების მომენტების გასაზიარებლად, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. რაც უფრო იზრდებოდა გვერდის აუდიტორია, მით უფრო მეტი იყო პასუხისმგებლობა და ასე ჩამოვყალიბდით გზამკვლევ პლატფორმად, სადაც თავმოყრილ ყველა ობიექტზე, გულწრფელ რეკომენდაციას გავცემთ. ორივენი მარკეტინგის სფეროში ვართ. ჩვენთვის „გადავიღეზე“, როგორც პროექტზე, მუშაობა ახალი გამოცდილებაა – საინტერესო ობიექტების აღმოჩენისა და ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა.”
პლატფორმისადმი ემოციური დამოკიდებულება
პროექტს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს და ფიდის დათვალიერებისთანავე იგრძნობთ, რომ ეს კომერციული მოგებისათვის შექმნილი მორიგი პროექტი არ არის.
მოუხედავად, რომ მოგზაურობის, კულინარიისა და დასვენების მიმართულებით დღეს უკვე არაერთ პლატფორმას, თუ ცალკეულ კრეატორს შეხვდებით, გადავიღე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მისი ვიზუალური კომუნიკაციის საშუალება ხარისხიანი ფოტოპროექტებია, რომლებსაც თავად დამფუძნებლები ქმნიან. ყველა დეტალის გათვალისწინებით „გადავიღეს” საბოლოო კონტენტის მიღმა საკმაოდ მოცულობითი სამუშაო დგას.
„გადავიღე“:
„გარდა ფოტოგრაფიული უნარებისა და ვიზუალური კონტენტის შექმნისა, მსგავსი ტიპის პროექტზე მუშაობისას აუცილებელია, თუნდაც ნაცნობ გარემოში მუდმივად სიახლეების აღმოჩენა შეგეძლოს და ამის შესახებ აუდიტორიასთან უწყვეტი კომუნიკაციის სურვილი გაგაჩნდეს. მაგალითად, ჩვენ ხშირად გვწერენ ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ეძებენ მათთვის მნიშვნელოვანი დღისთვის ლოკაციებს და ჩვენც ვცდილობთ, ყველაფრის გათვალისწინებით, მათთვის სასურველი ადგილის აღმოჩენაში დავეხმაროთ.”
„გადავიღეს” ფარგლებში წარმოდგენილი თითოეული ობიექტი ინდივიდუალიზმით, დახვეწილობით და ხარისხით გამოირჩევა. ამას კი სწორედ დაწესებულებების არჩევის კრიტერიუმები განაპირობებს.
„გადავიღე“:
„ყოველთვის გულდასმით ვარჩევთ ობიექტებს, რომლებსაც აქვთ გამორჩეული კონცეფცია, სარესტორნო სფეროში – მენიუ, ინტერიერი, მომსახურება და სთავაზობენ მომხმარებლებს განსხვავებულ გამოცდილებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტია ჩვენთვის.”
როდესაც სოციალურ მედიაში რაიმე
პროექტი ე.წ. ინფლუენსერის სტატუსს იძენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, ეთიკა და ღირებულებები, რომლითაც აუდიტორიას საკუთარ იდენტობას აცნობ.
„გადავიღე” ამ მხრივაც გამორჩეული აღმოჩნდა. დამფუძნებლებთან ინტერვიუს დროს ჩვენთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ 2022 წლის შემდეგ, რუსი მიგრანტების მიერ გახსნილ კვებისა და დასვენების ობიექტებზე „გადავიღე” რეკომენდაციას არ გასცემს.
პლატფორმის მიმართ ნდობაზე საუბრისას ირკვევა, რომ დამფუძნებლებისთვის ეს წარმატების მთავარი გასაღებიც არის და ამავდროულად – დიდი პასუხისმგებლობაც.
„გადავიღე“:
„ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე იმ ადამიანების ნდობის შენარჩუნებაა, რომლებიც ჩვენს გვერდზე აღმოჩენილ დაწესებულებებში წასვლას გადაწყვეტენ, ამისათვის დროსა და ფინანსებს გამოყოფენ. ის, რასაც ვუზიარებთ, მათ მოლოდინებს მეტწილად უნდა ამართლებდეს. პროექტზე მუშაობისას ასევე მნიშვნელოვანია კონტენტის გაზიარებას სიხშირისა და ხარისხის სტაბილურად შენარჩუნება.”
მიუხედავად იმისა, რომ „გადავიღე” კომერციული შემოსავლის მიღების მიზნით არ შექმნილა, პროექტის ვიზუალურმა, თუ შინაარსობრივმა მხარემ მალევე დააინტერესა ინდუსტრიაში არსებული ობიექტები.
„გადავიღე“:
„პლატფორმის შექმნის შემდეგ თანამშრომლობის პირველი შემოთავაზება მალევე და საკმაოდ მოულოდნელად მივიღეთ. სხვადასხვა ობიექტთან თანამშრომლობა ისევ ჩვენი პლატფორმის ზრდაში გვიწყობს ხელს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კომერციულ შემოთავაზებებზე არ ვთანხმდებით, თუ ჩვენთვის მათი სერვისი, ღირებულებები, ან ხედვა მისაღები არ აღმოჩნდება.”
ინტერვიუს დროს ბუნებრივია გაგვიჩნდა კითხვა, თუ როგორია სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები საქართველოში.
„გადავიღე“:
„ბოლო წლებში, ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარების კვალდაკვალ აშკარაა ის პროგრესი, რაც ამ სფეროს აქვს. სასტუმროებიც და რესტორნებიც უკვე იაზრებენ დამახასიათებელი კონცეფციის, ინტერიერისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელობას. თუმცა, წინსვლის მიუხედავად, ამ უკანასკნელის სტაბილურობა მაინც საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნებისა და სერვისის კუთხით.”
ჩვენთან საუბრისას „გადავიღეს” გუნდი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს, რაც პლატფორმას მეტად ინტერაქციულ შინაარსს შესძენს, ტურისტულ
საჭიროებებს მოარგებს და სამიზნე აუდიტორიას კიდევ უფრო გააფართოებს.