რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ბრენდმა SITUATIONIST-მა პარიზის ციფრული მოდის კვირეულის ფარგლებში 2021/22 წლის შემოგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. 6-წუთიანი ვიდეო სახელწოდებით Forbidden Family სვანეთში და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გამორჩეულ ადგილებშია გადაღებული. ვიზუალური ნამუშევარი გამხსნელი კადრებიდანვე განსაკუთრებული სახასიათო შტრიხებით გამოირჩევა. ქართველი მნახველისათვის ეს სახასიათო ენერგეტიკა ერთდროულად არის ახლობელიც და ახალი აღმოჩენაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თემატიკის წინ წამოწევა ქართველი დიზაინერებისაგან სრულიად მოსალოდელი ნაბიჯია, ირაკლი რუსაძემ შეძლო და მოდის ციფრული ჩვენების ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონზე საინტერესო ამბავი მოყვა, რამაც საერთაშორისო გამოცემების ყურადღებაც მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში კოლექცია, ამბის თხრობა და გარემო იმდენად ჰარმონიულად არის შერწყმული, რომ არათუ ჩრდილავს ერთმანეთს, პირიქით, ერთ საინტერესო მთლიანობას ქმნის, რომელშიც ყველა დეტალი ინტერესს იწვევს.
ვიდეოზე რამდენიმე გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ გამოაქვეყნა სტატია, ყველა მათგანში ხაზგაზმით იყო აღნიშნული და გამოკვეთილი ლოკაცია, გარემო და ირაკლი რუსაძის ორიგინალური გადაწყვეტა, რომლისთვისაც ციფრული მოდის კვირეულის ფორმატი კარგი პლატფორმა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს შექმნაზე დავით გიორგაძემ და სალომე ფოცხვერაშვილმა იმუშავეს. მხატვრული და კონცეფციური ღირებულებების გათვალისწინებით, SITUATIONIST-ის კოლექციის წარმდგენი ვიდეოს სახით, სინამდვილეში საინტერესო მულტიმედიური ნამუშევარი ვიხილეთ.
ვიდეო დინამიურად შენაცვლებადი კადრების ფონზე იხსნება, რომელზეც ჩვენთვის ნაცნობ გარემოს ვხედავთ – დათოვლილი ბუნება, ხის ქოხები, საბჭოთა არქიტექტურის ნარჩენები, ეს ყველაფერი ნიკა მაჩაიძის მუსიკის ფონზე ვითარდება. თოვლიან ბუნებაში, განსაკუთრებით ეფექტურია კოლექციის მკვეთრი ფერები, რომელიც ვიდეოს ყურებისას ერთდროულად კონტრასტისა და ერთობის განცდას ბადებს.
მოდელებთან ერთად, ჩნდებიან ქართულ ნაციონალურ სამოსში ჩაცმული მოცეკვავეები და ადგილობრივები. ამ უკანასკნელ ნიუანსს კი, ვიდეოში დოკუმენტური კინოს ელემენტები შემოაქვს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და გაბედულს ხდის ნამუშევარს. მაღალმთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი ქოხების, მიტოვებული ურბანული ელემენტებისა და საბჭოთა მოზაიკის შემდეგ, ასევე ვხედავთ საბჭოთა ესთეტიკის ინტერიერს, რომელშიც ამერიკის დროშა ჰკიდია. სწორედ ეს კადრია დასასრული ეთნოგრაფიული ხედვით შექმნილი ნამუშევრის, რომელიც კოლექციის წარმდგენად იქცა და რომლითაც ქართველმა და უცხოელმა აუდიტორიამ საინტერესო მესიჯები მიიღო.